ავტორი:

”ეს დაავადება სიცოცხლისთვის საშიშია, თან ახლავს მტანჯველი ტკივილის შეტევები" - ჭორები თუ სინამდვილე: უახლესი ცნობები კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

”ეს დაავადება სიცოცხლისთვის საშიშია, თან ახლავს მტანჯველი ტკივილის შეტევები" - ჭორები თუ სინამდვილე: უახლესი ცნობები კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მედია, პოლიტიკოსები, ანონიმური წყაროები და ტელეგრამის არხები განიხილავდნენ ჩეჩნეთის მუდმივი მეთაურის და პრეზიდენტ პუტინის "ერთგული ჯარისკაცის" რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობას. არსებობდა სხვადასხვა ვარაუდი: ზოგი ამბობდა, რომ კადიროვი საავადმყოფოშია, ზოგის თქმით კი კომაში იყო, თუმცა 17 სექტემბერს გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ კადიროვი წვიმაში სეირნობდა.

როდის დაიწყო კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჭორების გავრცელება

ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის შესახებ სპეკულაციები და ჭორები გუშინ არ გავრცელებულა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მედიაში ფართოდ განიხილებოდა. მაგალითად, წლების წინ Novaya Gazeta-ს წყაროებმა ისაუბრეს, რომ კადიროვს "სერიოზულ დაავადება ჰქონდა, რომლის მკურნალობაც რთულია და 30% შემთხვევაში მთავრდება სიკვდილით".

ამის პარალელურად, რამზან კადიროვი განაგრძობდა საზოგადოებაში გამოჩენას, აქვეყნებდა ფოტოებსა და ვიდეოებს, თუმცა ხანდახან სწრაფად იმატებდა წონაში და შემდეგ ისევე სწრაფად იკლებდა, მაგრამ ეს ფაქტი თავისთავად არ ნიშნავდა იმას, რომ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.

გასული წლის ბოლოდან ჩეჩნურმა ტელეგრამის არხებმა (ჟურნალისტმა ელენა მილაშინამ, რომელიც კარგად იცნობს ჩეჩნეთში არსებულ ვითარებას) დაიწყო ჭორების გავრცელება, რომ სიტუაცია შეიძლება იყოს კრიტიკული. ბოლო თვეების განმავლობაში დისკუსიას შეუერთდნენ უკრაინელი და რუსი ბლოგერები, ასევე უკრაინის დაზვერვა.

ამ დისკუსიის ახალი რაუნდი დაიწყო ჩეჩნური ტელეგრამის არხიდან NIYSO პოსტით - ავტორები წერდნენ, რომ კადიროვი, სავარაუდოდ, კომაში ჩავარდა. იმავე დღეს, უკრაინულმა გამოცემამ Obozrevatel-მა გამოაქვეყნა ჩეჩნურ დიასპორაზე დაყრდნობით ჩანაწერი, კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ.

შემდეგ კი "წყაროებს" შეუერთდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დეპარტამენტის წარმომადგენელი ანდრეი იუსოვი, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ჩეჩნეთის ხელმძღვანელი "მძიმე მდგომარეობაშია".

რას ამბობდნენ წყაროები

ცნობილმა ჩეჩენმა ოპოზიციონერმა და ბლოგერმა ტუმსო აბდურახმანოვმა, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, განაცხადა, რომ რამზან კადიროვს შესაძლოა თირკმლის პრობლემები ჰქონდეს, რის გამოც ჩეჩნეთის ლიდერი დიალიზზეა, რაც "არ შველის“.

"შესაძლებელია, რომ ეს მისი ბოლო დღეებია", - წერდა აბდურახმანოვი 1 ივლისს.

ამის საპასუხოდ რამზან კადიროვმა და მისმა ბიძაშვილმა, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ადამ დელიმხანოვმა ვიდეო ჩაწერეს. ჩანაწერი, რომელიც 2 ივლისს გამოქვეყნდა, აშკარად ემსახურებოდა ჭორებზე ცინიკური პასუხი გაცემას. დელიმხანოვიც, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, "მკვდარად" იყო გამოცხადებული.

ანესთეზიოლოგმა ისრაელიდან მიხაილ ფრემდერმანმა ამ ვიდეოს ნახვისას ყურადღება გაამახვილა, თუ როგორ გამოიყურება პუტინის მარჯვენა ხელი. მისი თქმით, ეტყობოდა ინექციების კვალი და ის სულ მცირე, ხანგრძლივ ინტრავენურ თერაპიაზე იყო. ეს არ არის დიაგნოზი, მაგრამ მტკიცებულებაა იმისა, რომ კადიროვი შეიძლება უკიდურესად ცუდად იყოს“, - განუცხადა მან BBC-ს.

ყველაზე პოპულარული ვერსია ჭორებს შორის გახლდათ თირკმელების პრობლემა. რადიოსადგურ "ეხო მოსკოვის" ყოფილი მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი (გამოცხადებულია უცხოელ აგენტად რუსეთში) ირწმუნებოდა, რომ კადიროვი ახლა მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოშია.

"ტიპური მძიმე თირკმლის უკმარისობა აქვს. ამიტომ აუცილებელია ხშირი ჰემოდიალიზი. ის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოშია (რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო)“, - წერდა ვენედიქტოვი.

რა ვიცით სინამდვილეში?

წელს კადიროვი ოფიციალურად სამჯერ წავიდა შვებულებაში: იანვარში, აპრილში (რამაზანის დროს) და ივლისში. შვებულების დასრულების თარიღი არ იყო მითითებული.

21 თებერვალს რამზან კადიროვი არ გამოჩენილა ვლადიმერ პუტინის მიმართვისას მოსკოვში, რამაც ჟურნალისტები გააოცა. და 3 მარტს პუტინი მოულოდნელად "არაოფიციალურად" შეხვდა კადიროვის შვილს, მაშინ 17 წლის ახმატს და მიულოცა მომავალი ქორწინება - ახმატ კადიროვი პრეზიდენტთან შეხვედრიდან მეორე დღეს დაქორწინდა.

ამის შემდეგ ბლოგერებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ეს შეხვედრა სავსე იყო სიმბოლიზმით: ის ძალიან მოგვაგონებდა 2004 წელს, როდესაც რამზან კადიროვი კრემლში მამის მკვლელობის შემდეგ მივიდა. ამ შეხვედრიდან დაიწყო კადიროვის, როგორც პოლიტიკოსის ეპოქა.

რამზან კადიროვის (და განსაკუთრებით უფროსმა, ახმატმა) შვილებმა ამ ბოლო დროს უფრო ხშირად დაიწყეს გამოჩენა ოფიციალურ ღონისძიებებზე, მაგრამ სერიოზულად არავის სჯერა, რომ მოზარდი მამის სიკვდილის შემთხვევაში, რესპუბლიკის ხელმძღვანელის როლს მოირგებს.

კონკრეტულად რა ხდება კადიროვის გარშემო?

რუსი ჟურნალისტი ელენა მილაშინა, რომელსაც აქვს, ალბათ, ყველაზე სანდო ინფორმაცია, თავის წყაროებზე დაყრდნობით წერდა: ”ეს დაავადება სიცოცხლისთვის საშიშია, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სხვა ორგანოების, პირველ რიგში, თირკმელებისა და ფილტვების უკმარისობა. ამ დაავადებას თან ახლავს მტანჯველი ტკივილის შეტევები, რის გამოც ადამიანი ვერ იძინებს. ძლიერი ტკივილგამაყუჩებლებიც კი, რომლებსაც ჩვეულებრივ უნიშნავენ კიბოს ტერმინალურ პაციენტებს, არ შველის“.

17 სექტემბერს ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რამზან კადიროვი პარკში სეირნობს.

"ყველას, ვინც სიმართლესა და სიცრუეს ვერ არჩევს, ვურჩევ, გაისეირნოს სუფთა ჰაერზე, დაალაგოს აზრები, წვიმა ძალიან კარგად მოქმედებს“, - ამბობს ჩეჩნეთის ლიდერი.

ვიდეოში წვიმიანი ამინდი შეესაბამება გროზნოს პროგნოზს - დაახლოებით 16 გრადუსი და ნალექი. სააგენტოები ვარაუდობენ, რომ ჩანაწერში ნაჩვენებია გროზნოში ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რეზიდენციის მსგავსი შენობა.

წყარო