ავტორი:

"უმძიმესი სურათი დაგვხვდა, ქალი უკვე გარდაცვლილი იყო. ბავშვი, სავარაუდოდ დედ-მამას აშველებდა და იმ დროს დაზიანდა" - ბოლნისში მომხდარი მკვლელობის რა დეტალები ხდება ცნობილი?

"უმძიმესი სურათი დაგვხვდა, ქალი უკვე გარდაცვლილი იყო. ბავშვი, სავარაუდოდ დედ-მამას აშველებდა და იმ დროს დაზიანდა" - ბოლნისში მომხდარი მკვლელობის რა დეტალები ხდება ცნობილი?

26 სექტემბერს, გამთენიას, ქალაქ ბოლნისში უმძიმესი დანაშაული მოხდა. 40 წლამდე ასაკის მამაკაცმა შელაპარაკების ნიადაგზე დანით ჯერ მეუღლე მოკლა, შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ამ შემზარავ ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილები შეესწრნენ. როგორც ჩანს, ერთ-ერთი ბავშვი ცდილობდა მოჩხუბარი მამის გაჩერებას, რა დროსაც მან დაზიანება ფეხის არეში მიიღო, საბედნიეროდ, ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს, რაც შეეხება მამაკაცს, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

უფრო მეტი დეტალის გასარკვევად დავუკავშირდით მერის წარმომადგენელს ქალაქ ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბატონ დიმიტრი მოდებაძეს:

"დიდი უბედურება დატრიალდა, გამთენიას, დაახლოებით 4 საათზე მოხდა ეს საზარელი მკვლელობა. მოკლულია 40 წლამდე ასაკის ქალბატონი, დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი მისი მეუღლე. ჩემი ინფორმაციით, მეუღლის მკვლელობის შემდეგ, მან თვითმკვლელობა სცადა და ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

იქ შესულებს უმძიმესი სურათი დაგვხვდა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე იყო გარდაცვლილი. სისხლის გუბეში იწვა. შემთხვევის ადგილიდან მტკიცებულებების ამოღება მოხდა, მათ შორის მკვლელობის იარაღის - დანის. კომპეტენტურ ორგანოებს მიმართეთ და ძალოვანი უწყება გეტყვით საქმის დეტალებს. როგორც ვიცი, მათ 4 წელია ნაქირავები ჰქონდათ ბინა ბოლნისში. ეროვნებით სომხები არიან, ახალციხიდან. არ ვიცნობდი არც გოგოს და არც მის მეუღლეს. ორი შვილი ჰყავთ. ბოლნისის სკოლაში დადიან. როგორც მეზობლებისგან ვიცი, მოკლული ქალბატონი მუშაობდა კორპუსის მიმდებარედ ბენზინგასამართ სადგურთან არსებულ ერთ-ერთ მაღაზიაში. მეზობლების თქმით, წესიერი და კარგი ადამიანი იყო. სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა ეს საშინელი ამბავი, ბავშვების თვალწინ. ბავშვს ფეხზე აქვს მცირე დაზიანება, შვილი, სავარაუდოდ, აშველებდა... დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, რადგან არ ვიცი. ბავშვი გამოკითხვაზე წაიყვანა პოლიციამ და ალბათ ის იტყვის უფრო მეტ დეტალს. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მკვლელობის იარაღი ამოიღეს და ოთახში იყო ცხედარი. მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში. ბავშვს ფეხი შეხვეული ჰქონდა. მოკლული ქალი, ჩემი ინფორმაციით, არის 1989 წელს დაბადებული. ნაქირავები სადაც ჰქონდათ ბინა, იქაური მაცხოვრებლების თქმით, გარკვეული პერიოდი მამაკაცი სამუშაოდ იყო საზღვარგარეთ წასული, მერე დაბრუნდა და ბოლნისში მუშაობდა, კაფელის ხელოსანი იყო. ამბობენ, რომ ფინანსური პრობლემები ჰქონდათ და ცოლს სურდა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა, რომ ამ პრობლემისთვის მიეხედა. სავარაუდოდ, ეს გახდა მათ შორის კონფლიქტის მიზეზი. ხმაურზე მეზობლები შევიდნენ ბინაში და ეს უმძიმესი სურათი დახვდათ. სიმართლე იციან შვილებმა და ალბათ ისინი ეტყვიან გამოძიებას. რაც შეეხება ბავშვებს, მათ ფსიქოლოგები გაუწევენ შესაბამის დახმარებას. მომხდარის გამოძიება გრძელდება, ვნახოთ რას დაადგენს პოლიცია".

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ასევე, გამოძიება მიმდინარეობს 11 პრიმა 118-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.