ავტორი:

აფხაზეთის სანაპიროსთან ზღვა, სეზონის გათვალისწინებით, რეკორდულად თბილია - სპეციალისტების თქმით, ეს ვითარება საგანგაშო ვარაუდებს აჩენს

აფხაზეთის სანაპიროსთან ზღვა, სეზონის გათვალისწინებით, რეკორდულად თბილია - სპეციალისტების თქმით, ეს ვითარება საგანგაშო ვარაუდებს აჩენს

გამოცემა ekhokavkaza.com - ის ინფორმაციით, აგვისტოს ხანგრძლივი სიცხის შედეგად, აფხაზეთის სანაპიროსთან შავი ზღვის წყალი თითქმის იმავე ტემპერატურამდე თბება, რა ტემპერატურაც პლანეტის ყველაზე თბილ ზღვაში - წითელ ზღვაშია. რა თქმა უნდა, მსგავსი შემთხვევა ადრეც ყოფილა, როდესაც აგვისტოს ბოლოს წყლის ტემპერატურამ 29 გრადუსს მიაღწია, მაგრამ ეს მაქსიმუმ ორ დღეს გაგრძელებულა. ახლა კი სამი კვირაა, რაც აფხაზეთში ზღვის ტემპერატურა 29 გრადუსამდეა.

რა თქმა უნდა, მსგავსი ტემპერატურის წყალი ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში აღფრთოვანებას იწვევს, მაგრამ სპეციალისტების თქმით, ეს ვითარება საგანგაშოა. აფხაზეთის ერთ-ერთმა გარემოსდამცველმა ამ ცოტა ხნის წინ მედიაში გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერს, რომ აფხაზეთის სანაპიროსთან ზღვის ტემპერატურის მატება სამი ათეული წელია შეინიშნება, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, როდესაც რეკორდული ტემპერატურა 30 გრადუსამდე დაფიქსირდა.

სპეციალისტების თქმით, წყლის ტემპერატურა ყველა სახეობის თევზის გამრავლებისა და არსებობის მთავარი ფაქტორია და მათი რიგი კომერციული სახეობები გადაშენების საფრთხის წინაშეა. ჩნდება პათოგენური ორგანიზმები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს მათ განვითარებაზე. ზიანდება თევზის სახეობები და მოლუსკებიც. თბილ წყალში ძლიერად მრავლდება კტენოფორები, რაც უარყოფითად მოქმედებს კომერციული თევზის გამრავლებაზე, განსაკუთრებით ანჩოუსზე. ისინი ანჩოუსის ქვირითს ჭამენ, რის გამოც, ზღვაში თევზის რაოდენობა იკლებს...

გამოცემასთან ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული აფხაზი ეკოლოგი რომან დბარი ამბობს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. "დიახ, გლობალური დათბობის პროცესი აშკარაა, მაგრამ წყლის დათბობა ბევრად უფრო ინერციული და ნელია, ვიდრე ჰაერის დათბობა“, - ის არ ფიქრობს, რომ მომავალშიც გაგრძელდება იგივე პროცესი. ეკოლოგის თქმით, საზღვაო ფაუნისთვის უფრო სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ნალექების მატება, რაც იწვევს ზღვის გაუვალობას მდინარის დიდი შემოდინების გამო და წყლის გამჭვირვალობის დაქვეითებას. ამ დროს ზღვა ბინძურდება სამრეწველო ნარჩენებით, ნავთობპროდუქტებით... მან დაწვრილებით ისაუბრა კტენოფორების გამრავლების უარყოფით ფაქტორზეც.