ავტორი:

"თავდასხმის მოტივად შურისძიებაა მითითებული" - ვინ არის სტუ-ს პროფესორის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 23 წლის ახალგაზრდა და რას ჰყვება მისი ადვოკატი?

"თავდასხმის მოტივად შურისძიებაა მითითებული" - ვინ არის სტუ-ს პროფესორის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 23 წლის ახალგაზრდა და რას ჰყვება მისი ადვოკატი?

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, 65 წლის ოთარ გელაშვილი, რომელსაც დაახლოებით, თვენახევრის წინ, ფიზიკურად გაუსწორდნენ, გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ოთარ გელაშვილი შემთხვევის დღეს, რუსთავი-გაჩიანის ტერიტორიაზე უგონო მდგომარეობაში, საკუთარ ავტომანქანასთან იპოვეს. ის ჯერ რუსთავის კლინიკაში, შემდეგ კი თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა, მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, ის გუშინ, 20 სექტემბერს გარდაიცვალა.

მომხდარიდან მალევე, სამართალდამცავებმა ერთი პირი, 23 წლის სარქარ ჰუსეინოვი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დაკავებულის ადვოკატი, ზაზა ნაჭყებია აცხადებს, თავდასხმაში კიდევ ერთმა შესაძლო მონაწილემ საქართველოს ტერიტორია დატოვა.

ნაჭყებიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გარდაცვლილს არ იცნობდა და ის მხოლოდ ირიბი ჩვენებების საფუძველზე დააკავეს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ამ ადამიანთან არანაირი შეხება არ მქონია, არც ცოცხალი, არც დაზიანებული არ მინახავსო. იმ დღეს, შემთხვევის ადგილს არც გავკარებივარო. ის რაღაც ირიბი ჩვენებების საფუძველზეა დაკავებული, შემთხვევიდან 3-4 დღის თავზე. სოფელში ვიღაცამ თქვა, რომ კულუმ ბაირამოვმა და სარქარ ჰუსეინოვმა ვიღაც მამაკაცი სცემეს, ეს რამდენიმემ გაიმეორა. საქმეზე რამდენიმე ექსპერტიზაა დანიშნული, რითაც გაირკვევა მტყუანიც და მართალიც. დაკავებულია მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სარქარ ჰუსიენოვი, მას ბრალი წარდგენილი აქვს ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, მაშინ როცა მას ბრალი წარუდგინეს, სასიკვდილო შედეგი დამდგარი არ იყო. სავარაუდოდ, მუხლი განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობით გადაკვალიფიცირდება. მეორე პირმა საქართველოს ფარგლები დატოვა, თურქეთში გაემგზავრა.

დაზარალებული თავდასხმის დღიდან გარდაცვალებამდე, თითქმის, თვენახევრის განმავლობაში კომაში, უგონო მდგომარეობაში იყო. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა არსებობს, რომ მას თავის ტვინის დაბეჟილობა, ფუძის მოტეხილობა ჰქონდა, აბსოლუტურად უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა“, - განაცხადა ნაჭყებიამ.

ადვოკატის განმარტებით, ბრალში თავდასხმის მოტივად შურისძიებაა მითითებული.

არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ოთარ გელაშვილის აკადემიურ საქმიანობას არ უკავშირდება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე ერთი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალი შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს.