ავტორი:

Technovation Girls Sakatvelo 2023-ის ტექნოლოგიური ბანაკი დასრულდა

Technovation Girls Sakatvelo 2023-ის ტექნოლოგიური ბანაკი დასრულდა

𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐯𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐆𝐢𝐫𝐥𝐬 Sakartvelo 𝟐𝟎𝟐𝟑-ის ფარგლებში ჩატარებული ტექნოლოგიური ბანაკი, რომელიც გოგოებისთვის ტექნოლოგიური ცოდნის გაზიარებას ემსახურება, წარმატებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ 𝗧𝗲𝗰𝗵𝗻𝗼𝘃𝗮𝘁𝗶𝗼𝗻 𝗚𝗶𝗿𝗹𝘀 საერთაშორისო პროექტია, რომელშიც უკვე 17 წელია, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგო მონაწილეობს და გულისხმობს მათ მომზადებას პროგრამირებასა და მეწარმეობაში, კონკრეტული პრობლემების გადაჭრის ტექნოლოგიური გზის საპოვნელად. 2022-2023 წელს პროგრამა საქართველოში განხორციელდა „ალტე უნივერსიტეტის“ მხარდაჭერითა და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით: TBC - თიბისი, GITA • Tech Park, ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი, Idea Design Group, Edutech, Skillwill • სქილვილ, Usaid, Edison Tech Solutions, HT Solutions, პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia, Forbes Woman Georgia, Majorel Georgia.

2023 წელს, საქართველო პროგრამის შედეგებით, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ლიდერის პოზიციას იკავებს. კერძოდ, ქვეყანამ დასრულებული პროექტების რაოდენობით, მე-10 ადგილი დაიკავა. ამასთან, საქართველოდან წარდგენილი ფარისა და ცაგერის საჯარო სკოლების გოგონებისგან შემდგარი გუნდი - TSFE Technical Support for Earth, პროექტით: Smart Light, წელს პირველად გახდა ევროპის რეგიონის გამარჯვებული.

გამარჯვებულ მოსწავლეებს პროექტის ორგანიზატორებმა და პარტნიორებმა სხვადასხვა პრიზი გადასცეს. მათ შორის ისინი „ალტე უნივერსიტეტის“ სტიპენდიითაც დაჯილდოვდნენ.

პირველ ეტაპზე, პროექტში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 500 გოგონა დარეგისტრირდა, საიდანაც ტექნოლოგიური პროექტები 249 მათგანმა შექმნა. ფინალურ ეტაპზე გასულმა 150-მა მონაწილემ კი ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით სასწავლო ბანაკებში მიიღო მონაწილეობა. ბანაკში მათ მოისმინეს „ალტე უნივერსიტეტის“ პროფესორებისა და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლების მიერ ჩატარებული საინტერესო ლექციები კლიმატის, სამედიცინო და აგროტექნოლოგიების შესახებ. ასევე, გაიარეს ელექტრონიკის, პროგრამირებისა და ხელოვნური ინტელექტის ვორქშოფები და მონაწილეობა მიიღეს სახალისო STEM თამაშებში.

პროექტში ასევე მონაწილეობას იღებდნენ Technovation Girls-ის გასული წლის ნაკადების მონაწილე გოგოებიც, რომლებიც წელს მენტორის ფუნქციასაც ასრულებდნენ.

„ალტე უნივერსიტეტის“ ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორის ნანა დიხამინჯიას შეფასებით, ასეთი პროექტების ორგანიზება გოგონებში ტექნოლოგიური პროფესიების მიმართ ინტერესის გაღრმავებისა და მათთვის ბიზნესისა თუ საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით საჭირო უნარების ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია:

„ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში გოგოები ტექნოლოგიური პროფესიებით დაინტერესებულები არიან, თუმცა მიზეზი, რის გამოც აღნიშნულ სფეროში მაინც არ გვაქვს გენდერული ბალანსი, მაინც სტერეოტიპებია. ცხადია, ტექნოლოგიების შესწავლა და ამ მიმართულების ხელშეწყობა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაში არის პირდაპირ შეტანილი წვლილი, რადგან დღეს სწორედ აღნიშნულ სფეროსთან არის დაკავშირებული უფრო დამოუკიდებელი და მაღალანაზღაურებადი პროფესიები. ამ დროს არ ხარ დამოკიდებული გეოგრაფიაზე და ინგლისური ენის ცოდნის შემთხვევაში შესაძლებელია უცხოური კომპანიებისთვის დისტანციურად მუშაობა“, - აღნიშნა ნანა დიხამინჯიამ.

მისივე თქმით, პროექტი ემსახურება არა მხოლოდ ტექნოლოგიური უნარების საბაზისო ცოდნის გადაცემას, არამედ სკოლის მოსწავლე გოგოებისთვის ისეთი გამოცდილების მიცემას, როგორიც დიდი აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის ჩატარება, გუნდურად მუშაობა, პრობლემის იდენტიფიცირება,იდეების დამუშავება და მსგავსი მიმართულებებია:

„ეს არის სწავლის პროცესი, რომელიც ამ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია. სასურველი იქნებოდა, რომ აღნიშნული კომპონენტები სკოლაში იყოს ინტეგრირებული. იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში ასე არ არის, უმაღლესი საგანმანათლებლო დააწესებულებების მიერ ამ ტიპის პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის ხიბლი არის მათ შორის ისიც, რომ გოგოეები სწავლობენ ერთმანეთთან კომუნიკაციას, ინფორმაციის მოძიებას. მენტორი პროექტში მხოლოდ პროცესების ორგანიზებისთვის ერთვება, შესაბამისად, გოგონები თავად მუშაობენ დავალებებზე. ისინი სწავლობენ თვითგანათლებასა დაინფორმაციის სწორად დამუშავებას, რაც დღევანდელ სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელმა.

ტექნოლოგიურ ბანაკში მიღებული გამოცდილების შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა ახმეტის საჯარო სკოლის მოსწავლემ თამარ ასათაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ბანაკში გატარებულ დროს „ზაფხულის საუკეთესო დღეებშიც შეიყვანდა“. იმის გამო, რომ მომავალში ასაკის გამო მონაწილეობის მიღებას ვეღარ შეძლებს, სურს პროექტს მენტორის პოზიციით დაუბრუნდეს:

„მიხარია, რომ 2023 წელს ასეთი მასშტაბური პროექტის მონაწილე ვიყავი. მახარებს ის ფაქტი, რომ საქართველო Technovation Girls-ის ნაწილია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც წლებია, ხელს უწყობენ გოგოებსტექნოლოგიური და სოციალური უნარების განვითარებაში. ახალგაზრდა გოგონებს ვურჩევ, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვან და სამომავლოდ აუცილებლად დარეგისტრირდნენ პროექტში, ბოლომდე მიჰყვნენ მას დასაკუთარი თავები გამოცადონ ტექნოლოგიების სფეროში“, - აღნიშნა პროექტის მონაწილემ ახმეტის საჯარო სკოლიდან თამარ ასათაშვილმა.

ალტე უნივერსიტეტის ამ და სხვა პროექტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, აუცილებლად ეწვიეთ მათ ოფიციალურ Facebook გვერდს:

https://www.facebook.com/alteuniversity

R