ავტორი:

"რამდენჯერმე ესროლეს. უმეორებდნენ, მაგრამ არაფრით დაიჩოქა... უცნაური სახელი ერქვა, რომ არ დამვიწყებოდა, ასანთი ავანთე და ნამწვავით კოლოფზე დავწერე - ჟიული"

"რამდენჯერმე ესროლეს. უმეორებდნენ, მაგრამ არაფრით დაიჩოქა... უცნაური სახელი ერქვა, რომ არ დამვიწყებოდა, ასანთი ავანთე და ნამწვავით კოლოფზე დავწერე - ჟიული"
  • განახლებულია: 07:03:2024

7 მარტს ჟიული შარტავს დაბადების დღეა - წელს ეროვნული გმირი 80 წლის გახდებოდა

  • სოხუმი, 1993 წელი, 27 სექტემბერი

ყაბარდოელთა სადაზვერვო-საშტურმო ჯგუფი მ. შოროვის ხელმძღვანელობით, აფხაზების სხვა დანაყოფების მსგავსად, ცდილობდა, მინისტრთა საბჭოს შენობას მიახლოებოდა. დილის 9 საათზე, როდესაც ჯგუფი ქუჩაში, პროკურატურის შენობასთან იმყოფებოდა რაციით გადაიცა ცნობა: "77-ე, გადაადგილდით მინისტრთა საბჭოსკენ, იგი უკვე აღებულია". ცენტრალური კორპუსის ზედა სართულებიდან და მარჯვენა ფლიგელის მეორე სართულის ფანჯრებიდან ჯგუფს ტყვიამფრქვევებიდან და ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. დაქირავებული მებრძოლები დაიქსაქსნენ და თავშესაფრებში გადაიმალნენ. მალე შენობის თავზე და მის წინ აღმართული ქართული დროშები დაინახეს. ცხადი გახდა, რომ შენობაში მოწინააღმდეგის ქვედანაყოფები იყვნენ. შტურმი 10:30 სთ-ზე შენობის მარჯვენა მხრიდან დაიწყო. შენობის ცენტრალური კორპუსის ზედა სართულებიდან ყაბარდოელებს უკრაინული ორგანიზაცია УНА-УНСО-ს სპეცრაზმელები ესროდნენ. მათი სნაიპერული ცეცხლის ჩახშობას ყაბარდოელთა ჯგუფის მეტყვიამფრქვევე და სნაიპერები ცდილობდნენ. ქვედა სართულებიდან და მარჯვენა ფლიგელის მეორე სართულის ფანჯრებიდან ედუარდ შევარდნაძის დაცვის წევრი სპეცრაზმელები და აფხაზეთის საოკუპაციო მთავრობის წევრები ისროდნენ ჟიული შარტავას თაოსნობით (დაახლოებით 150 კაცი). მალე შტურმი განახლდა.

შტურმის დაწყებიდან 4,5 საათში მარცხენა ფლიგელის მეორე სართულის ერთ-ერთ ფანჯარაში თეთრი პირსახოცი გამოფინეს. კიდევ რამდენიმე წუთში შენობიდან უიარაღო ადამიანი გამოვიდა ხელში თეთრი პირსახოცით. მასთან, ასევე უიარაღოდ, მ. შოროვი და ა. შიხალიევი მივიდნენ. მომლაპარაკებელმა მათ ჟიული შარტავას წინადადება გადასცა, მათთვის დერეფანი გაეკეთებინათ, რომლითაც ქალაქიდან გავიდოდნენ, თუმცა მას უპასუხეს, რომ მისაღებია მხოლოდ ერთი პირობა: "ცოცხლად გადარჩენილები ტყვედ ბარდებიან, დაჭრილებს გაეწევათ სამედიცინო დახმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში 15 წუთში შტურმი განახლდება და მათ გაანადგურებენ". ამის შემდეგ 15-20 წუთში გამოსულმა იგივე მომლაპარაკებელმა ყაბარდოელებს ამცნო, რომ შარტავა თანახმა იყო, ჩაბარებოდა მხოლოდ ყაბარდოელებს. შოროვმა და შიხალიევმა საპასუხოდ განაცხადეს, რომ მინისტრთა საბჭოს შტურმში მხოლოდ ყაბარდოელები მონაწილეობენ. როდესაც მოხალისეები მომლაპარაკებელთან ერთად შენობის მეორე სართულზე ავიდნენ, იქ ერთ ოთახში დარჩენილმა ქართველმა სპეცრაზმელებმა (დაახლოებით 30 კაცი) და საოკუპაციო მთავრობის წევრებმა იარაღისა და ამუნიციის იატაკზე დაყრა დაიწყეს. როდესაც გააარკვიეს, რომელი იყო ჟიული შარტავა, შოროვმა მას გამოუცხადა, - თქვენ დაკავებული ხართო. შარტავამ ითხოვა, განემარტათ, ვინ იყვანდა ტყვედ. შოროვმა უპასუხა: "ყაბარდოელთა ჯგუფის მეთაური, აფხაზური არმიის მაიორი შოროვი". შარტავამ იარაღი ჩააბარა (გენერლის ვერცხლისფერი პისტოლეტი და მოკლე ავტომატი), ასევე გადასცა საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მოწმობა. თავისი საბუთი ჩააბარა სოხუმის მერმა გურამ გაბესკირიამაც. მათ გარდა, ჩაბარდნენ საოკუპაციო მთავრობის პოლიციისა და კანცელარიის უფროსები. შარტავამ ჩაწერა თავის ბლოკნოტში, ვის მიერ და რა ვითარებაში იყო დაკავებული. ჩაბარდა 26 ქართველი სპეცრაზმელიც. ტყვეებმა განაცხადეს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ ისინი შეცდომაში შეიყვანა და მუდმივად ატყობინებდა მათკენ მიმავალი სხვადასხვა დახმარების შესახებ, რომელიც რეალურად, არც იყო დაგეგმილი. როდესაც შეიტყვეს, რომ ეს ტყუილი იყო, უკვე გვიანი იყო. 14:30 სთ-ზე ყაბარდოელი მებრძოლები აბაევი და ხაგაჟეევი შენობის სახურავზე აძვრნენ და აფხაზური დროშა აღმართეს წარწერით: "ყაბარდოელთა ჯგუფი. 27.09.1993". დაიწყეს ტყვეთა გაყვანა მარცხენა ფლიგელის სადარბაზოდან. მოედანი სავსე იყო აფხაზური ჯარის სხვადასხვა შენაერთების წარმომადგენლებით. ისმოდა შეძახილები "Аяайра!" ("გამარჯვება»" - აფხაზურად), ისროდნენ ჰაერში... სოხუმი დაცემული იყო...

1993 წლის 27 სექტემბერი
  • თბილისი, 1994 წელი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელზე აფხაზეთიდან საიდუმლო წერილი მოვიდა. წერილის ავტორი აფხაზი გლეხი იყო. წერილში ეწერა, რომ 27 სექტემბერს, ტყიდან შეშა მოჰქონდა და ამ დროს დაინახა, ხიდის ქვეშ ადამიანებს რომ ხვრეტდნენ. მათ შორის ერთ-ერთს უყვიროდნენ დაიჩოქეო და ის უცნობი, კატეგორიულად არ იჩოქებოდა. "რამდენჯერმე ესროლეს. ისევ უმეორებდნენ, მაგრამ არაფრით დაიჩოქა... ძალიან გამაკვირვა მისმა საქციელმა, უცნაური სახელი ერქვა, რომ არ დამვიწყებოდა, ასანთს წავუკიდე და ნამწვავით კოლოფზე დავწერე მისი სახელი - ჟიული", - ეწერა წერილში.

  • "ცხოვრება გრძელდება! რადგან სამშობლოსათვის ცხოვრებას ყოველთვის აქვს აზრი!"

მან გამორჩეულად განსხვავებული, სიტყვისა და საქმის თანაბრად ერთგული კაცის სახე შექმნა ქართულ რეალობაში და ქედუხრელად შეეწირა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლას.

ჟიული შარტავა, საქართველოს ეროვნული გმირი:

"მე ისეთი დამოუკიდებელლი საქართველოს მომხრე ვარ, სადაც პიროვნების სრული თავისუფლება იქნება, და ამასთანავე, იქნება წესრიგი, იზეიმებს კანონი, მომხრე ვარ ისეთი საქართველოსი, რომელსაც ექნება საკუთარი ძლიერი ეკონომიკა და აღმავალი სულიერი სფეროები, საკუთარი თავდაცვის უნარიანობა, საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, მტკიცე და საიმედო საზღვრები...

ცხოვრება გრძელდება! რადგან სამშობლოსათვის ცხოვრებას ყოველთვის აქვს აზრი! ყველაზე მეტად განვიცდი...ვიცი, რას ნიშნავს როცა სამშობლოს უჭირს... ვიცი, რას ნიშნავს როცა ქვეყნის შიგნით ერთიანობა არ არის...ვიცი, უთაო მეთაურობის ამბავიც... ვიცი, როგორ მივდიოდით აფხაზეთის ომისკენ. ვიცი, რატომ ვერ გავერთიანდით, როცა დაპირსპირების დროსაც კი, ვიცოდით, რომ ორივე მხარეს საქართველო იყო! ვიცი, ჩვენი თაობის ამბებიც... მათ, ჩემსავით ატკინეს გული. ახალგაზრდობაში "დიდობა“ არ აღირსეს და დიდობაში ახალგაზრდობა. ყველაფერი მაინც დალაგდება...გამოცდილებას, აზროვნებას, წლებს და კაცობას, ფასი მაინც დაედება!“

  • "მან ბოლო წუთებამდე შეინარჩუნა სიმშვიდე და სულიერი მხნეობა..."

მეუფე დანიელი:

- აფხაზეთში ძალიან მძიმე დრო იყო. ერთი წელი სრულდებოდა ომის დაწყებამდე. უკვე მომხდარი იყო ტრაგედია კომანში, მამა ანდრიასა და იური ანუას მკვლელობა. ჩვენ მაინც გვქონდა იმედი, რომ მშვიდობა გაიმარჯვებდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა... ამ დროს სოხუმში ჩამოვიდა პიროვნება, რომელსაც ღმერთმა და ადამიანებმა უდიდესი პასუხისმგებლობა დააკისრეს - ეს გახლდათ ბატონი ჟიული შარტავა. მახსოვს, ჩემთან როგორი მოწიწებით მოვიდა და გამეცნო. ბევრი რამ მსმენოდა მის შესახებ. ვიცოდი, რომ ეს იყო ეროვნული ფასეულობების მატარებელი ქართველი კაცი. ჩვენს რეზიდენციაში რამდენიმე ფანჯარაში მინა იყო ჩატეხილი და თანმხლებ პირებს სთხოვა, მინა მოიტანეთ და ჩასვითო. ვიღაცამ უთხრა, ძნელი საშოვნელიაო. არა უშავს, ჩვენი შენობიდან ამოიღეთ და აქ მოიტანეთო... ბატონი ჟიული ყველაფერს აკეთებდა, რომ აფხაზი და ქართველი ხალხის დაპირისპირება მალე დასრულებულიყო. მე მახსოვს, ის მწარე ბოლო დღეები... მან ბოლო წუთებამდე შეინარჩუნა სიმშვიდე და სულიერი მხნეობა. ძალიან მნიშვნელოვანია ის მოგონება, რომელსაც გვიყვება ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე, რომელიც იმერეთის მხარის გუბერნატორ თემურ შაშიაშვილთან ერთად ჩამოვიდა ბოლო დღეებში სოხუმში. სახიფათო იყო მათი სტუმრობა, მაგრამ ძალიან დიდი გამხნევება ჩვენთვის. როგორც მეუფემ მიამბო, როდესაც ბოლოს ბატონ ჟიულისთან კაბინეტში შესულა, დამშვიდობებისას მას პირჯვარი გადაუსახავს და უთქვამს, ღმერთო, სამშობლო გადამირჩინე და თუ საჭიროა, ჩემი სიცოცხლე შეიწირეო...

  • "ვფიქრობ, ჟიული წინასწარ გრძნობდა ყველაფერს..."

სოსო შარტავა, ჟიული შარტავას ძმა:

- როცა ვიხსენებ, ჯერ კიდევ დაქორწინებამდე ლიასთან - მომავალ მეუღლესთან ნათქვამ სიტყვებს, რომ 50 წლამდე ვერ მიაღწევდა, მის ჩანაწერებს კასეტებზე თუ დღიურის სახით, ანდერძს, რომელიც მისი დაღუპვის შემდეგ აღმოვაჩინეთ, ჩვენთვის დატოვებულ ბარათებს, მის უცნაურ ქცევებს, ვფიქრობ, ჟიული წინასწარ გრძნობდა ყველაფერს. მან ბობოქარი და უღალატო ცხოვრებით იცხოვრა და ზუსტად ასეთივე იყო მისი აღსასრულიც. დღემდე ვერ შევეგუე, რომ ჟიული ჩვენთან აღარ არის.

  • "დაზაფრული წამოვედი მისგან, შემძრა ჟიულის სიტყვებმა. 9 აპრილი ჯერ კიდევ შორს იყო..."

ცისანა შარტავა, ჟიული შარტავას და:

- მწარედ მახსენდება 1988 წლის ერთი დღე. ჟიულისთან სახლში საუბარს შევყევით. ნელ-ნელა პოლიტიკურ თემაზე გადავედით და ეროვნულ მოძრაობაზეც დავიწყეთ ლაპარაკი. მე ჩემი იმჟამინდელი, საკმაოდ რადიკალური პოზიცია გამოვხატე. ჩამეძია, შენი მეგობრები რას ფიქრობენ ამ საკითხზეო. ჩემი პასუხები არ მოსწონდა, ნელ-ნელა საშინლად აღელდა და ბოლოს მითხრა: შენ და შენს მეგობრებს, ეროვნული მოძრაობა და პატრიოტიზმი კერპთაყვანისმცემლობად გიქცევიათ, თქვენსავით მოაზროვნეები იმდენს იზამენ, საქართველოში სისხლი დაიღვრებაო... დაზაფრული წამოვედი მისგან, შემძრა ჟიულის სიტყვებმა. 9 აპრილი ჯერ კიდევ შორს იყო და საქართველოში სისხლისღვრაზე ლაპარაკი შემზარავად ისმოდა, ვერაფერი გავიგე, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემს ძმას ძალიან ვატკინე გული...

  • "თუ რაიმე მოხდა, ღირსეულად მიტირეთო..."

ლია შარტავა, ჟიული შარტავას მეუღლე:

მეუღლესთან ერთად

- როცა მისი სოხუმში სამუშაოდ გადასვლა გადაწყდა, აფორიაქებული შევხვდი ამ ამბავს, თუმცა არაფერი მითქვამს. აღელვება შემატყო და მითხრა, ლია, წაუსვლელობა არ შეიძლება, ჯობს ამ ომს შევეწიროთ და მომავალი თაობა გადავარჩინოთ, ჩვენი თაობა ისედაც ვალშია მათ წინაშეო.

სკოლის მერხიდან ვიცნობდით ერთმანეთს, და მოსაგონარი ბევრი მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვივიწყებ მის ბოლო ჩამოსვლას სოხუმიდან თბილისში. 1993 წლის 15 სექტემბერს, შუაღამისას ჩამოფრინდა. აფორიაქებული მეჩვენა...დილის 10 საათზე სახლიდან გავიდა ედუარდ შევარდნაძესთან შესახვედრად. მთელ დღეს არ გამოჩენილა. იმ საბედისწერო ღამეს გვიან მოვიდა, ისეთი დაღლილი იყო, საუბრის თავიც არ ჰქონდა. ვიფიქრე, დილით დაველაპარაკები-მეთქი.

16 სექტემბრის დილის 5 საათის ზარს ვერ ამოვშლი მეხსიერებიდან. ყურმილი ავიღე, ჟიულის სოხუმიდან ურეკავდნენ. ყურმილი გადავეცი, თან ჟიულის შევცქეროდი, ის თანდათან გაფითრდა, სუნთქვა გაუხშირდა... მიუხედავად ამისა, მაინც საოცარი სიმშვიდით იძლეოდა განკარგულებებს. შემდეგ მითხრა, მგონი, ისევ დაიწყო ომი აფხაზეთშიო. სასწრაფოდ ჩაიცვა და წავიდა სახელმწიფო მეთაურთან შესახვედრად. შუადღისას დაბრუნდა, მითხრა, ლია, ჩვენ ცხოვრებაში ბევრი გაჭირვება გამოვცადეთ და ახლა ესეც უნდა ვნახოთო. უკვე ვიცოდი, რომ სოხუმი იბომბებოდა. ერთმანეთს დავემშვიდობეთ, გასვლის წინ მითხრა, ჩემი საბუთები და სურათები დიპლომატშია, თუ რაიმე მოხდა, ღირსეულად მიტირეთო. გაცილება არ უყვარდა, აივნიდან გადავხედე, ჟიულიმ ამომხედა, შევატყვე, რომ თვალები ცრემლიანი ჰქონდა. ხელი დამიქნია და წავიდა... სულ მეკითხებიან, რატომ წავიდა სოხუმშიო. ამ კითხვას მისი სიტყვებით ვუპასუხებდი: "რაცა ვარ, ესა ვარ. დადებითით და უარყოფითით, ცოდვებითა და უცოდველობით. მე ვდგავარ ერთ პოზიციაზე - კონკრეტული სარგებლობა მოვუტანო ჩემს ერს".

ვაჟთან - კახასთან ერთად

სოხუმის დაცემის დღეს ჟიული შარტავას კაბინეტში ოპერატიული თათბირი ჩატარდა. კაბინეტიდან სულ ბოლოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლორიკ მარშანია და აფხაზეთის მრეწველობის მინისტრი რაულ ეშბა გამოვიდნენ. ამ დროს გაისმა ეკლესიის ზარების რეკვა. ოთახიდან გასვლის წინ ჟიულიმ შეაჩერა ისინი, მოძებნა სამი სანთელი და თქვა: "მოდი, ვილოცოთ მომავალ დღეზე". ლოცვის შემდეგ კი მან სამუდამოდ დატოვა თავისი კაბინეტი.

  • "ბაბუამ თავისი მსხვერპლშეწირვით მომავალ თაობას სოხუმში დაბრუნების უფლება დაგვიტოვა"

გიორგი შარტავა, ჟიული შარტავას შვილიშვილი:

გიორგი შარტავა

- ბაბუა ჩემთვის თავიდან ასოცირდებოდა გმირთან, იმიტომ რომ ოჯახის დამოკიდებულება, გარშემომყოფების დამოკიდებულება ყოველთვის განსაკუთრებული იყო. ჩემს გვარს რომ გაიგებდნენ, პირველივე კითხვა იყო - თუ ვინ იყო ჩემთვის ჟიული შარტავა? სიმართლე გითხრათ, გაცნობიერება იმისა რომ გმირზე მეტად პირველ რიგში ბაბუა იყო, ეს უკვე მოვიდა სტუდენტობის ასაკის დროს. 4 წლის წინ დავაპირე გამეკეთებინა ვიდეოკლიპი და მოვიძიე წიგნები ჟიული შარტავას შესახებ... მაშინ გავაცნობიერე, რომ ბაბუა მაკლია. ის პატიოსანი, საღად მოაზროვნე და ძალიან მზრუნველი კაცი იყო. გმირად არ იბადებიან, გმირები შემდეგ ხდებიან. სახელმწიფო სამსახურში 20 წელი იმსახურა და არ შეიცვალა, ძალაუფლებამ არ გარყვნა. როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ისევ მის სამსახურში ჩადგა. სანამ სოხუმში წავიდოდა, თურმე ხშირად ამბობდა, მინდა შვილიშვილს მოვესწროო. ვერ მოესწრო და ეს ჩემთვის და ჩემი ძმისთვის, უმცროსი ჟიული შარტავასთვის, ძალიან რთულია... რა თქმა უნდა, ეს ოჯახისთვის დიდი ტკივილია, დიდი ტრავმაა, მათ არჩევანის საშუალება რომ ჰქონოდათ, გმირობა თუ სიცოცხლე, რა თქმა უნდა, მის სიცოცხლეს აირჩევდნენ.

სულ იმაზე ვფიქრობ, როგორია როცა ალყაშემორტყმულ ქალაქში ხარ, შენი თანამებრძოლები, თანამემამულეები შენთან არიან და ვერაფერს ცვლი. ბაბუა ბოლო წუთამდე არ დანებდება და დღეს მის წინაშე ანგარიშვალდებული ჩვენ ვართ. ამბობენ, დრო ყველაფერს კურნავსო, მაგრამ რამდენჯერაც მის სახელს ახსენებენ, რამდენჯერაც საფლავზე ავდივართ, მაინც ტკივილიანი და სევდანარევია ყველაფერი. როცა ბაბუ სოხუმში მიდიოდა, ლია ბებოს დაუბარა, თუ არ დავბრუნდი, ღირსეულად დამიტირეთო. 27 სექტემბერს ქალაქი დაეცა, ბაბუს ამბავი გაურკვეველი იყო. ბოლო მონაცემებით, ცოცხალი ყოფილა და მოლაპარაკებაზე წაუყვანიათ. 28-ში, დილით, ჟიულის ძმა სოსო მივიდა სამთავრობო შენობაში, და იქ შეატყობინეს, რომ მისი ძმა ცოცხალი აღარ იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბაბუა ნაწამები იყო. აიძულეს, დაჩოქილიყო, მან კი არ დაიჩოქა. ამის მერე მუხლებში ესროლეს და როცა დავარდნილა, საკონტროლო გასროლაც მიუყოლებიათ. ჟიული შარტავა მაშინ დაფასდება, როცა სოხუმში დავბრუნდებით. ის ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველოსათვის იბრძოდა და თავისი მსხვერპლშეწირვით მომავალ თაობას სოხუმში დაბრუნების უფლება დაგვიტოვა.

ჟიული შარტავას მეორე სიცოცხლე დაიწყება მაშინ, როცა ჩვენ სოხუმში დავბრუნდებით! მას თავისი სიცოცხლე არ გაუწირია იმისთვის, რომ მისი სახელი პარკების, სკვერებისა და ქუჩებისათვის დაერქმიათ და მოსახსენიებელი ღონისძიებები ჩაეტარებინათ, თუმცა ეგეც საჭიროა, რათა ჩვენი გმირები და ღირსეული წინაპრები არ დავივიწყოთ... ბაბუამ და იმ ადამიანებმა, ვინც მასთან ერთად იყვნენ: გაბესკირია, ალასანია და სხვები, სიცოცხლე იმისთვის გაიღეს, რომ მომავალ თაობას სოხუმში დაბრუნების უფლება ჰქონოდა და ჩვენ აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ!

  • ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი

იხილეთ ასევე: