ავტორი:

"საერთაშორისო არხები თუ გადაიკეტა, ეს მომენტალურად კუპონის პერიოდში დაგვაბრუნებს... ფარცხალაძეს ყველაფერი გასდის. რატომ?.." - რა შეიძლება მოჰყვეს სებ - ის გადაწყვეტილებას?

"საერთაშორისო არხები თუ გადაიკეტა, ეს მომენტალურად კუპონის პერიოდში დაგვაბრუნებს... ფარცხალაძეს ყველაფერი გასდის. რატომ?.." - რა შეიძლება მოჰყვეს სებ - ის გადაწყვეტილებას?

19 სექტემბერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საგამონაკლისო ბრძანება გამოსცა და ქართული ბანკებისთვის სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა. ეროვნული ბანკის განმარტებით, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ "საქართველო არასდროს იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად" და იქვე აღნიშნა, რომ ოთარ ფარცხალაძის შემთხვევა საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესების "პირველი პრეცედენტია". შეგახსენებთ, მანამდე ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სანქცირების ფარგლებში ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშები გაუყინა.

"საქართველოს ფინანსურ სექტორს დაევალა, გაითვალისწინოს აშშ-ს ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ (OFAC) სანქციადაკისრებულ პირთა სიაში (SDN list) შეყვანილი პირების მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება, რაც გულისხმობს სანქცირებული პირების მიერ აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვას“, - აცხადებდნენ 18 სექტემებრს სებ-ში, სადაც ეს გადაწყვეტილება მეორე დღეს შეცვალეს, რასაც წინ უძღოდა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვა საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგებოდა. მისივე მტკიცებით, ირღვეოდა უდანაშაულობის პრეზუმპციის პრინციპიც.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები 14 სექტემბერს დაუწესა. აშშ-ის მთავრობის ცნობით, ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა "საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ“.

20 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ნათია თურნავამ განმარტა, რატომ მიიღო ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისის დაშვების გადაწყვეტილება და შესაბამისად, რატომ შეუჩერა ეროვნულმა ბანკმა თავდაპირველად, ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა. მისი თქმით, აქამდე სანქციების აღსრულება მოქმედი წესის მიხედვით, ავტომატურად ხდებოდა და ეროვნული ბანკის მხრიდან ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება საჭირო არ იყო. საქართველოს მოქალაქის დასანქცირების პირველი პრეცედენტის შემდეგ კი დაისვა საკითხი, რამდენად შეესაბამება უპირობო აღსრულება კონსტიტუციას.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის ორმა ვიცეპრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა დატოვა თანამდებობები. დღესვე საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის შემდეგ, ლიბერთი, პროკრედიტი, ტერა და ბაზის ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ.

რა საფრთხის წინაშე აყენებს სებ-ის გადაწყვეტილება საქართველოს საფინანსო სექტორს, მეანაბრეებსა და ზოგადად - ქვეყანას, ამაზე ambebi.ge- სთან საერთაშორისო და ეკონომიკური ექსპერტები საუბრობენ:

გიორგი კეპულაძე, "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი:

"ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება იყო აშკარად უპასუხისმგებლო, არასწორი და ქვეყნის ეკონომიკისთვის საფრთხის შემცველი. ამას შეუძლია გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი ქართული საბანკო სექტორისთვის. სამწუხაროდ, სებ-მა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არ იყო განპირობებული ფინანსური, ან ეკონომიკური მიზნებით, პირიქით, ფინანსურად ამან სერიოზული რისკის საფრთხე გააჩინა. თუმცა, საბედნიეროდ, დღეს ორმა დიდმა კომერციულმა ბანკმა გააკეთა განცხადება (იმედია, სხვებიც შეუერთდებიან), რომ ისინი მაინც გააგრძელებენ საერთაშორისო სანქციების რეჟიმით მოქმედებას და ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი და ფინანსური სისტემის კოლაფსის საფრთხე არ არსებობს.

თუ პირობითად, მინიმუმ რომელიმე კომერციული ბანკი არ შეასრულებს ამერიკულ სანქციას, შემდეგ უკვე ამერიკის სახელმწიფოს და ხაზინას აქვს უფლება იმოქმედოს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის და იმ კონკრეტულ კომერციულ ბანკს, საიდანაც პირობითად განხორციელდა რაღაც ტრანზაქცია, (საერთაშორისო ტრანზაქციებზე ლაპარაკიც არ არის, ფარცხალაძე დოლარის გადარიცხვას ფიზიკურად ვეღარ შეძლებს, მოუწევს მისი ფულის რუბლებში კონვერტაცია რუსულ ბანკებში), არ არის გამორიცხული, ამ ბანკს შეექმნას პრობლემა, თუმცა ორი დიდი ბანკი, რომელიც ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე, რა თქმა უნდა, ვერ გარისკავდა ვერც საკუთარ რეპუტაციას, ვერც საკუთარ ბიზნესს და ვერც ქვეყნის ეკონომიკას იმისთვის, რომ არ შეესრულებინათ ეს სანქცია (მიუხედავად იმისა, რომ სებ-მა მიიღო ასეთი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება).

ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა ეს საფრთხე გააჩინა სებ-ის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებამ. ქვეყანაში გყავს ორი დიდი ბანკი, რომელიც საერთაშორისო ბირჟაზე ივაჭრება და მათ ასეთ მდგომარეობაში როგორ აყენებ?!. წარმოიდგინეთ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე რა დამოკიდებულება აქვთ ისეთი კომერციული ბანკების მიმართ, რომელიც აშშ-ს ან ევროკავშირის სანქციებს არ ასრულებს.

თურნავას ამ გადაწყვეტილებამ, რა თქმა უნდა, გარკვეული რისკები გააჩინა, თუმცა ვფიქრობ, ბანკების მხრიდან რეაგირება დროული იყო, მათ დაინახეს იმის საფრთხე, რომ მოქალაქეები შესაძლოა პანიკაში ჩავარდნილიყვნენ, კაპიტალის გადინება დაწყებულიყო, რაც, რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქეს შეუქმნიდა პრობლემას. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ეს არ იყო იმდენად ოთარ ფარცხალაძის დასაცავად გაკეთებული, ვინაიდან ის მოასწრებდა ფულის ე.წ. გაქეშებას, ეს უფრო ალბათ არის სამომავლოდ პრევენციული ნაბიჯი - არავინ გამორიცხავს იმას, რომ ნებისმიერ დროს გავიგოთ კიდევ ერთი ქართველი მსხვილი ოლიგარქის, ან პოლიტიკური ხელმძღვანელის დასანქცირების ამბავი, შესაბამისად, ისინი ცდილობენ, დაამშვიდონ საკუთარი თანაგუნდელები, რომ არ დაზარალდებიან. თუმცა სებ-ი პირველი იყო, რომელმაც თქვა, ჩვენ ყველა საფინანსო და საერთაშორისო სანქციას ვუერთდებითო, მაგრამ, სამწუხაროდ, როდესაც საქმე მიდგა მმართველი ძალის პოლიტიკურ ინტერესებზე, გააკეთეს ის, რაც არ უნდა გაეკეთებინა დამოუკიდებელ ინსტიტუციას, რომლის დამოუკიდებლობაც კონსტიტუციით არის გაწერილი. სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ის, რომ 10 წლის შემდეგ ეს ინსტიტუტიც ჯიბეში ჩაედო.

ჩვენი სავალუტო რეზერვის ნაწილი, რაც დოლარში გვაქვს, აშშ-ში ინახება და რა თქმა უნდა, მას შეიძლება საფრთხე დაემუქროს. უბრალოდ, წარმოუდგენელია, საქართველოს ტიპის პატარა ქვეყანამ წინააღმდეგობა გაუწიოს საერთაშორისო სანქციებს. რუსეთი რომ რუსეთია, უზარმაზარი აქტივები, რაც მას დოლარში და ევროში ჰქონდა, დაუყადაღა და გააჩერა ევროკავშირმა და აშშ-მ. სულელი და გიჟი არავინაა, ამერიკის ხაზინის წინააღმდეგ წავიდეს, ეს არის უბრალოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც კომერციული ბანკებისთვის შეიძლება მოჰყოლოდა ძალიან ცუდი შედეგები. ამ ეტაპზე საფრთხე გააჩინა სებ-ის გადაწყვეტილებამ და პირველ რიგში, ამაზე უნდა ეფიქრათ და არა საკუთარი თანაგუნდელების კეთილდღეობაზე - ესაა მნიშვნელოვანი. ეროვნული ბანკი იმისთვის არ არსებობს, რომელიმე მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესები გაატაროს, ის არსებობს იმისთვის, რომ კონსტიტუციით და კანონით მინიჭებული უფლებები განახორციელოს და არ შეუქმნას პრობლემა ქართულ საბანკო სექტორს და ქართულ ეკონომიკას. დარწმუნებული ვარ, აშშ-ს ძალიან მყარი მტკიცებულებები აქვს იმ ნაბიჯისთვის, რასაც დგამს, რადგან, ჩვენგან განსხვავებით, იმ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო არსებობს.“

ლია მუხაშავრია, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი:

"რას ვიფიქრებდი, ნათია თურნავა თუ სილას გააწნიდა ამერიკას... ეს უპრეცედენტო ამბავია. ქალბატონი ნათია კარგად ერკვევა, ვინ ვინ არის მსოფლიოში, მაგრამ ეტყობა, მისთვის ივანიშვილი უფრო ანგარიშგასაწევი აღმოჩნდა. ეროვნული ბანკი ისეთი დამოუკიდებელია, როგორც არავინ ამ ქვეყანაზე იმიტომ, რომ მისი დამოუკიდებლობა ორგანული კანონით არის განმტკიცებული და მთელი მექანიზმებია, რომ მისი საბჭოს წევრები იყვნენ დამოუკიდებლები იმიტომ, რომ ის არის ქვეყნის ფინანსური საძირკველი. ეს საძირკველი ასე როგორ შეირყა? თუმცა საქართველოში ჩვენ ისეთი რყევების მომსწრე ვართ, ყველაფერი რომ მოფამფალდეს, ეტყობა, არ უნდა გაგვიკვირდეს, ამასაც გვაჩვევენ. თურნავას ნაბიჯი უეჭველი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ძალიან ბევრი არაკვალიფიციური და გაუნათლებელი უმაღლესი პოლიტიკური და პროფესიული თანამდებობის პირი გვყავს, მაგრამ თურნავაზე ამას ვერავინ იტყვის. მიუხედავად მისი განათლებისა და კვალიფიკაციისა, ეს გადაწყვეტილება აშკარად პოლიტიკურიც არა, ვიტყოდი - თავხედურია იმიტომ, რომ მან ყველაზე უკეთ იცის სანქციების სისტემა რისთვისაა და რას ემსახურება. სანქციას რომ შტატებში ფარცხალაძის პასუხისგებაში მიცემა არ მოჰყვება, თურნავამ ესეც იცის და საქართველოშიც რომ არ მოჰყვება, ეს ბავშვმაც იცის.

დღეს ისეთი გეოპოლიტიკური ვითარება შეიქმნა, რომ ჩვენ მართლა გვიპირებენ ევროკავშირში გაწევრებას, ეს გადაწყვეტილია. ახლა აქეთა მხარე, პერსონალურად ბატონი ბიძინა ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს, რომ ეგება ეს არ მოხდეს. ასეთი ნაბიჯები სხვანაირად ვერ აიხსნება, ამას პოლიტიკური გადაწყვეტილებაც არ ჰქვია. ვფიქრობ, ივანიშვილი მაქსიმალურად თავხედ ნაბიჯებს ბედავს იმისთვის, რომ სტატუსი არ მოგვცენ. ის თავისი ვიწრო ჭორვილური მდგომარეობიდან ცდილობს ითამაშოს დიდი პოლიტიკა და ეს რომ ასე არ ხდება, მან ეტყობა არ იცის, ვინაიდან რუსეთში ამას ვერ დაინახავ.

სამყარო ისე არაა მოწყობილი, როგორც მას ჰგონია. როგორც გრავიტაციის უარყოფა არ მოგვცემს შესაძლებლობას ფრთები გავშალოთ და გავფრინდეთ, ისე ეს ნაბიჯები ვერ შეცვლის იმ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რაც არსებობს. ღარიბაშვილის გამოხტომები, ახლა თურნავას თავხედობა, პარლამენტის უმსგავსობა - ევროკავშირს რომ თვალში ნაცარს აყრიან და უმტკიცებენ, 12-ვე პუნქტი შევასრულეთო და ევროკომისარზე რომ იტყვი, არითმეტიკა ისწავლოსო, ეს არაფერში ჯდება. ამ გადაწყვეტილებით არ მგონია, ამერიკამ სებ-ი დაასანქციროს, საერთაშორისო საბანკო არხები თუ გადაიკეტა, ეს საერთოდ, მომენტალურად კუპონის პერიოდში დაგვაბრუნებს.

აქ სამართლებრივი და პოლიტიკური ანალიზი ძალიან ირონიულია, ეს არის ძალიან ვიწროპროვინციული ამბავი, აქ სამართალს და პოლიტიკას არაფერი ესაქმება, არაფერში ჯდება.

ახლა მაინც ხომ ყველა დარწმუნდა, რომ ლუსტრაციის კანონი უსაშველოდ გვჭირდება? ჩვენს თვალწინ კი ხდება ყველაფრის ლუსტრირება, მაგრამ იმისთვის, რომ ფარცხალაძისნაირი ადამიანები არ იყვნენ ისეთ მაღალ თანამდებობებზე, როგორიც გენპროკურორია, მინისტრია და ა.შ. უნდა მივიღოთ ეს კანონი. ამით საჯარო სამსახური ხომ გაიწმინდება, მაგრამ იმდენი ვაკანსია გაჩნდება, ისინი რომ შევკვეცოთ, სკანდინავიურ ქვეყნებზე უფრო მცირე მთავარობა დაგვრჩება, სამთავრობო ხარჯები უცებ დაპატარავდება და წარმოიდგინეთ, სხვა უკეთესი საქმის დასაწყებად რამხელა ფული გაჩნდება ქვეყანაში? ეს საკმაოდ ძნელად გასატანი საკითხია, მაგრამ ფარცხალაძის პრეცედენტი ყველასთვის სააშკარაოს ხდის, რომ ლუსტრაციის გარეშე არაფერი გვეშველება. მისი საქმე ამერიკამ გამოიძია და გაცილებით კვალიფიციურებმა სააგენტოებმა თქვეს, რომ ეს კაცი არის აგენტი, ვნახეთ ისიც, რომ მან პრეზიდენტის აპარატის გვერდის ავლით შეინარჩუნა საქართველოს მოქალაქეობა. ის, რომ ფარცხალაძე ახერხებს და 2021 წლის მერე იღებს რუსეთის მოქალაქობას, ჩვენამდე ამის შესახებ ინფორმაცია არ მოდის იმიტომ, რომ ავტომატურად არ დაკარგოს საქართველოს მოქალაქობა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტიც კი ვერ აახერხებს ამ ინფორმაციის მოპოვებას, ე.ი. ხომ წარმოგიდგენიათ, დღესაც რა გავლენის მქონეა? მე რომ ვიყო პრეზიდენტის ადგილზე, მას მომენტალურად გავუუქმებდი საქართველოს მოქალაქეობას, რატომ ელოდება იუსტიციის სამინისტროს დასკვნას, ჟურნალისტების დადებული დოკუმენტაცია რატომ არაა საკმარისი? მედიის მასალებს ევროსასამართლოში თუ პირდაპირი მტკიცების ძალა აქვს, საქართველოს პრეზიდენტისთვის რატომ არ აქვს? არც ახლაა გვიან, თუმცა ეჭვი მაქვს, ფარცხალაძეს იქაც აქვს გავლენები. კაცს 700 მილიონის მოპარვა ბრალდებოდა და ვითომც არაფერი, ახლა ეს 700 მილიონი ჰქონია სადღაც ბანკში და ეროვნული ბანკი არ უყინავს ანგარიშებს, გამოდის, ჯეიმს ბონდზე უარესია. ფარცხალაძე უფრო თანამედროვე ჯაყოა, რომელსაც ყველაფერი გასდის. რატომ - ეს ყველაფერიც გამოსაკვლევია..."