21 სექტემბერს უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ პოლონურ ხელისუფლებასთან თავის ხორბლის ტრანზიტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ხორბალი ხმამაღალი პოლიტიკური კონფლიქტის მიზეზი იყო. ომის გამო უკრაინა თავის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობებში შეზღუდულია. პოლონეთი კი, სადაც 15 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩაივლის, თავისი ფერმერების ინტერესს იცავს.
21 სექტემბერს დილით უკრაინის სოფლის მეურნეობის საიტზე გაჩნდა პრესრელიზი, სადაც ეწერა, რომ უკრაინის მინისტრ ნიკოლაი სოლსკისა და მის პოლონელ კოლეგას რობერტ ტელუსის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. რელიზი საკმაოდ თავშეკავებული ფორმულირებით არის შედგენილი და მოკლედ წერია, რომ "მხარეებმა დაადასტურეს მჭიდრო და კონსტრუქციული ურთიერთობა“. ასევე დაადასტურეს, რომ მოლაპარაკებები ევროკავშირში უკრაინული ხორბლის ექსპორტის მიმართულებითაც გაგრძელდებოდა.
ამ შეკავებული ფორმულირებებით - მცდელობაა, რომ უკრაინისა და პოლონეთის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული კონფლიქტი მოგვარდეს. ომის დაწყებიდან აგრარული უკრაინა მკვეთრად შეიზღუდა საკუთარი პროდუქტის ექსპორტით. ომის გამო იმ დერეფნებზე, რომლებიც უკრაინასა და ევროკავშირს აკავშირებს, დატვირთვა ძალიან გაიზარდა. ამან კი პოლონელი, უნგრელი და სლოვაკელი ფერმერების ხორბლის ფასი დაწია.
შედეგად, ჯერ ფერმერების პროტესტი დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მთავრობამ მათ მხარი დაუჭირა - 2023 წლის 16 აპრილიდან უკრაინული ხორბლის ევროკავშირში იმპორტი აკრძალული იყო, ეს ინიციატივა კი უკრაინის მეზობლებს ეკუთვნოდათ. ევროკომისიამ განაცხადა, რომ 15 სექტემბრიდან აკრძალვა აღარ გაგრძელდებოდა, მაგრამ პოლონეთის ხელისუფლებამ მაინც უარი თქვა უკრაინული ხორბლის იმპორტზე.
უპასუხოდ არც უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი დარჩა, რომლის გამოსვლა რამდენიმე საათში დაიწყო: "სამწუხაროა იმის ნახვა, რომ ევროპაში ზოგიერთი პოლიტიკურ თეატრს დგამს და ხორბლისგან თრეილერს ქმნის. თითქოს ისინი საკუთარ როლს თამაშობენ, მაგრამ ისინი მოსკოველი მსახიობისთვის სცენის მომზადებაში იღებენ მონაწილეობას“. საბოლოოდ ამ განცხადებებს პოლონეთის პრემიერის მატეუშ მორავეცკის განცხადება მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ პოლონეთი უკრაინის შეიარაღებას წყვეტს. პრემიერმა აღნიშნული გადაწყვეტილება იმით გაამართლა, რომ პოლონეთიც ამ მომენტისთვის საკუთარი შეიარაღების გადაიარაღებით არის დაკავებული.
თუმცა მოგვიანებით, მორავეცკიმ განცხადება შეარბილა და დაამატა, რომ ვარშავა არ აპირებს უკრაინის უსაფრთხოების შესუსტებას. ხოლო პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა პეტრ მიულერმა აღნიშნა, რომ პოლონეთი იარაღის მიწოდებას ძველი კონტრაქტების მიხედვით ისევ აგრძელებს.
უკრაინელი პოლიტიკოსების თქმით, სიტუაციას პოლონეთში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები ართულებს. არჩევნები 2023 წლის 15 ოქტომბერს არის დაგეგმილი. გამოკითხვების მიხედვით, მმართველი პარტიის "უფლება და სამართლიანობის“ რეიტინგი 38%-ია, ხოლო „ოპოზიციური „სამოქალაქო პლატფორმის“ რეიტინგი 29%-ს შეადგენს.
პოლონეთის სოფლის მეურნეობაში მოსახლეობის 12%-ია დაკავებული. ტრადიციულად, ისინი აქტიური ამომრჩევლები არიან. მიმდინარე წლის საარჩევნო რბოლა მაღალ კონკურენტიანია, არჩევნების შედეგებს ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილება შეუძლიათ.
უკრაინელი პოლიტოლოგი და ექსპერტი კიევისა და ვარშავის ურთიერთობებში სტანისლავ ჟელიხოვსკი აცხადებს, რომ ქვეყნებს შორის კონფლიქტით მოსკოვი დარჩება მოგებული.
"თუკი ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბება, ყველაზე მეტად ჩვენ (უკრაინელებს) გაგვიჭირდება, რუსეთთან ბრძოლის კონტექსტში. მაგრამ ეს პოლონეთსაც არ უნდა აწყობდეს, რომელიც რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული შეტევებით იტანჯება. უკრაინის გარეშე კი მშვიდობიანი მომავალი არ ექნება. რაც ხდება მხოლოდ კრემლს აწყობს“.
მოამზადა ანრი კურტანიძემ