ავტორი:

"ზოგჯერ კაჭისთან ერთად შეხვედრებზე დავდივარ და შესაბამისი პროტოკოლით უნდა გამოვიყურებოდე... სამსახურებშიც კლასიკურად მიწევს ჩაცმა" - ქეთი ხატიაშვილი სტილსა და წარმატების "საიდუმლოზე"

"ზოგჯერ კაჭისთან ერთად შეხვედრებზე დავდივარ და შესაბამისი პროტოკოლით უნდა გამოვიყურებოდე... სამსახურებშიც კლასიკურად მიწევს ჩაცმა" - ქეთი ხატიაშვილი სტილსა და წარმატების "საიდუმლოზე"

ტელესახე, პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებული, ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი ბავშვობიდან შრომისმოყვარე და მიზანდასახული იყო. 4 წლისამ დაიწყო ტანვარჯიშზე სიარული და იმდენად შეუყვარდა ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში სიხარულით მიდიოდა. ინტენსიურმა ვარჯიშებმა, ბუნებრივმა მონაცემებმა წარმატება მალე მოუტანა. 4 წლისა უკვე საქართველოს ჩემპიონი იყო.

აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ საყვარელი საქმე სხვაგვარად გააგრძელა. დააარსა ტანვარჯიშის აკადემია, სადაც უამრავი პატარა გოგონა ვარჯიშობს. ჯანმრთელი ცხოვრების წესი, მომხიბლავი გარეგნობა და პროფესიონალიზმი ტელეწამყვანს ბევრისგან გამოარჩევს.

ქეთი ხატიაშვილს ჟურნალი "სარკე" ესაუბრა:

- ქეთი, თქვენ ყოველთვის პირველობისთვის იბრძვით, პროექტს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გაიმარჯვეთ და ბინა დაიმსახურეთ, პირველობა ყველას სურს, მაგრამ შრომა ნაკლებად...

- 13-14 წლის ვიყავი როცა მოსკოვის ოლიმპიურ თამაშების შესარჩევი ტური გავიარე, გავედი და დამნიშნეს ხელფასი 150 ლარი. შემდეგ ეს ხელფასი ნელ-ნელა გაიზარდა. ასე, რომ ბავშვობიდან მივხვდი, რომ შეიძლება შენი შრომით, ვარჯიშით მიაღწიო წარმატებას, დაგიფასდეს, მიიღო ანაზღაურება და გაიგო, რა შეიძლება მოგიტანოს მიზნისკენ სვლამ.

თავი არ დამიზოგავს, რომ გამარჯვება მომეპოვებინა. საერთოდ შრომა არასოდეს მეზარებოდა. ყოველთვის ვმუშაობდი. როცა სპორტს თავი დავანებე, რა საქმეც გამომიჩნდებოდა არაფერს ვთაკილობდი. პრომო გოგონადაც მიმუშავია, ფლაერებსაც ვარიგებდი, დღეში 15 ლარს მიხდიდნენ, მერე ფიტნესინსტრუქტორადაც ვიმუშავე, შემდეგ პროექტში გავიმარჯვე, ვიყავი იმედის დილის გადაცემაში და ახლა ჩემი სპორტული გადაცემა მაქვს.

- არც ისე მარტივი იქნებოდა აკადემიის გახსნა, ბიუროკრატიული საფეხურების გავლა, ფინანსების მოპოვება, შესაბამისი სივრცის მოწყობა და ა.შ...

- დიად, ბევრი წინაღობა იყო, თუმცა ბავშვობიდან მიჩვეული ვარ შრომას. ვიცი რომ არ უნდა გავჩერდე და ნებისმიერი წინაღობის გადალახვა შემიძლია, მთავარია მონდომება. გამოსავალს ყოველთვის ვპოულობდი. რა ფინანსებიც მქონდა იმით დავიწყე, პატარა დარბაზით და სამი ხალიჩით. ნელ-ნელა გავფართოვდით. დღეს რამდენიმე ფილიალი მაქვს და გამართულად ვმუშაობ.

- ვისაუბროთ თქვენი მომხიბვლელობის "საიდუმლოებებზე", როგორია თქვენი ჩაცმის სტილი, სად იძენთ სამოსს?

- პირველ რიგში კომფორტულად უნდა მეცვას. თუ კომფორტულად ვერ ვგრძნობ თავს, ვერც ვმუშაობ და დასვენებასაც ვერ ვირგებ. სამსახურები ისეთი მაქვს მინდა, არ მინდა, კლასიკურად ჩაცმა მიწევს. ზოგჯერ კაჭისთან (დავით კაჭარავა) ერთად შეხვედრებზე დავდივარ და შესაბამისი პროტოკოლით უნდა გამოვიყურებოდე. ძალიან მიყვარს ბრენდული სამოსი, თუმცა ქართველის დიზაინერების შექმნილიც შემიძენია და ვინტაჟურ, ე.წ. მეორად მაღაზიებშიც დავდივარ. მთავარია კარგი ხარისხის იყოს, მომეწონოს და მოვირგო. შოპინგი დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

- ვიცი რომ პირად ცხოვრებაზე არ საუბრობთ, მაგრამ მაინც გკითხავთ, ამ ეტაპზე ბედნიერი ხართ?

- პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არის და ეს ჩემს განწყობაზეც აისახება. სატელევიზიო სეზონით ამაღლებული განწყობით გავხსენი და სასწავლო წელიც.

წყარო