შონ პენი ჟურნალ People-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მას ახალი მისია აქვს: შეახსენოს ყველას, რომ უკრაინაში ისევ ომია. მსახიობი ამბობს, რომ ეს ფაქტი ბევრმა დაივიწყა და იმედი აქვს, თავისი დოკუმენტური ფილმით ამერიკელ პოლიტიკოსებს მაინც "გადაიბირებს" და აქტიურად ჩაერთვებიან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად."დაფიქრდით, უკვე ორი წელია, ეს ხდება. ნამდვილი ჯოჯოხეთია“,- ამბობს ის უკრაინაში მიმდინარე ომზე.
შონ პენის დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით "Superpower" მალე გამოვა. ფილმში ნაჩვენები იქნება, როგორ იცავდა უკრაინელი ხალხი დამოუკიდებლობას რუსეთის შეჭრის ფონზე.

დოკუმენტური ფილმის გადაღება შონ პენმა 2021 წელს დაიწყო. თავდაპირველად, ის ვოლოდიმირ ზელენსკიზე ბიოგრაფიული ფილმის გადაღებას გეგმავდა. შონს სურდა მოეყოლა, თუ როგორ გახდა კომიკოსი მსახიობი პრეზიდენტი, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ გადაღებების გეზი შეიცვალა. ახლა შონ პენს ყველაზე მეტად ის სურს, რომ თავისი ფილმით ამერიკელ ხალხს და პოლიტიკოსებს თვალი აუხილოს და რაღაც შეცვალოს.
"იმის წყალობით, რომ უკრაინაში ჩავედი და გადავიღე, რეალურად რა ხდება, ახლა საშუალება გვეძლევა ვნახოთ, თუ რა გავლენას ახდენს ეს ომი ჩვენზე და დანარჩენ მსოფლიოზე. თუ შანსს არ გამოვიყენებთ და მხარს არ დავუჭერთ მათ (უკრაინელების) თავისუფლებას, თავდაცვას და ტერიტორიულ მთლიანობას, ამა თუ იმ გზით მაინც მოგვიწევს ამ ომში ჩართვა",- ასკვნის მსახიობი.

"ხშირად, ადამიანები ჩემს საქველმოქმედო საქმიანობაზე თავისებურად ლაპარაკობენ, ისე, რომ არც კი იციან რეალურად რა მოხდა. ახლა გადავწყვიტე ვურჩიო, თავი ჩემს ზურგჩანთაში წარმოიდგინონ, ჩემთან ერთად წავიდნენ უკრაინაში და ნახონ, რა სიტუაციაა. სწორედ ამის გაკეთება მინდა ახალი ფილმით - ხალხს იმ ნიუსების კონტექსტი მივცე, რომლებსაც გაზეთებში კითხულობენ ან ტელევიზორში ისმენენ",- ამბობს შონ პენი.
ის ჰყვება, რომ ფილმის გადაღებების დროს, უკრაინა და უკრაინელი ხალხი შეუყვარდა: "ლამაზი ადგილია. უნდა გვახსოვდეს, რომ ომის დაწყებამდე 3 დღით ადრე ისინიც ჩვენსავით იყვნენ: დადიოდნენ კინოთეატრებში და იმავე ფილმებს უყურებდნენ, რომელსაც ჩვენ ვუყურებდით."

პენი ამბობს, რომ განსაკუთრებით აღფრთოვანდა პრეზიდენტი ზელენსკით, რომელმაც კრიზისის დროს, გადაღებებზე წვდომა მისცა: "ზელენსკი მსოფლიოს პოლიტიკურ დინამიკას ძალიან სწრაფად უღებს ალღოს. ის მოწოდებით მეთაურია და ადამიანებზე საოცარი შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია. მე არ მაქვს ასეთი ნიჭი. აგრეთვე, მას ძალიან კარგად ეხერხება კომუნიკაცია და რთულ პერიოდებშიც ახერხებს სიმშვიდის შენარჩუნებას",- შონმა ბოლოს დასძინა, რომ ზელენსკის ისიც კარგად ესმის, რა გავლენას ახდენს უკრაინის ომი გლობალურ ეკონომიკაზე.
პენს იმედი აქვს, რომ მაყურებლის ინფორმირების გარდა, ფილმი მათზე გარკვეულწილად, გავლენასაც მოახდენს: "მე შემიძლია ტურის გიდი ვიყო და ვფიქრობ, რომ ამისთვის სწორი ადამიანი ვარ, რადგან კრიტიკულ სიტუაციაში მყოფი ადამიანებისთვის საკმაოდ სანდო ვარ."
შონ პენს თავად არ სურს პოლიტიკაში წასვლა (ამბობს, რომ ამას ურჩევნია ნაწლავის კიბომ მოკლას), თუმცა იმედოვნებს, რომ "Superpower" ამერიკელ პოლიტიკოსებზე გავლენას მოახდენს და ომში უკრაინის დასახმარებლად უფრო აქტიურად ჩაერთვებიან: "დარწმუნებული ვარ, თუ ამ საქმეში ჩავერთვებით და ისტორიაში მართალი მხარის მხარდაჭერით შევალთ, ყველანი ვიამაყებთ საკუთარი თავით. ასე აუცილებლად აღვიდგენთ დაკარგულ რეპუტაციას", - ამბობს ის.
წყარო: people
მოამზადა: ანა სიბოშვილმა