ავტორი:

უკრაინის მიერ ყირიმის დაბრუნება შეიძლება იქცეს თუ არა რუსეთთან მოლაპარაკების წინაპირობად? - "ნებისმიერ ომში შეიძლება შეიქმნას ვითარება, როცა ხდება "ფრონტის ჩამოშლა“

უკრაინის მიერ ყირიმის დაბრუნება შეიძლება იქცეს თუ არა რუსეთთან მოლაპარაკების წინაპირობად? - "ნებისმიერ ომში შეიძლება შეიქმნას ვითარება, როცა ხდება "ფრონტის ჩამოშლა“

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უკრაინული ძალები აგრძელებენ თავდახმებს ანექსირებულ ყირიმში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ობიექტებზე.

ექსპერტებისა და პოლიტიკოსების აზრით, ყირიმზე უკრაინის კონტროლის აღდგენა გრძელვადიანი მშვიდობის მთავარი გარანტი შეიძლება გახდეს. მათი აზრით, ეს სტაბილურობას მოუტანს არა მარტო უკრაინას, არამედ - ევროპასაც.

რუსეთ-უკრაინას შორის გარკვეული შეთანხმების მიღწევას ჰყავს როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები: მომხრეების აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოლაპარაკებების შედეგად არ დაკმაყოფილდება უკრაინის მიზნები მისი ტერიტორიის სრულად აღდგენის შესახებ, მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს და გარკვეული შეთანხმება შედგეს. ოპონენტების თქმით კი, მოსკოვთან შეთანხმებამ შეიძლება დროებით დაასრულოს ბრძოლა, მაგრამ ეს იმას არ გამორიცხავს, რომ რუსეთი აგრესიას უახლოეს მომავალში არ განაახლებს.

ყირიმის სავარაუდო მომავალზე არაერთი უკრაინელი პოლიტიკოსი მსჯელობს. ბევრი მათგანის აზრით, ყირიმის დაბრუნება უახლოეს მომავალში არ განიხილება.

”ჩვენ სერიოზულად არ ვისაუბრებთ ყირიმის დაბრუნებაზე, სანამ დანარჩენი უკრაინა არ გათავისუფლდება”, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ანდრეი ზაგოროდნიუკმა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის თქმით, "ყირიმის გათავისუფლება უკრაინის უსაფრთხოების მთავარი გარანტია" და აღნიშნა, რომ აშშ მხარს დაუჭერს უკრაინის ძალისხმევას, დაიბრუნოს ნახევარკუნძული, რომელიც თითქმის ათი წლის წინ დაკარგა.

ნახევარკუნძულის მომავალსა და მისი გათავისუფლების შესაძლო სცენარებთან დაკავშირებით Ambebi.ge - ს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ესაუბრა:

"შემიძლია ვთქვა, რომ ყირიმის დაბრუნების პერსპექტივა უახლოეს მომავალში არ არსებობს. კარგად ვხედავთ თუ რა რთული ბრძოლები მიმდინარეობს ზაპოროჟიესა და ხერსონის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთს აქვს დაპყრობილი. ჯერ კიდევ დიდი ბრძოლაა არის გასავლელი იმისთვის, რომ უკრაინის ჯარმა ანექსირებული ყირიმის ჩრდილოეთ საზღვართან მიაღწიოს. 4 ივნისი შემდეგ უკრაინა კონტრშეტევებს ახორციელებს ყირიმის მიმართულები, თუმცა მნიშვნელოვანი შედეგი ჯერაც არ არის მიღწეული.

ყირიმის ნახევარკუნძულთან მიღწევის კიდე ერთი ვარიანტი არსებობს: ეს არის საზღვაო და სახმელეთო დესანტის გადასხმა შემოვლითი გზით. მაგრამ უკრაინას ამჟამად მსგავსი ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის ჩატარების რესურსი არ აქვს.

თუმცა, ნებისმიერ ომში შეიძლება შეიქმნას ვითარება, როცა სხვადასხვა მიზეზით ხდება "ფრონტის ჩამოშლა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირებით ან თუნდაც, რევოლუციით - მსგავსი შემთხვევა პირველი მსოფლიო ომის დროსაც მოხდა, როცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა მეფის რუსეთის ფრონტის ხაზის ჩამოშლა გამოიწვია. ეს სცენარი არ არის გამორიცხული, მაგრამ ამ ეტაპზე იმის თქმა, რომ რომელიმე მხარე იმარჯვებს, ნაადრევია.

რაც შეეხება უკრაინის მიერ ყირიმის დაბრუნების შემთხვევაში მოლაპარაკებების დაწყებას, ეს ნაკლებად სავარაუდოა. თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ხელისუფლებას, გამორიცხულია ვივარაუდოთ, რომ ისინი შეეგუებიან ყირიმის ნახევარკუნძულის დაკარგვას და უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდებიან.

თუმცა, თუ რუსეთის ხელისუფლებაში სერიოზული ცვლილებები მოხდება, მაშინ გამორიცხული არაფერია. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე მოლაპარაკებების დაწყებაზე საუბარი ნაადრევად მიმაჩნია“, - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.