ავტორი:

რატომ დააპაუზა პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა - "ქართული ოცნება“ თავისივე მიღებული წესის მძევალი ხდება"

რატომ დააპაუზა პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა - "ქართული ოცნება“ თავისივე მიღებული წესის მძევალი ხდება"

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიაჩნია. განცხადების თანახმად, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება, შესაბამისად, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს როგორც საქართველოს მოქალაქე.

"ისმის კითხვა: პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ რატომ არ შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს? ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე”, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, 19 სექტემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს. 20 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა და შესაბამისი დასკვნა საქართველოს პრეზიდენტთან გადააგზავნა.

  • ამ ფაქტს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, ამასთან, ჩნდება კითხვები, რატომ არ ჩქარობს და რატომ დააპაუზა პრეზიდენტმა ეფ-ეს-ბეს აგენტად შერაცხული ყოფილი გენპროკურორისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის გადაწყვეტილება, ან რა დისკომფორტს შეუქმნის ოთარ ფარცხალაძეს სტატუსი, თუ ის საქართველოს მოქალაქედ დარჩა?

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ზურაბიშვილის მხრიდან გადაწყვეტილების დაპაუზება სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას, რომლის მიზანია ამ ისტორიის ჩაფარცხვა და თურნავას ბრძანების შენარჩუნება გაურკვეველი ვადით, პოტენციური ფარცხალაძეებისთვის დაცვის ილუზიის შექმნის მიზნით.

"ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ყველა განიხილავს ფარცხალაძის პრობლემების პრიზმაში და აკეთებენ შესაბამის ნეგატიურ დასკვნებს, რაც ჩემის აზრით, ძალიან ზედაპირული მიდგომაა. სინამდვილეში, ამ თემას უნდა შევხედოთ ხელისუფლების პრობლემების კუთხით და დავინახავთ, რომ ზურაბიშვილის მხრიდან გადაწყვეტილების დაპაუზება, სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ამ უკანასკნელს, რომლის მიზანია ამ ისტორიის ჩაფარცხვა და თურნავას ბრძანების შენარჩუნება გაურკვეველი ვადით, პოტენციური ფარცხალაძეებისთვის დაცვის ილუზიის შექმნის მიზნით.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ უტოვებს მათ მანევრის საშუალებას და აყენებს დილემის წინაშე - ან ფარცხალაძე უნდა გამოაცხადონ ჯაშუშად, ან უდანაშაულოდ და, შესაბამისად, არ დაემორჩილონ სანქციებს, ანუ აამოქმედონ თურნავას ბრძანება და ააფეთქონ შენელებული მოქმედების ნაღმი. ეს უნდა გააკეთონ ძალიან სწრაფად, რადგან თუ დრო გაწელეს, გამოვა რომ ან თურნავას ბრძანება არ მუშაობს, ან სანქციები. ორივე უბედურებაა მათთვის“.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ახლა, როდესაც პრეზიდენტმა მიიღო ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფარცხალაძე რჩება საქართველოს მოქალაქედ და აქედან გამომდინარე, სუს-ი ვალდებულია დაიწყოს მისი დაკითხვა.

"თავიდანვე, როცა სახდეპიდან ფარცხალაძის დასანქცირების შესახებ მოვიდა ინფორმაცია და ეროვნულმა ბანკმა მიიღო პირველი გადაწყვეტილება, რომ სანქცირებული ყოფილიყო აქტივები, ჩემი აზრით, იყო სწორი გადაწყვეტილება, ეს ასეც უნდა დარჩენილიყო. ამასთანავე, რადგან იყო ინფორმაცია იმაზე, რომ ჯაშუშური ქსელი შეიძლება ყოფილიყო (ფაქტობრივად, ბრალდება იყო ფარცხალაძის მიმართ, რომ ის ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა), პარალელურად, სუს-ს უნდა დაეწყო მოკვლევაა, ყოველ შემთხვევაში, ფარცხალაძე უნდა დაებარებინა და დაეწყო საქმის წარმოება.

ნაცვლად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ის, რომ შეცვალა სებ-ის გადაწყვეტილება, ფარცხალაძეს საშუალება მისცა, რომ მისი ქონება და აქტივები შვილზე გადაეფორმებინა და ამის შემდეგ შეუწყვიტეს მოქალაქეობა. მთლიანობაში, ეს პროცესი იყო პოლიტიკური და არა - სამართლებრივი. ახლა, როდესაც პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევა შეაჩეროს, ესეც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა - ეს იმას ნიშნავს, რომ ფარცხალაძე რჩება საქართველოს მოქალაქედ და გამომდინარე იქიდან, რომ ის საქართველოს მოქალაქეა, სუს-ი ვალდებულია დაიწყოს მისი დაკითხვა. ვფიქრობ, ფარცხალაძე, კაი ხანია, საქართველოში აღარც იქნება. ახლა მიდის საკანონმდებლო ომი პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის და ეს რას მოგვიტანს, რთული სათქმელია. ვფიქრობ, ეს არაფერ შედეგს არ მოიტანს პირდაპირი გაგებით, თუმცა, პოლიტიკურად ეს შესაძლოა ოპოზიციამ გამოიყენოს (და ალბათ გამოიყენებს კიდეც) იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაიწყოს საუბარი იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ აკეთებს რუსულ და არა ქართულ საქმეს. ამ ეტაპზე "ოცნებას“ აწყობს ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა.

კონსტიტუციაში არ წერია, რომ პრეზიდენტმა მყისიერად უნდა შეუწყვიტოს ვინმეს მოქალაქეობა. ზურაბიშვილმა ჩათვალა რა, რომ არის რაღაც პრობლემები ჯაშუშობასთან დაკავშირებით, გადაწყვიტა, ფარცხალაძეს ამ ეტაპზე არ შეუწყვიტოს მოქალაქეობა. იმ მასალასთან მიმართებაში, რაც სახდეპისგან მივიღეთ, ანუ დასანქცირებასთან, აბსოლუტურად აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს, დღეს შეუწყვეტს, თუ - ხვალ. არ ვიცი, ახლა პრეზიდენტი რა თამაშს თამაშობს, ალბათ ვიღაცამ დაამუშავა ეს სქემა. პრეზიდენტს ვინც ეს ურჩია, ალბათ მათ გათვალეს, ამას რა შედეგი მოჰყვება - რა პლუსი და მინუსი ექნება.“

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ანდრო გოცირიძე გვეუბნება, რომ პრეზიდენტმა მოქალაქეობის არგაუქმებით უფრო „ოცნებას“ შეუქმნა პოლიტიკური პრობლემა - უმრავლესობა თავისივე მიღებული წესის მძევალი ხდება და იძულებულია დაიცვას საქართველოს მოქალაქე, რომელიც რუსეთის სასარგებლო ქმედებებშია მხილებული, რაც აუცილებლად გააღრმავებს პარტიის პრობლემებს დასავლეთთან.

"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის დაზვერვასთან აფილირებული პირისთვის რუსეთის მოქალაქეობა დაცვის გარკვეული მექანიზმების შემცველია, ეს მაინც არ არის გარანტია ქართული მართლმსაჯულებისგან თავის გადასარჩენად. გაუგებარია, რას გულისხმობს ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების მოტივი, ან რა მნიშვნელობა აქვს, იგი როგორც საქართველოს მოქალაქე დაისჯება, თუ როგორც რუსეთის - დასასჯელად მხოლოდ მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებაა აუცილებელი პირობა.

რაც შეეხება რუსეთს, ის ყოველთვის დაიცავს ღირებულ კონტაქტს, მიუხედავად მოქალაქეობისა. პრეზიდენტმა მოქალაქეობის არგაუქმებით უფრო "ოცნებას“ შეუქმნა პოლიტიკური პრობლემა, რადგან "ოცნება“ თავისივე მიღებული წესის მძევალი ხდება და იძულებულია დაიცვას საქართველოს მოქალაქე, რომელიც რუსეთის სასარგებლო ქმედებებშია მხილებული, რაც აუცილებლად გააღრმავებს პარტიის პრობლემებს დასავლეთთან. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისას პირი ავტომატურად კარგავს საქართველოსას, ხოლო ორმაგი მოქალაქეობა, რაც პირისთვის საქართველოს წინაშე დამსახურების აღიარებაა, წარმოუდგენელია რუსეთის დაზვერვასთან დავშირებული პირის შემთხვევაში. სამწუხაროდ, უკანასკნელი წლები სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნეოვანი საკითხები, სასიცოცხლო ინტერესები პოლიტიკურ კინკლაობას და დილეტანტიზმს ეწირება“.