ავტორი:

პან კავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი

პან კავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი

წინანდლის ფესტივალი წელს მეხუთედ ჩატარდა და მისი წარმდგენი ტრადიციულად, კომპანია სილქნეტი იყო. 11 დღის განმავლობაში ფესტივალმა 25 კონცერტს უმასპინძლა. წინანდლის საკონცერტო დარბაზებში დღის მანძილზე რამდენიმე ღონისძიება იმართებოდა. სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, დირიჟორობდნენ მსოფლიო დონის მაესტროები და ორკესტრებთან ერთად ჯადოსნურ დღეებს ქმნიდნენ.

ფესტივალის რჩეული კონცერტები გადაიცემოდა საერთაშორისო მუსიკალურ არხზე medici.tv -ზე. ეს პლატფორმა ფესტივალის დაფუძნების დღიდან თანამშრომლობს. ღონისძიებას აშუქებდა საერთაშორისო მედია.

წელს გამორჩეული ახალგაზრდა შემსრულებლები შეკრიბა პან კავკასიურმა ორკესტრმა. 7 ქვეყნის 80-მდე მუსიკოსი საგანგებოდ შეირჩა საიუბილეო სეზონისთვის, რისი განხორციელებაც შესაძლებელი გახდა საქართველოს კულტურის სამინისტროს და ასევე, საქართველოში ნორვეგიის, შვეიცარიის და იტალიის დიპლომატიური მისიების მხარდაჭერით.

ორკესტრის წევრებს რამდენიმე კვირა ჰქონდათ, რომ 5 საკონცერტო პროგრამაზე ერთობლივად ემუშავათ. საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქმენთის, თურქეთის, უკრაინის ახალგაზრდები მუსიკამ გააერთიანა. ეს იყო ერთგვარი სამშვიდობო გზავნილი, რომელიც წინანდლიდან მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

„ფანტასტიკურ დონეზე მომზადებულები დამხვდნენ ახალგაზრდები. მათ თავდადება, მაღალი ტექნიკური შესრულება და მუსიკალურობა გამოავლინეს. ჩვენ ერთად ორი შესანიშნავი კონცერტი ჩავატარეთ. ძალიან მიყვარს ეს ფესტივალი. ვფიქრობ, რომ უდიდესი პოტენციალი დევს აქ, რომელსაც გამოვლენის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს. აქ შეიძლება შეიქმნას დიადი მუსიკა, ვირტუოზ სოლისტებთან და პან კავკასიურ ორკესტრთან ერთად“ - განაცხადა აშშ-ის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და „ციურიხის ოპერის“ მუსიკალური დირექტორმა ჯანანდრეა ნოზედამ.

წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2018 წელს დაარსდა. ფესტივალის იდეა არა მხოლოდ საქართველოში კლასიკური მუსიკის მსოფლიო და უდიდესი ვარსკვლავების ჩამოსვლას გულისხმობს, არამედ წინანდლის მამულის საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

„ჩემი აზრით, წინანდლის ფესტივალი არის მუსიკის ზეიმი, რომელიც განსაზღვრავს კლასიკური მუსიკის, როგორც ესთეტიკური მნიშვნელობის არსს და ზოგადად, ხელოვნების არსს. ეს 10 დღე თერაპიული საშუალებაა, ჰარმონიის, ხელოვნების და ადამიანის შინაგანი სამყაროს ზეიმისა. ხელოვნების ამ ზეიმში მონაწილეობენ ახალგაზრდა მუსიკოსები, რომელთათვისაც ფესტივალი არის ერთგვარი ტრამპლინი. მათ აჩვენეს ერთიანობა, შინაგანი მონდომება, მუხტი. ორ კვირაში შეძლეს ასეთი ურთულესი ნაწარმოებების მომზადება“ - აღნიშნა კულტურის კრიტიკოსმა დავით ბუხრიკიძემ.

ეს მუსიკალური პროექტი უფრო მეტია, ვიდრე ფესტივალი. ახალი თაობა ყოველწლიურად მუსიკის გარშემო ერთიანდება და ისეთ ურთულეს რეგიონში, როგორიც კავკასიაა, ჭეშმარიტ ხელოვნებას ემსახურება.

პან კავკასიური ორკესტრის წევრები ფესტივალის შესახებ:

ია კვალიაშვილი: „წინანდლის ფესტივალზე უკვე მეორედ ვარ. დამწყებ მუსიკოსებს გვეძლევა შესაძლებლობა ვიმუშაოთ პროფესიონალ და ცნობილ შემსრულებლებთან. განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ ასეთი უნიკალური ღონისძიება ჩემს ქვეყანაში ტარდება “

მარეკი კეკეკიანი: „ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. არაჩვეულებრივი გარემოა. შეგვიძლია აღმოაჩინო მუსიკის შესახებ ყველა საიდუმლო. მე მთიანი ყარაბაღიდან ვარ. ორკესტრში ჩემს ძმასთან ერთად ვუკრავ. გვეამაყება, რომ წინანდლის ფესტივალზე ჩვენ სომხეთს წარმოვადგენთ.“

ნიჟად მაჰმედოვი: „აზერბაიჯანიდან ვარ და წინანდლის ფესტივალში მონაწილეობას უკვე მესამედ ვიღებ. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ მსოფლიო დონის შემსრულებლებთან და დირიჟორებთან ერთად დავუკრათ. ასევე გვაქვს შესაძლებლობა, სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის მქონე მუსიკოსებთან ერთობლივად ვიმუშაოთ. ამ ყველაფერს ახალგაზრდებზე დადებითი გავლენა აქვს, როგორც პროფესიული, ისე პირადი განვითარებისთვის “.

წინანდლის ფესტივალი 2024 წელს, 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით მრავალფეროვანი პროგრამით დაბრუნდება. მანამდე კი, წინანდალი ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლებს: 1 მაისი ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის დაბადების დღეა (1882წ). ამ დღეს ორკესტრი ტრადიციულ კონცერტს მართავს რჩეულ ისტორიულ ადგილებში. 2024 წლის ღონისძიება წინანდალში ჩატარდება. „ევროპაკონცერტში“ მონაწილეობს იუბილარი - ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი და მსოფლიოში პირველ მევიოლინედ მიჩნეული -ლიზა ბათიაშვილი. წლის ამ მასშტაბურ მოვლენას პირდაპირ ეთერში 160 ქვეყანაში იხილავენ.

R