ავტორი:

ყარაბაღის "მთავრობის" მილიარდერი "მეთაური" დაკავებულია: რა არის ცნობილი რუბენ ვარდანიანზე, რომელმაც წლების წინ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა - მას "სომეხ ივანიშვილად" მოიხსენიებდნენ

ყარაბაღის "მთავრობის" მილიარდერი "მეთაური" დაკავებულია: რა არის ცნობილი რუბენ ვარდანიანზე, რომელმაც წლების წინ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა - მას "სომეხ ივანიშვილად" მოიხსენიებდნენ

აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ყოფილი ე.წ. “მთავრობის მეთაური” რუბენ ვარდანიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.

მათი თქმით, ვარდანიანი “ლაჩინის” სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დააკავეს, როდესაც იგი მთიანი ყარაბაღის დატოვებას ცდილობდა. იგი ბაქოში გადაიყვანეს და აზერბაიჯანის სახელმწიფო ორგანოებს გადასცეს “შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.”

ვინ არის რუბენ ვარდანიანი?

მილიარდერი რუბენ ვარდანიანი საინვესტიციო კომპანია "ვარდანიანი, ბროიტმანი და პარტნიორების“ ყოფილი მფლობელია. ის ასევე სკოლკოვოს ბიზნეს სკოლის დამფუძნებელი და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მოქმედი პრემიერი გახლავთ. ვარდანიანმა Meduza-სთან ინტერვიუში, რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმაზე, ომის დროს დაწესებულ სანქციებზე და საკუთარ ქონებაზე ისაუბრა.

რუბენ ვარდანიანს სომეხ ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ, თუმცა მას ეს შედარება არ სიამოვნებს. ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილს კარგად იცნობს და პატივს სცემს.

"კარგი ურთიერთობა გვაქვს. ძალიან მადლობელი ვარ მისი. სოფლებში სომხური ეკლესიის აღდგენის ერთ-ერთი შემომწირველი იყო. დიახ, მე მას პირადად კარგად ვიცნობ და პატივს ვცემ...“ - ივანიშვილზე ვარდანიანმა 2021 წელს, Forbes Talks-ში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ისაუბრა.

Meduza-სთან ინტერვიუს ძირითადი ნაწილი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სატრანსპორტო ბლოკადას დაეთმო. 12 დეკემბერს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადაკეტა ლაჩინის დერეფანი - ერთადერთი გზა, რომელიც აკავშირებს თვითგამოცხადებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას სომხეთთან, ანუ გარე სამყაროსთან. ვარდანიანის თქმით, ამის გამო ყარაბაღში საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტი შეიქმნა ათეულობით მძიმედ დაავადებული პაციენტისთვის, რომელთა გადაყვანაც სამშვიდობოებმა საჰაერო გზით ვერ შეძლეს (აზერბაიჯანმა ფრენები აკრძალა). 21 იანვარს აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთიდან ყარაბაღისკენ მიმავალი გაზსადენიც გადაკეტა, რის შედეგადაც გაზის მიწოდება შეწყდა.

უარი რუსეთის მოქალაქეობაზე

"თითოეულ ჩვენგანს აქვს საკუთარი ინდივიდუალური ისტორია. ჩემთვის ყველაფერი ჯერ კიდევ 2020 წლის 5 ოქტომბერს დაიწყო (ყარაბაღის მეორე ომის დასაწყისი. - რედ.) - ეს გაცილებით ადრეა, ვიდრე "სპეციალური ოპერაცია". მაშინ ჩემს განცხადებას 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა. გამოსვლისას შავი პერანგი მეცვა და ვამბობდი, რომ მთიანი ყარაბაღის ომის შეწყვეტა ნებისმიერ ფასად იყო საჭირო. მივმართე აზერბაიჯანელ, ქართველ, სომხურ და რუს ელიტას და პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. მე ჩემი პოზიცია 2022 წლის 24 თებერვალზე ბევრად ადრე დავაფიქსირე.

ჩემთვის წითელი ხაზი ჯერ კიდევ 2020 წელს არცახმა (ყარაბაღის სომხური სახელი - რედ.) გაავლო.

მანამდე არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე საჯარო თანამდებობას დავიკავებდი, გადავიდოდი პოლიტიკურ საქმიანობაში. მაგრამ ეს იყო შეგნებული გადაწყვეტილება, 2020 წლის 9 ნოემბრის შემდეგ (როდესაც დასრულდა ყარაბაღის მეორე ომი, რომელიც სომხეთმა წააგო. - რედ.), ძალიან გამიჭირდა ცხოვრება. ეს დამარცხება არის უზარმაზარი ჭრილობა, რომელსაც სხეულით ვატარებ.

ახლახან მივხვდი, რომ ნაკლები შანსია გარედან არცახს დავეხმარო. მე აქ ვარ და ჩემს ხალხზე პასუხისმგებლობას ვიღებ პათოსის და გმირობის გარეშე", - აცხადებდა მილიარდერი.

რუბენ ვარდანიანი 2022 წლის სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულების შედეგად, რუსეთის მოქალაქე აღარ არის, რის მერეც მთიან ყარაბაღში გადასახლდა და არაღიარებული რესპუბლიკის პრემიერი გახდა.

წაიკითხეთ ასევე: