ავტორი:

"მობილიზაცია გამკაცრდება... ძალიან ბევრს მოუწევს გაწვევა" - არესტოვიჩის მორიგი პროგნოზი

"მობილიზაცია გამკაცრდება... ძალიან ბევრს მოუწევს გაწვევა" - არესტოვიჩის მორიგი პროგნოზი

უკრაინელი პოლიტიკოსი, ბლოგერი და პროპაგანდისტი ალექსეი არესტოვიჩი, რომელიც პრეზიდენტის ოფისის თანამშრომელი იყო, პროგნოზირებს, რომ უკრაინაში მასშტაბური და უმკაცრესი მობილიზაციები დაიწყება. მისი თქმით, ყველა მამაკაცს თუ არა, უმეტესობას აღრიცხვაზე დადგომა მოუწევს.

"მობილიზაცია გამკაცრდება. ეს არის ჩემი პროგნოზი. დამსაქმებლებს სამუშაო ადგილების შეზღუდვა მოუწევთ და ვინც აქამდე არ ექვემდებარებოდა გაწვევას, ახლა სამხედრო აღრიცხვაზე დადგებიან. თუ ყველას არა, ძალიან ბევრს მოუწევს გაწვევა. ამიტომ, როდესაც ხალხი კითხულობს, აღმოჩნდებიან თუ არა კომისარიატში, ეს მხოლოდ დროის საკითხია. ახლა თუ ნახევარ წელიწადში, მაინც მოუწევთ. არავინ იცის როდამდე გაგრძელდება ომი, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, დამიჯერეთ, ყველა კაცს, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, ყველას მოუწევს იქ წასვლა“, - ამბობს ის.

უკრაინას, რომ ადამიანური რესურსი სამხედრო მიმართულებებით ინტენსიურად სჭირდება, ამას დავით არახამიას განცხადებაც ადასტურებს. ცნობისთვის, "ხალხის მსახურის“ ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინამ, შესაძლოა სხვა ქვეყნებს იმ უკრაინელების ექსტრადიციის საკითხზე მიმართოს, რომლებსაც ეკუთვნოდათ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნა, თუმცა ქვეყანა ჯანმრთელობის გაყალბებული ცნობით ან სხვა არარეალური მიზეზებით დატოვეს.

ამ ეტაპზე უკრაინა კონტრშეტევას აწარმოებს, რომელსაც რუსული დაცვის ხაზი და დანაღმული ველები დიდად უშლის ხელს. მიუხედავად ამისა, ივნისიდან დღემდე, უკრაინამ რამდენიმე პატარა დასახლებული პუნქტი დაიბრუნა.

მოამზადა ანრი კურტანიძემ