ავტორი:

ფარცხალაძის სკანდალური ცხოვრება - პოლიტიკური თამაშები, 3 ქორწინება, შთამბეჭდავი ქონება და სანქციების ფონზე ფოტო იბიციდან

ფარცხალაძის სკანდალური ცხოვრება - პოლიტიკური თამაშები, 3 ქორწინება, შთამბეჭდავი ქონება და სანქციების ფონზე ფოტო იბიციდან

ხუთი დღეა, რაც ქართულ მედიაში ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის გარშემო ატეხილი სკანდალი გრძელდება. ის პირველი ქართველი მილიონერია, რომლის წინააღმდეგაც აშშ-მა სანქციები დააწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, მას ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებენ, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (ეფ-ეს-ბე) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.

ამავდროულად, გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძე ეფ-ეს-ბესთან კავშირებით პირად სარგებელს იღებდა.

ამის გარდა, სანქციები რუსეთში დაფუძნებულ მენეჯმენტის საკონსულტაციო ორ კომპანიაზეც გავრცელდა, რომელთა 50% ფარცხალაძეს ეკუთვნის: LLC Moscow Business Brokerage და LLC International Business Corporation.

საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით კი, ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეუზღუდეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ ეროვნულ ბანკში განუცხადეს, სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.

  • ფარცხალაძის სკანდალებით სავსე გზა

ოთარ ფარცხალაძე 2008 წლამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, გარდა ამისა, იყო საქართველოს პარლამენტის ენერგეტიკის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი. ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე 2013 წლის 7 ნოემბერს დაინიშნა და 30 დეკემბერს გადადგა. 53 დღე თანამდებობაზე მისთვის პოლიტიკურად საბედისწერო აღმოჩნდა, რადგან მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ წლების წინ ის გერმანიაში ბოტასების ქურდობის გამო, ყაჩაღობის მუხლით იყო ნასამართლევი. გადადგომის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში წერდა, რომ გერმანიაში სამართალდამცველებთან ინცინდენტი ნამდვილად შეემთხვა, თუმცა ის სხვაში აერიათ.

ყოფილ შსს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესთან ერთად

2017 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფარცხალაძემ იმჟამინდელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია სცემა. დაზარალებული აცხადებდა, რომ მას კლუბ "ელ ცენტროში" თავს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაესხა და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. ფარცხალაძის მხარე კი ამტკიცებდა, რომ კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც თორდია კლუბში შეხვედრისას ფარცხალაძეს არ მიესალმა.

2018 წელს "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი გაიტაცა, სარდაფში ჩაკეტა და ანგარიშსწორებით დაემუქრა. საქმე ბიზნესდავას შეეხებოდა.

პანდემიის პერიოდში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოთარ ფარცხალაძეზე განაცხადა, რომ ავტომობილით გადაადგილების აკრძალვის პირობებში, ყოფილი პროკურორი რუსთაველის გამზირზე მანქანით მოძრაობისას შენიშნეს და დააჯარიმეს. სწორედ მაშინ გამოიყენა გახარიამ ცნობილი ფრაზა "ჯიგრულ პონტში...“

"ფარცხალაძე იყო დაჯარიმებული, მე, "ჯიგრულ პონტში" არ ვუშვებ საშვებს, ჩემთვის მსგავსი ქმედებები უკიდურესად მიუღებელი და ამორალურია, ჩემს ფასეულობებს ეწინააღმდეგება", - თქვა გახარიამ.

ფარცხალაძის ბიოგრაფიაში კიდევ ერთი საინტერესო დეტალია. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ფარცხალაძე 15 წლის შევიდა და 19 წლისამ დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი, რაც არარეალისტურად გამოიყურებოდა. თანაგუნდელებმა ეს იმით ახსნეს, რომ იგი სკოლაში "გადაახტუნეს“.

ფარცხალაძის სახელი ფიგურირებდა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, იმ დროისთვის პატიმრობაში მყოფი, ვანო მერაბიშვილის საკნიდან უკანონოდ გაყვანის საქმეშიც.

  • ფარცხალაძის ქონება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2018 წლის ანგარიშის თანახმად, თანამდებობის დატოვების შემდეგ ფარცხალაძისა და მისი მეუღლის ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

"თუკი თანამდებობაზე ყოფნისას მისი ოჯახი 226 კვ.მ საერთო ფართის 2 უძრავ ქონებას ფლობდა, 2018 წლის ბოლოს 7,900 კვ.მ ფართობის 24-მდე უძრავი ქონების მეპატრონე გახდა“, - წერია ანგარიშში.

ამჟამად ფარცხალაძე თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ადგილას, წყნეთში, "კაკლების უბანში“ ცხოვრობს და პირადი დაცვა ემსახურება.

  • ოჯახი და მესამე ქორწინება მინისტრობიდან წასვლის შემდეგ

2018 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფარცხალაძე მესამედ დაქორწინდა. მისი მეუღლე ეკა ჩხიკვიშვილია. წყვილი მანამდე ერთი წელია ერთად ცხოვრობდა.

პირველ მეუღლესთან, ნინო ასათიანთან, ორი შვილი ჰყავს, ქალ - ვაჟი. თანამდებობაზე ყოფნის დროს ორჯერ შევსებულ დეკლარაციაში მეორე მეუღლე ქეთევან ცქვიტინიძე ჰყავს მითითებული, რომელიც დეკლარაციის მიხედვით კომპანია "რაკიინ დეველოპმენტის“ პიარმენეჯერია. მეორე ქორწინებაში ფარცხალაძეს ერთი შვილი, დათა ფარცხალაძე ჰყავს.

ქეთევან ცქვიტინიძე

მესამე ქორწილში ფარცხალაძის მეჯვარე ცნობილი ქართველი ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე "ზარალა“ გახლდათ.

წლების წინ ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ფარცხალაძე მისი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის მეგობარია და ასევე ყოფილ პრემიერს მის ოჯახთან ნათელ-მირონობა აკავშირებდა.

“ფარცხალაძეს ხშირად ნამდვილად ვერ ვხვდები, ის ჩემი მეგობარი არაა, როგორც მე ვიცი, ჩემი ბერა გახლავთ მაგის შვილიშვილის ნათლია”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 2016 წელს.

ბერა ივანიშვილი ფარცხალაძის უმცროს ვაჟთან ერთად
  • რას ამბობს ოთარ ფარცხალაძე მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე

ერთადერთი კომენტარი ამ თემაზე რაც მედიაში იძებნება, "რუსთავი 2-მა“ გამოაქვეყნა. როგორც მათ განაცხადეს, ფარცხალაძემ მათ ექსკლუზიურად მიაწოდა ტექსტი, სადაც ექსპროკურორი წერს, რომ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები "კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ამ ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა“.

ფარცხალაძე ირწმუნება, რომ მის "ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და იურიდიულ შესაძლებლობას“ გამოიყენებს, რათა დაამტკიცოს, რომ "გადაწყვეტილება არა ფაქტებზე, არამედ კონკრეტული ინტერესების მქონე სუბიექტების ცილისმწამებლურ კამპანიაზეა დაფუძნებული“.

ერთ-ერთი ბოლო პოსტი კი რომელიც ფარცხალაძის მეუღლემ დასანქცირების დღეებში სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, იბიცადან არის. ფოტოს "რადიო თავისუფლება" აქვეყნებს.