სერია A -ს მორიგ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" კიდევ დაკარგა ქულები, ამჯერად ნეაპოლელები სტუმრად "ბოლონიას" დაუზავდნენ. მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა. შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე სეზონის ამ მატჩში ჩვენებურმა მეტ-ნაკლებად იპოვა თავისი თამაში, ის აქტიური იყო ტრადიციულად მარცხენა ფლანგზე, ურტყამდა კარშიც, რამდენჯერმე სახიფათოდაც ჩააწოდა და სწორედ მისი დარტყმულის შემდეგ იძულებული გახდა "ბოლონიის" ფეხბურთელი ბურთი ხელით მოეგერიებინა, რასაც თერთმეტმეტრიანის დანიშვნა მოჰყვა, თუმცა ვიქტორ ოსიმენმა ვერ გაიტანა. მისი დარტყმული "ბოლონიელთა" კარს ასცდა. მიუხედავად "კვარას" კარგი თამაშისა, "ნაპოლის" მწვრთნელმა რუდი გარსიამ ის კვლავ შეცვალა, ამჯერად - 76-ე წუთზე. არადა, როგორც აღვნიშნეთ, ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე, რაც შეფასებებშიც აისახა.
მაგალითად, Whoscored.com-მა 7,3 დაუწერა და ეს საუკეთესო შეფასებაა მოედნის მოთამაშეებს შორის ორივე გუნდში (უფრო მაღალი ქულები "ბოლონიას" მეკარეს დაუწერეს). Sofascore.com-მა ხვიჩას 7,1 დაუწერა, ხოლო Flashscore.com-მა - 7,4.

"კვარას გოლი აკლია, მაგრამ სუპერკონცენტრირებულია. ახლა ის იმედგაცრუებულია, როგორც ჩვენ ყველა. როდესაც გუნდი ვერ იმარჯვებს, არ ვართ ბედნიერები, უნდა ვიმუშაოთ. ნამდვილად არ არის ახლა საუკეთესო განწყობა, რადგან გამარჯვება გვინდოდა. მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც მალე გვაქვს", - თქვა გუნდის კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ მატჩის შემდგომ, როდესაც კვარაცხელიაზე ჰკითხეს.
"კვარას" წინა ორი მატჩისგან განსხვავებით, შეცვლა ამჯერად არ გაუპროტესტებია.
მატჩის შემდეგ ისაუბრა რუდი გარსიამაც, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის შეცვლაზეც:

"სათადარიგო სკამზეც კარგი ფეხბურთელები გვყავს, აქცენტს მხოლოდ ძირითად შემადგენლობაზე არ ვაკეთებთ. წინ ბევრი თამაში გველოდება, ამიტომ, მთელი შემადგენლობის გამოყენებას ვცდილობ. ბედნიერი ვარ "კვარას" გამო, რადგან მან შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ შესვენებაზე მითხრა, რომ კუნთი სტკიოდა და არ მინდოდა მისი დაკარგვა გამერისკა".
შეიძლება ითქვას, რომ გარსიას ნეაპოლური კარიერა ცუდად დაიწყო. ფრანგ სპეციალისტს ოსიმენის მიერ პენალტის ვერ გატანასა და შეცვლის დროს მის უარყოფით რეაქციაზეც ჰკითხეს.

"ეს შეიძლება ნებისმიერს დაემართოს. მისი დამოკიდებულება შეცვლაზე არ იყო კარგი, მაგრამ უკვე ველაპარაკე მას და გუნდს, არის რაღაცები, რაც გასახდელში რჩება. როდესაც ვიღაცას ცვლიან, უმჯობესია უკმაყოფილო იყოს, შეიძლება არც მე ვიყო მათი თამაშით კმაყოფილი. ბევრი ფეხბურთელი მყავს და ყველა უნდა გამოვიყენო", - განაცხადა გარსიამ.
შეცვლის შემდეგ გარსია კვარაცხელიას ჩაეხუტა. ნამატჩევს ამაზეც ჰკითხეს "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელს, რაზეც ლაკონური პასუხი გასცა, - მე ყველა ჩემს ფეხბურთელს ვეხუტებიო....
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ხუთ მატჩში 1 საგოლე პასი მიითვალა. "ნაპოლის" სერია A-ში 3-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და 5 ტურის შემდეგ 8 ქულა დაუგროვდა, მომდევნო შეხვედრას კი 27 სექტემბერს, შინ "უდინეზესთან" ჩაატარებს.