უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა. შეხვედრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მადლიერია, "რუსეთის ტერორთან ბრძოლაში აშშ-ის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის".
მისი თქმით, ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს.
"დღეს ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან შედეგებს. შევთანხმდით, რომ შევიმუშავებთ რამდენიმე სტრატეგიულ გადაწყვეტილებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი ახალი აგრესია უკრაინისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ კოლეგას უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებისთვის. "ეს არის ძალიან ძლიერი პაკეტი. ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა ჩვენს ჯარისკაცებს სჭირდებათ", - განაცხადა ზელენსკიმ.
"აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, Abrams-ის ამერიკული ტანკების პირველი პარტია უკრაინაში მომავალ კვირას ჩავა", - ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც მოიცავს უფრო მეტ არტილერიას, საბრძოლო მასალას და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს.
"დღეს მე დავამტკიცე აშშ-ის უსაფრთხოების დახმარების შემდეგი ტრანში უკრაინაში, მათ შორის მეტი არტილერია, მეტი საბრძოლო მასალა, მეტი ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და მომავალ კვირას პირველი ამერიკული Abrams-ის ტანკები გადაეცემა უკრაინას. ჩვენ ასევე ორიენტირებული ვართ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა დავიცვათ კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს სითბოს და სინათლეს წლის ყველაზე ცივ და ბნელ დღეებში", - აღნიშნა ბაიდენმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა შეერთებულ შტატებთან ერთად თანამედროვე იარაღის, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების, წარმოებას დაიწყებს.
"გრძელვადიანი შეთანხმება - ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რომ უკრაინამ ამერიკასთან ერთად აწარმოოს საჭირო იარაღი. ეს არის ჩვენი ერთიანობის ახალი დონე. თავდაცვის ინდუსტრიაში ერთობლივი წარმოება შეერთებულ შტატებთან ისტორიული რამ არის", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ამას გლობალური მასშტაბით დადებითი შედეგები ექნება. "ჩვენ ვემზადებით შეერთებულ შტატებთან ერთად იარაღის წარმოებისთვის ახალი თავდაცვის ეკოსისტემის შესაქმნელად, რათა ერთად კიდევ უფრო გავაძლიეროთ თავისუფლება და სიცოცხლის დაცვა. ამას ექნება გლობალური დადებითი შედეგები", - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.