ავტორი:

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ სოხუმის აეროპორტის გახსნის თარიღი გამოაცხადა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ სოხუმის აეროპორტის გახსნის  თარიღი გამოაცხადა

სოხუმის აეროპორტის გახსნა 2025 წელს იგეგმება - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ტურიზმის ე.წ. მინისტრმა, თეიმურაზ ხიშბამ ყაზახეთში, ტურისტულ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

  • "2025 წელს იგეგმება აფხაზეთის პირველი "პრეზიდენტის", ვლადისლავ არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის გახსნა. დარწმუნებული ვარ, ეს გაზრდის ტურიზმის შესაძლებლობას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ტურიზმი დღეს დინამიკურად ვითარდება“, - განაცხადა ხიშბამ და დაამატა, რომ ითანამშრომლებს ყველა ქვეყანასთან, რომელიც "აფხაზეთის ღირებულებებს პატივს სცემს“.

"ჩვენ ამჟამად საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ბელარუსის რესპუბლიკასთან, გვაქვს უბაჟო ვაჭრობა და უვიზო რეჟიმი. ასევე მოუთმენლად ველით თანამშრომლობას ყაზახეთთან და სხვა ქვეყნებთან“, - აღნიშნა მან. ცნობისთვის, ზაფხულში მოსკოვმა და სოხუმმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით, საინვესტიციო პროექტს რუსეთი განახორციელებს. "დოკუმენტი" უკვე რატიფიცირებულია აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ - ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განაცხადა.

2022 წელს, რუსეთის ეკონომიკის მინისტრის აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პროექტის ინვესტორი რუსული ინდუსტრიული ჯგუფი Basic Element-ია.

აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტის ე.წ. დეპუტატის, ალხას ბარციცის განცხადებით, სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციით ორი ინვესტორია დაინტერესებული. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია არ ცნობს სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად, ვინაიდან აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგმო სოხუმის აეროპორტის რუს ინვესტორზე გადაცემა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კი განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტი საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილია.