ავტორი:

"ერთ მუშტად შეკრულები ვიბრძოლებთ, პასუხი უნდა აგოს ყველამ" - აქცია პარლამენტთან: პროტესტის მონაწილეები ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

"ერთ მუშტად შეკრულები ვიბრძოლებთ, პასუხი უნდა აგოს ყველამ" - აქცია პარლამენტთან: პროტესტის მონაწილეები ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქცია მიმდინარეობს. აქციაზე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აუცილებელია თანამდებობა დატოვოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ქვეყნის ღირსების შემლახავი გადაწყვეტილების მიღებაში მიიღო მონაწილეობა.

"ყველა ერთად, ერთ მუშტად შეკრულები ვიბრძოლებთ, პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს. ეს არის ეროვნული ღირსების წინააღმდეგ მოქმედება. მათ უნდა დატოვონ თანამდებობა და მე ძალიან მოხარული ვარ და ბენიერი ვარ, რომ აღმოჩნდნენ ღირსეული ადამიანები, რომლებმაც უკვე დატოვეს თანამდებობები და დარწმუნებული ვარ, რომ მათი რიცხვი გაიზრდება. ბევრი ადამიანი არ შეეგუება რუსებთან ასეთ მჭიდრო ურთიერთობას", - განაცხადა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.