ავტორი:

"თუ ვითარება აფეთქდა, რუსეთ-უკრაინის ომზე არანაკლებ მასშტაბს მიიღებს... ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სომხეთს ირანი დაეხმარება" - ჩვენს მეზობლებს შორის დიდი ომის საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება

"თუ ვითარება აფეთქდა, რუსეთ-უკრაინის ომზე არანაკლებ მასშტაბს მიიღებს... ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სომხეთს ირანი დაეხმარება" -  ჩვენს მეზობლებს შორის დიდი ომის საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება

სულ უფრო შემაშფოთებელი ინფორმაციები მოდის სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ფაქტობრივად, ყარაბაღის მესამე ომის პირას დგანან.

ამ ცოტა ხნის წინ, აზერბაიჯანმა ყარაბაღში, ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყება გამოაცხადა.

"დაიწყო ადგილობრივი ანტიტერორისტული მოქმედებები სამმხრივი განცხადების დებულებების უზრუნველსაყოფად, ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღსაკვეთად, სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების ჩვენი ტერიტორიებიდან განიარაღებისა და გაყვანის, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალების მიზნით, ასევე ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობის მშვიდობის, სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოებში ჩართული მშვიდობიანი მოსახლეობის და ჩვენი სამხედრო პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად“, - განაცხადეს ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებების ფარგლებში, ხორციელდება სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების საცეცხლე წერტილების, აგრეთვე საბრძოლო აქტივებისა და სამხედრო ობიექტების მწყობრიდან გამოყვანა მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით.

"ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები სამიზნეს არ წარმოადგენს. ხდება მხოლოდ სამხედრო სამიზნეების მწყობრიდან გამოყვანა“, - აცხადებენ უწყებაში.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს სომხური მხარე, რომლის თანახმადაც სწორედ მშვიდობიანი მოსახლეობა იბომბება სტეფანაკერტში. ამ ინფორმაციას სომხური მედია არაღიარებული ყარაბაღის ე.წ.ეროვნული ასამბლეის წევრზე, მეტაქსე აკობიანზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ომი. ბავშვები სკოლაში. დაბომბვა უკვე ნახევარი საათია გრძელდება. არ არის კავშირი. სკოლებიდან ბავშვების გასაყვანი მანქანები არ არის“, - განაცხადა აკობიანმა.

  • როგორც ვითარდებოდა პროცესები?

1-ლ სექტემბერს აზერბაიჯანულმა და სომხურმა მხარეებმა ერთმანეთი ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულეს. სომხების თქმით, აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. ხოლო აზერბაიჯანელთა განცხადებით, 3 აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

სროლა შემდგომ დღეებშიც გაგრძელდა. ამასთანავე, სომხური მხარის განცხადებით, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის გასწვრივ და ასევე ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია ხდებოდა. ეს მონაცემები დასტურდება სხვადასხვა "ტელეგრამარხებითა" და სოციალური ქსელებით გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალებით. კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ზრდას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც ადასტურებდა.

ამასობაში სომხეთის საექსპერტო და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები ახალი შეიარაღებული დაპირისპირების გაზრდილ რისკებზე ალაპარაკდნენ. პარალელურად, სომხეთის მხრიდან იზრდება კრიტიკა მოსკოვის მიმართაც, უსაფრთხოების გარანტის როლის არასათანადო შესრულების გამო.

ანტიტერორისტული ოპერაციის გამოცხადებამდე, ბაქომ გაავრცელა ინფორმაცია აზერბაიჯანის შსს-ს 4 თანამშრომლის ნაღმზე აფეთქების შედეგად დაღუპვის თაობაზე. აზერბაიჯანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ნაღმი დადებული იყო "სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების მიერ აზერბაიჯანის ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში ტერორისტული მიზნით".

  • ლაჩინის დერეფანი და კრიზისი ყარაბაღში

აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის გადაკეტვა აშკარად მიანიშნებდა იმაზე, რომ ეს ქვეყანა ცდილობს საბოლოოდ გადაწყვიტოს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.

თავიდან დერეფნის ბლოკირებას ე.წ. გარემოს დამცველთა ჯგუფები ახდენდნენ, რომლებიც ყარაბაღში ბუნებრივი რესურსების უკანონოდ მოპოვებასა და გამოყენებას აპროტესტებდნენ. ცხადია ამ აქციის უკან აზერბაიჯანის ხელისუფლება იდგა.

ა.წ. აპრილის ბოლოს აზერბაიჯანმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი შექმნა ლაჩინის დერეფანში, რითაც კიდევ უფრო მეტად, ამჯერად ოფიციალურად გაიმყარა კონტროლი მასზე. შედეგად მკვეთრად შეიზღუდა სომხეთიდან ყარაბაღში საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების შეტანა, გაჩნდა დეფიციტი და შეიქმნა ჰუმანიტარული კრიზისი.

ბაქოში აცხადებდნენ, რომ ყარაბაღის მომარაგება აზერბაიჯანიდან უნდა განხორციელებულიყო, რაც ამ რეგიონის აზერბაიჯანში ხელახალ ინტეგრაციას შეუწყობდა ხელს, რასაც არც ყარაბაღის სომხური მოსახლეობა და არც ოფიციალური ერევანი არ იზიარებდა. რუსეთიც უარყოფითად აფასებდა აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკირებას, მაგრამ ქმედითი ნაბიჯები ამის საწინააღმდეგოდ არ გადაუდგამს, რის გამოც უკმაყოფილებას სომხური მხარე მუდმივად გამოხატავდა.

9 სექტემბერს ყარაბაღის მთავრობა დათანხმდა რუსეთიდან გამოგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი მიეღო აზერბაიჯანული აგდამის მხრიდან, ჩრდილოეთიდან და არა სომხეთიდან მომავალი ლაჩინის გზით, სამხრეთიდან.

ზეწოლის სხვადასხვა ბერკეტების გამოყენების პარალელურად, აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები თავიანთ განცხადებებში დროდადრო ახსენებენ, რომ აზერბაიჯანს შესწევს ძალა მორიგი სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს ყარაბაღში და ასე გადაწყვიტოს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა.

  • რას ამბობენ საქართველოში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ომის საფრთხეზე?

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი:

"აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს, რომ განაახლოს 3 წლის წინ შეჩერებული წარმატებული საბრძოლო მოქმედებები, რათა საბოლოოდ დაამყაროს თავისი დე ფაქტო იურისდიქცია მთელს ყარაბაღზე და ერთხელ და სამუდამოდ მოუკლას სომხებს, ყარაბაღის სახით "მეორე სომხეთის“ შექმნის ისტორიული ოცნება. ბოლო დღეებში ვრცელდებოდა ბევრი ვიდეოკადრი, რომლებზეც ასახული იყო აზერბაიჯანის არმიის კუთვნილი სამხედრო ტექნიკის, მათ შორის ტანკებისა და საარტილერიო დანადგარების ყარაბაღის მისადგომებთან გადასროლის პროცესი. სხვათა შორის, აზერბაიჯანულ ტექნიკაზე დახატულია ლათინური ასოები, დაახლოებით ისე, როგორც 2022 წლის 24 თებერვლამდე ამას რუსეთის არმია უკრაინაში შეჭრის წინ აკეთებდა, რაც შეიძლება ერთგვარი ფსიქოლოგიური ზემოქმედებაც იყოს სომეხი სამხედროების მიმართ. ასევე, აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანული სამხედრო ტექნიკის კონცეტრირება არა მარტო ყარაბაღის, არამედ სომხეთის საზღვრის გაყოლებითაც მიმდინარეობს, რაც აღძრავს ეჭვს, რომ ახალი ომის დაწყების შემთხვევაში, საბრძოლო მოქმედებები არა მარტო ყარაბაღში გაიმართება, არამედ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზეც, რაც ამ ორ ჩვენს მეზობელ ქვეყანას შორის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების საფრთხეზეც მიუთითებს.

სომხეთ-აზერბაიჯანის დიდი ომის დაწყების შემთხვევაში, ბაქო თავიდანვე დიდ უპირატესობას შეიძენს თურქეთის მხარდაჭერითა და რუსეთის სომხეთისგან დისტანცირების ფონზე, თუმცა ღიად რჩება ირანის სომხეთისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა. ვრცელდება ინფორმაცია ირანის არმიის მიერ სამხედრო ტექნიკის სომხეთის საზღვრის მიმართულებით გადაადგილების შესახებ. თეირანის მიერ ერევნისთვის ღია სამხედრო დახმარების აღმოჩენა გამორიცხული ნამდვილად არ არის, რაც უცილობლად უბიძგებს თურქეთს ჯარები შეიყვანოს აზერბაიჯანის ნახიჩევანში. მოკლედ, სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში, ყარაბაღის ბოლო, 2020 წლის სექტემბერ-ნოემბრის ომიდან 3 წლისთავზე, უკიდურესად დაძაბულია და თუ აქ ვითარება აფეთქდა, რუსეთ-უკრაინის ომზე არანაკლებ მასშტაბებს მიიღებს, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სომხეთს გვერდში იგივე ირანი ამოუდგება, ვინაიდან ერთი-ერთზე ბრძოლაში, სომხები სასტიკად დამარცხდებიან აზერბაიჯანელებთან.

ფაშინიანს ნამდვილად სურს ყველანაირად აიცილოს ახალი ომი აზერბაიჯანთან და ბევრ დათმობაზეც წამსვლელია, თვით ყარაბაღის აზერბაიჯანის სახელმწიფოში ცნობის ჩათვლით, მაგრამ მოსკოვის მიერ მართული ყარაბაღელი სომხები ფაშინიანის ხელისუფლებას, ფაქტობრივად, აღარ ემორჩილებიან, უფრო მეტიც, სწორედ "ყარაბაღის კლანის“ - ქოჩარიანისა და სარქსიანის დუეტის გამოყენებით პუტინი ეცდება დასავლეთისკენ გადახრილი ფაშინიანის ხელისუფლების დამხობას ერევანში სამხედრო ამბოხის ორგანიზებით.

გარდა ამისა, კრემლის გაღიზიანებას იწვევს 11 სექტემბერს, სომხეთის რესპუბლიკაში დაწყებული ერთობლივი სომხურ-ამერიკული სამხედრო სწავლება, რომელიც 20 სექტემბრამდე გასტანს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოკრძალებული მასშტაბის ერთობლივი სწავლება დიდად არაფრით გამოირჩევა და ის საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის ტაქტიკის დახვეწაზეა გათვლილი, მან წარმოუდგენელი ვნებათაღელვა გამოიწვია რუსეთის ხელისუფლებაში და რუსეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში. აშკარაა, რომ პუტინი აღარც მალავს ფაშინიანის ხელისუფლების სასწრაფო შეცვლის სურვილს, პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი გამალებული ეძებს უსაფრთხოების ახალ გარანტებს უკვე ევროპასა და აშშ-ში, მაგრამ ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია. ამასობაში, სავარაუდოდ, თავად კრემლი ეცდება სამხედრო გადატრიალების ან სულაც ფიზიკური ლიკვიდაციის შედეგად დაამხოს ფაშინიანის ხელისუფლება“.

ექსპერტთა თქმით, რეგიონში თუ ასეთი მასშტაბის დაპირისპირება დაიწყო, რომელშიც ჩართულნი იქნებიან მსხვილი მოთამაშეები, საქართველოზეც აუცილებლად გადატყდება ჯოხი, მაგრამ ეს რა ფორმით მოხდება, რთული სათქმელია. იმედი ვიქონიოთ, რომ სამხრეთ კავკასია აფეთქებას გადარჩება...