პოლიტიკურ ორიენტაცია არეულ ოროსან დეპუტატებს უნდა ახსოვდეთ, რომ საქართველოში აღარასოდეს დაბრუნდება სამოქალაქო დაპირისპირების დრო, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, "დამნაშავეები კანონის წინაშე პასუხს აგებენ“.
"პოლიტიკოსის” მიერ იარაღის შესაძლო გამოყენების პირდაპირი თუ ირიბი მუქარა უდიდესი მავნებლობაა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ! “ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობა” რომ პოლიტიკური ჯართის დაჟანგებული საწყობია დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს 21-ე საუკუნის პავლიკ მოროზოვებმა.
პოლიტიკურ ორიენტაცია არეულ ოროსან დეპუტატებს უნდა ახსოვდეთ, რომ საქართველოში აღარასოდეს დაბრუნდება სამოქალაქო დაპირისპირების დრო და დამნაშავეები კანონის წინაშე აგებენ პასუხს!“, - წერს ბრეგაძე "ფეისბუქზე“.
ცნობისთვის, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს საზოგადოებას რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ სამოქმედო გეგმა უნდა ჩამოყალიბდეს.
"ჩხუბი კი არა, იარაღზე არ დაუხევია უკან ჩვენს არცერთ თანამემამულეს, არცერთ ნაბიჯზე უკან არ დავიხევთ - სადაც იქნება შეხების წერტილი, იქ მიიღებენ პასუხს ეს ლუსტრირებული რუსი ჯაშუშები, რომლებიც "ქართულ ოცნებაში“ არიან. "ქართული ოცნების“, მთელი სისტემის რღვევა დაწყებულია. ჩვენ გამარჯვების გოლს აუცილებლად გავიტანთ, პატრიოტები ვართ აქეთ, იქით არიან რუსი ჯაშუშები. წინ! არცერთი ნაბიჯი უკან - ვიბრძოლოთ ბოლომდე. დღეს ლაჩრულად გაიქცნენ. ერთადერთი უკან მოპარვა იციან ხოლმე, უკან მოპარულებმაც საკადრისი პასუხი მიიღეს, უფრო მეტ პასუხს მიიღებენ. არცერთი ნაბიჯი უკან!“, - განაცხადა ვაშაძემ.