ავტორი:

"სახლს რომ ვაშენებდი, დამიწერეს, რა ენაღვლება, დანაზოგი ექნებოდაო... ყველას ხომ არ აუხსნი, რომ ვალებით აკეთებ ადამიანი" - მაკა ძაგანიას ვირტუალური სივრცე

"სახლს რომ ვაშენებდი, დამიწერეს, რა ენაღვლება, დანაზოგი ექნებოდაო... ყველას ხომ არ აუხსნი, რომ ვალებით აკეთებ ადამიანი" - მაკა ძაგანიას ვირტუალური სივრცე

მსახიობ მაკა ძაგანიას, რომელმაც ზაფხული ვაზის მოვლაში გაატარა, პარალელურად კი - "ჩემი ცოლის დაქალების" გადაღებებზე დადიოდა, სოციალური ქსელების შესახებ ვესაუბრეთ...

- დღესდღეობით სოციალურ ქსელებს ძალიან ბევრ დროს არ ვუთმობ, რადგან ამისთვის არ მცალია, თუმცა ასე თუ ისე, მაინც ვსარგებლობ: ტელევიზორს ნაკლებად ვუყურებ - ყველანაირ ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან ვეცნობი.

- პირველად რომელ სოციალურ ქსელში დარეგისტრირდით?

- "ფეისბუკზე". დიდი ხანია, რაც მისი მომხმარებელი ვარ. მანამდე "სკაიპში" ვიყავი, მაგრამ ეს უფრო კომუნიკაციის საშუალება იყო: მხოლოდ დასარეკად ან მიმოწერისთვის თუ გამოიყენებდი.

- "ფეისბუკზე" რა მიზნით დარეგისტრირდით?

- საერთოდ არ მახსოვს (იცინის). ალბათ იმიტომ, რომ ყველა რეგისტრირდებოდა და მეც ასე მოვიქეცი.

- დღეს "ფეისბუკს" აქტიურად იყენებთ?

- კი, როგორ არა?! თუმცა, "ტიკტოკს" და "ინსტაგრამს" უფრო ხშირად ვიყენებ. დიდი ხნის განმავლობაში "ფეისბუკით" ვსარგებლობდი, შემდეგ ჩემმა შვილმა "ინსტაგრამზე" დამარეგისტრირა, რაღაც ფოტოები თავად გამომიქვეყნა. კარგა ხანს არც შევდიოდი... მერე, რაღაცნაირად, "ინსტაგრამზე" გადავერთე - თითქოს ჩემთვის უფრო საინტერესო გახდა და რამდენიმე წელია, რაც მისი აქტიური მომხმარებელი გავხდი.

- "ტიკტოკის" პლატფორმას ბევრი არასერიოზულად მიიჩნევდა, თუმცა ახლა აქტიურობას ცდილობენ. თავად როგორ დაინტერესდით ამ ქსელით?

- "ტიკტოკზე" აქტიურობა ახალი დაწყებული მაქვს. მანამდე ჩემი უმცროსი შვილი "სქროლავდა" ხოლმე, ამიტომ ეს აპლიკაცია ტელეფონში საერთოდ წავშალე. მერე, როცა უკვე ბავშვს ჩემს ტელეფონს აღარ ვაძლევდი, აქაც დავრეგისტრირდი. 1-2 ვიდეოს რომ დადებ და მერე შეჰყვები ადამიანი, ასე დამემართა (იღიმის)...

- რა ტიპის ვიდეოებს აქვეყნებთ? როგორ კონტენტს ქმნით?

- არც ერთ პლატფორმაზე, კონკრეტულ თემაზე შექმნილი კონტენტი არ მაქვს. უფრო ჩემი პირადი ვიდეოებია: რასაც ვაკეთებ გადაღებაზე, ვენახში, ბოსტანსა თუ სახლის მშენებლობისას, გამომწერებს ვუზიარებ ხოლმე.

- სოციალური ქსელების მომხმარებლებისგან როგორ დამოკიდებულებას გრძნობთ?

- ჩემ მიმართ გულთბილი დამოკიდებულება აქვთ. უარყოფითი კომენტარი ძალიან იშვიათია და ისიც, გულზე მხვდება ხოლმე, მაგრამ შემდეგ "ვატარებ". ძირითადად, ხალხისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ, რაც კიდევ უფრო მეტად მაბედნიერებს. როგორც ქუჩაში მიღიმიან და ჩემთან ერთად ფოტოს გადაღება უნდათ, სოციალურ ქსელებშიც მსგავსი დადებითი განწყობით მხვდებიან.

- რა დროს ანდომებთ პოსტის შერჩევას გამოქვეყნებამდე?

- ამაზე ბევრს არ ვფიქრობ, რადგან ალგორითმში, გამოქვეყნებისთვის სასურველ საათებში ვერ გავერკვიე. როცა მომინდება, პოსტი გამოვაქვეყნო, ხალხს გავუზიარო, ასეც ვიქცევი - მარტივად ვაქვეყნებ. დიდხანს არც ჰეშთეგზე ვფიქრობ, არც - სხვა რამეზე. ალბათ, ჩემს კონტენტს ბლოგის სახე რომ ჰქონდეს, უფრო მეტ დროს წაიღებდა, რადგან დასჭირდებოდა მოფიქრება, კარგად ჩაწერა და ა.შ. უბრალოდ, შეიძლება, შვილებთან ერთად გავერთო და ამის ამსახველი ვიდეო ავტვირთო. ამიტომ ამას არც ბევრი დრო სჭირდება და არც - ბევრი ფიქრი.

- სოციალურ ქსელებში თქვენი აქტიურობა შემოსავლის წყაროდ თუ არის ქცეული?

- უფრო ბარტერებია. სხვათა შორის, ესეც სასიამოვნოა, როცა კომპანიები გენდობიან. ყველა მეუბნება, - ჩვენი პროდუქცია თუ მოგეწონება, ამ შემთხვევაში "დადე" შენს გვერდზეო, ანუ უფლება მაქვს, არც "დავდო" და თუკი პროდუქცია არ მომეწონება, ხალხი არ მოვატყუო. ესეც ერთგვარი გამოწვევაა და საინტერესოა.

- ყოფილა შემთხვევა, როცა შემოთავაზებული პროდუქცია ცუდად შეგიფასებიათ?

- არა. რაღაცებზე თავად ვამბობ უარს. საქმე იქამდე არ მისულა, რომ პროდუქცია გამოეგზავნათ და ცუდი ყოფილიყო.

- საკუთარი გვარ-სახელი "დაგიგუგლავთ"?

- კი.

- მერე, როგორ ფიქრობთ, როგორი ონლაინრეპუტაცია გაქვთ?

- ძირითადად, სტატიებს, ინტერვიუებს "მიგდებს". მგონი, კარგი ონლაინრეპუტაცია მაქვს, რადგან ჩემ მიმართ უარყოფითი კომენტარები იშვიათია, რაც ძალიან მახარებს.

- საინტერესოა, ის იშვიათი უარყოფითი კომენტარები რასთანაა დაკავშირებული?

- მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, დაუწერიათ, - რას ჰგავსო?! როცა სახლს ვაშენებდი, ასეთი კომენტარიც მივიღე: მაგას რა ენაღვლება, დანაზოგი ექნებოდა, ჩვენ ვიკითხოთო... ყველას ხომ არ აუხსნი, რომ ამ ყველაფერს ვალებით აკეთებ ადამიანი, არა? საქართველოში, დღეს დანაზოგი არავის აქვს... ერთი კომენტარი ჩემს კბილებთან დაკავშირებული იყო - ცხენივით გაქვსო, რაც გულზე ძალიან მომხვდა...

- კბილების კორექცია ამის გამო გაიკეთეთ? დღეს ერთ-ერთი სტომატოლოგიური კლინიკის სახეც ხართ...

- ამიტომ - არა. ბუნებრივად, მთელი 43 წელი დიდი კბილები მქონდა. ჩემთვის პატარა კბილები ძალიან არაბუნებრივი იქნებოდა, ამიტომ ზომა იგივე დავტოვეთ. კბილების წყობა ოდნავ გავასწორეთ და მომწონს...

- ძირითადად, კომპლიმენტებს რასთან დაკავშირებით იღებთ?

- მწერენ, თუ როგორ ვუყვარვარ და როგორი კარგი გოგო ვარ. მოსწონთ ჩემი ღიმილი და ლოყაზე (მარჯვენა მხარეს) ნაჩვრეტი (იცინის). უამრავი კომპლიმენტი მომდის, რომ "ჩემი ცოლის დაქალებში" ჩემი პერსონაჟი ძალიან მოსწონთ. - აუ, პერსონაჟისგან როგორ განსხვავდებიო! - მწერენ. ჩემთვის ეს ყველაზე დიდი კომპლიმენტია, რომ თინა აბსოლუტურად სხვანაირია. გამომივიდა და შევქმენი ჩემგან განსხვავებული ტიპის პერსონაჟი, ანუ სერიალშიც მაკა არ ვარ.

- ვირტუალურ სივრცეში დაწყებული მეგობრობა რეალურ ურთიერთობაში თუ გადაზრდილა?

- ვირტუალურად კომუნიკაცია, ძალიან გულთბილი დამოკიდებულება მქონია, თუმცა ერთმანეთის ნახვაში არ გადაზრდილა. კვლავ ვირტუალური სივრცით შემოვიფარგლებით ხოლმე (იღიმის).

- ვინმე "დაგიბლოკავთ"?

- არა, თუმცა ამას წინათ, ჩემს "ინსტაგრამ" გვერდზე რომ შევედი, აღმოვაჩინე, 2 ადამიანი მყავს "დაბლოკილი". ეს როგორ მოხდა, არ ვიცი. შეიძლება აბსოლუტურად შემთხვევით "მივბლოკე". აღარ ჩავძიებივარ, თუ ვინ იყვნენ და არც "განმიბლოკავს".

- არის ვინმე, ვისი გვერდის სიახლესაც მუდმივად თვალყურს ადევნებთ და შეიძლება, თქვენი ინსპირაციის წყაროც იყოს?

- არა. ისეთი არავინაა, რომ ველოდო, ახალს რას გამოაქვეყნებს - სოციალური ქსელებით ასეთი მოცული არ ვარ, მაგრამ ქართველებიც და უცხოელებიც გამოწერილი მყავს. თუკი მათი ვიდეო მხვდება, სადაც საინტერესოდ საუბრობენ, ვუსმენ.

- სოციალურ ქსელებში კამათში ჩართულხართ?

- კამათი იმდენად არ მიყვარს, რომ სოციალურ ქსელში კი არა, რეალურ ცხოვრებაშიც არ ვერევი. თან, წერის დროს შენი განწყობა, ემოცია იკარგება. შეიძლება აბსოლუტურად ნეიტრალურად დაწერო, ვიღაც კი ცუდ ხასიათზე იყოს და შენი ნაწერი აგრესიულად მიიღოს. ამიტომ კამათს ყოველთვის ვერიდები, მით უმეტეს - სოციალურ ქსელებში...წაიკითხეთ სრულად