ჩრდილოეთ კორეა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც იტყობინება, რომ ამერიკელ ჯარისკაც ტრევის კინგს, სამშობლოში "აძევებს". 23 წლის ჯარისკაცმა იზოლირებული ქვეყნის საზღვარი 18 ივლისს უკანონოდ გადაკვეთა: კინგი კომერციულ ტურისტულ ჯგუფს შეუერთდა, რომელიც გაეროს მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე მიემართებოდა. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს (KCNA) ცნობით, კინგის სამშობლოში "გაძევების" ზუსტი დრო და ადგილი, უცნობია.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯარისკაცი "უკანონოდ შეიჭრა" ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე და ირწმუნება, რომ მას "ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა აშშ-ს არმიისადმი" და "იმედგაცრუებული იყო საზოგადოების უთანასწორობით". ამის მიზეზად, სააგენტო არაადამიანურ მოპყრობასა და რასობრივ დისკრიმინაციას ასახელებს, თუმცა თავად ტრევის კინგთან ამ ინფორმაციის გადამოწმება, ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ კინგის "საქმის გამოძიება დასრულებულია", თუმცა არ დაუზუსტებიათ, როგორია ჯარისკაცის მდგომარეობა, ან ის, თუ კონკრეტულად სად იმყოფება იგი.
სამხედრო სადემარკაციო ხაზი გადაკვეთა..
მანამ, სანამ კინგი სადემარკაციო ხაზს გადაკვეთდა, ის სამხრეთ კორეის ციხის საპატიმროში იმყოფებოდა. როცა საპატიმროდან გაათავისუფლეს, სამხედროებმა ის ინჩონის აეროპორტში გააცილეს, რათა აშშ-ში უფრო მკაცრი დისციპლინარული ზომები მიეღოთ მის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა კაცი აშშ-ს ფრენას არ გაჰყვა და ჩრდილოეთ კორეის საზღვრისკენ გაემართა.
ის სამხრეთ კორეის საპატიმრო დაწესებულებაში ორ ადამიანზე თავდასხმის და პოლიციის მანქანაზე წიხლების რტყმის გამო იხდიდა სასჯელს.
წყარო: cnn
მოამზადა: ანა სიბოშვილმა