ავტორი:

"მე წარმოვადგენ საქართველოს - ძლიერ ერს,  რომელიც აფასებს თავისუფლებას, ეთაყვანება თავის მდიდარ მემკვიდრეობას და ისწრაფვის პროგრესისკენ" - ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს 78-ე სესიაზე

"მე წარმოვადგენ საქართველოს - ძლიერ ერს,  რომელიც აფასებს თავისუფლებას, ეთაყვანება თავის მდიდარ მემკვიდრეობას და ისწრაფვის პროგრესისკენ" - ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს 78-ე სესიაზე

მე წარმოვადგენ საქართველოს - ძლიერ ერს, რომელიც აფასებს თავისუფლებას, ეთაყვანება თავის მდიდარ მემკვიდრეობას და ისწრაფვის პროგრესისკენ მუდმივად ცვალებად გეოპოლიტიკურ ვითარებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ 2008 წელს განიცადა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია და აგრძელებს მის დესტრუქციულ შედეგებთან გამკლავებას.

"ბატონო პრეზიდენტო, ბატონო გენერალურო მდივანო, ძვირფასო კოლეგებო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ მივმართავდე გაეროს გენერალურ ასამბლეას.

მე წარმოვადგენ საქართველოს - ძლიერ ერს, რომელიც აფასებს თავისუფლებას, ეთაყვანება თავის მდიდარ მემკვიდრეობას და ისწრაფვის პროგრესისკენ მუდმივად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში.

როგორც მოგეხსენებათ, ჩემმა ქვეყანამ 2008 წელს განიცადა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია და აგრძელებს მის დესტრუქციულ შედეგებთან გამკლავებას. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია და ასიათასობით ადამიანი სახლებიდან იძულებით არიან გადასახლებულნი.

თავდაჯერებით ვაცხადებ, რომ მიუხედავად გამოვლილი განსაცდელისა, არ შეგვიფერხებია ჩვენი ამბიციების განხორციელება. ჩვენ საქართველო გადავაქციეთ დინამიკურად განვითარებად საზოგადოებად, რომელიც სრულად არის ერთგული გაეროს წესდებაში გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების რეალიზაციის იდეისადმი", - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვანი ზრდა მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა.

"ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვანი ზრდა ჩემი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა. 2012 წლიდან ის ერთ სულ მოსახლეზე თითქმის გაორმაგდა. ვიმედოვნებთ, რომ ეს პოზიტიური ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. გარდა ამისა, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც თითქმის 90 პროცენტიანი ზრდაა 2012 წელთან შედარებით. უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულ მინიმუმზეა.

"World Justice" პროექტის 2022 წლის კანონის უზენაესობის ინდექსით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში პირველ ადგილს იკავებს. "Fraser Institute"-ის 2022 წლის ანგარიშის - "მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება" - მიხედვით, საქართველო ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა 15 სახელმწიფოს შორის, ხოლო "Heritage Foundation"-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველო 21-ე ადგილს იკავებს ევროპაში 2023 წლის მდგომარეობით და ევროკავშირის 11 წევრ სახელმწიფოს უსწრებს. "NUMBEO Crime Index"-ი საქართველოს 2023 წელს ასახელებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად, რადგან გლობალურ ჭრილში მე-18 ადგილზე, ხოლო ევროპის მასშტაბით მე-8 ადგილზე ვართ", - განაცხადა პრემიერმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

"მსურს ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატო ჩვენი ღრმა მადლიერება საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მშვიდობიანი არსებობის უზრუნველსაყოფად მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, დაარწმუნოს რუსეთის ფედერაცია, ჩაერთოს „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში" და განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება", - განაცხადა პრემიერმა.

როოგრც მან აღნიშნა, ე.წ. „ასოცირებული ტრიოს" ქვეყნებს შორის ლიდერის რანგში, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დაიმსახურა.

"ველით, რომ საქართველოს თვალსაჩინო შედეგები და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტი სამართლიანად შეფასდება. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ერთადერთი გზაა!

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მინდა ხაზი გავუსვა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და გაეროს წესდებაში ასახული ფუნდამენტური პრინციპების მნიშვნელობას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობა აგრძელებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას უკლებლივ ყველა ქართველის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

„ჩვენი პრაგმატული საგარეო პოლიტიკის შედეგად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდა. ვაგრძელებთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას უკლებლივ ყველა ქართველის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს ზედიზედ ორი წლის განმავლობაში, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი 10 პროცენტს აღემატება 2021 და 2022 წლებში. ეს პოზიტიური ზრდის ტენდენცია გაგრძელდა 2023 წელსაც და საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 7 პროცენტს მიაღწია", - განაცხადა პრემიერმა.