ავტორი:

ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოქალაქეები.

ისინი აპროტესტებენ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, აშშ-ს მიერ სანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგა.

ეროვნულ ბანკთან საპატრულო პოლიციას გაკეთებული აქვს ცოცხალი ჯაჭვი, რომლის მიღმაც მოქალაქეების გადაადგილების უფლება არ აქვთ.

აქციაზე იმყოფება, მათ შორის პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე. მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების გამო უნდა გადადგეს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, „რადგან იმას, რაც მან ჩაიდინა, არავითარი გამართლება არ აქვს“. გოცირიძის თქმით, პერსონალური სანქციები უნდა დაუწესდეს, როგორც ნათია თურნავას, ასევე იმ ადამიანებს, რომლებმაც მას დააძალეს გადაწყვეტილების მიღება, რათა ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომა აღედგინა.

"იშლება ეროვნული ბანკის საბჭო. რამდენიმე წამყვანმა პირმა უარი განაცხადა ამ მარიონეტულ მმართველობასთან თანამშრომლობაზე. ისინი არიან ყველაზე მნიშვნელოვანი პირები. არჩილ მესტვირიშვილი, რომელიც მაკროეკონომიკურ და მონეტარულ სფეროს განაგებს, მეორე პირი კი, უშუალოდ პასუხისმგებელია ბანკებსა და საბანკო ზედამხედველობაზე. სწორედ მის გარეშე მიიღო ნათია თურნავამ გადაწყვეტილება. სხვა თანამშრომლებიც მიდიან. ამიტომ, ამ ვითარებაში, როდესაც დაინგრა ქვეყნის საფინანსო სისტემის საერთაშორისო რეპუტაცია და არავინ იცის, ამას რა შეიძლება მოჰყვეს, რათა საფრთხის ქვეშ არ დადგეს თითოეული ჩვენგანის დანაზოგები, პენსიონერების საპენსიო ანგარიშები და ა.შ. დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს ნათია თურნავა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.