ეროვნული ბანკის საბჭოს არსებულ ორ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია.
ნანა ყეინიშვილის კანდიდატურას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო თეიმურაზ ხომერიკს უმრავლესობის 82-მა წევრმა.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ორმა კომიტეტმა კანდიდატურების არჩევის საკითხი დღევანდელ სხდომაზე განიხილა და პარლამენტს უარყოფითი დასკვნა წარუდგინა. საკომიტეტო განხილვას თავად კანდიდატები არ ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭოში 9 წევრის ნაცვლად, მხოლოდ 7 წევრია. მათგან სამმა - საბჭოს ვიცე-პრეზიდენტებმა საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. პაპუნა ლეჟავას, არჩილ მესტვირიშვილისა და ნიკოლოზ გაგუას გადადგომაზე ინფორმაცია ბიურომ ცნობად დღევანდელ სხდომაზე მიიღო. კანონის გათვალისწინებით, ისინი საბჭოს წევრობას ორ თვეში - 21 ნოემბრიდან დატოვებენ. საბჭოს კიდევ ერთ წევრს დეკემბერში უფლებამოსილების ვადა ეწურება.