ავტორი:

"ეს არის საბჭოთა კავშირის "ენკავედეს“ სტილი... უბრალოდ ბოდვაა" - რას აცხადებს მიხეილ ბატურინი სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით

"ეს არის საბჭოთა კავშირის "ენკავედეს“ სტილი... უბრალოდ ბოდვაა" - რას აცხადებს მიხეილ ბატურინი სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით

მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც ბატურინმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურად განაცხადა, სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია „სრული ბოდვაა“.

„ეს არის საბჭოთა კავშირის „ენკავედეს“ სტილი, როცა ე.წ. ტროიკების სასამართლოები, რასაც უნდა, ვისაც უნდა აბრალებენ. მე არ მიკვირს საქართველოში რუსეთის ადმინისტრაციისგან ასეთი ქცევები. რა სისულელეა, რა გადატრიალება, რა აფეთქება, ეს არის უბრალოდ ბოდვა, ვის ავადმყოფურ თავში დაიბადა, არ ვიცი.

ეს არის სრული ბოდვა. ალბათ, ესენი თვითონ აპირებენ პროვოკაციების მოწყობას და ბრალს დებენ მოსახლეობას. ამ მთავრობის ქცევიდან გამომდინარე ჩანს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავთ, ანტიდასავლური რიტორიკა და ანტიდასავლური ქმედებებია. როცა მთელი თავისუფალი სამყარო გამიჯნულია რუსეთისგან, რუსული აგრესიისგან, სამწუხაროდ, საქართველოში რუსეთის ადმინისტრაცია ყველანაირად ცდილობს საქართველოში რუსული პოლიტიკა გაატაროს“, - განაცხადა ბატურინმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა მას კავშირი გიორგი ლორთქიფანიძესთან და მამუკა მამულაშვილთან, ან იცნობს თუ არა საერთოდ მათ, ბატურინი ასე პასუხობს:

„გიორგი მამულაშვილთან ნაცნობობა არ მაკავშირებს, ერთხელ ვარ შეხვედრილი, ისიც შემთხვევით, ესეც ალბათ, ერთი წლის წინ ან შეიძლება, მეტიც. გია ლორთქიფანიძეს კი ბატონო, ვიცნობ, მაგრამ არანაირი ახლო ურთიერთობა არ მაქვს, ის წარმატებული ქართველია, მაგრამ ახლო ურთიერთობა არ მაქვს, უბრალოდ ერთმანეთს ვიცნობთ“, - აცხადებს ბატურინი.

ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავს, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

უწყების ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთი ავტორი საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილია.