ავტობიოგრაფიული ნაშრომი მკითხველს საშუალებას აძლევს, მისთვის საინტერესო პიროვნების შესახებ აქამდე უცნობი დეტალები შეიტყოს, შეესწროს მისთვის მიუწვდომელ დიალოგებს, შეაღწიოს ოთახებში, სადაც მას აქამდე არასდროს შეახედებდნენ, ზოგიერთი არასწორი გადაწყვეტილება გაუგოს კიდეც ავტორს, ემპათიით განიმსჭვალოს მის მიმართ...
ავტობიოგრაფიული ნაწარმოებები ხანდახან რომანს ჰგავს, მოვლენები გამოგონილი გგონია, პერსონაჟები არარეალური. არის კი სინამდვილე ყველაფერი, რასაც ავტორები თავიანთ შესახებ წერენ? და რა მიზანს ემსახურება ავტობიოგრაფიული წიგნების გამოქვეყნება, რაც ერთგვარ აღსარებას ჰგავს საზოგადოების წინაშე?
ამ კითხვებზე პასუხის ძიებაში მწერალმა და ლიტერატურათმცოდნე მალხაზ ხარბედიამ სამი წელი გაატარა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის XIX-XX საუკუნეების 300-ზე მეტი ქართველი მწერლის ავტობიოგრაფიას იკვლევდა, სწავლობდა იმ მოაზროვნეთა, მწერალთა თუ მეცნიერთა ტექსტების სტრუქტურას, სტილს, ისტორიულ კონტექსტს, რომლებიც ჩაუღრმავდნენ საკუთარ „მე-ს“ და უმნიშვნელოვანესი საკვლევი მასალა შექმნეს. საბოლოოდ მალხაზ ხარბედიამ თავის წიგნში - „შეთხზული „მე“, შთამბეჭდავად ასახა ავტობიოგრაფიული ჟანრის ევოლუცია - ნეტარი ავგუსტინედან დაწყებული და რუსოს, დოლთაის, ლეჟენის რეფლექსიებით გაგრძელებული.
მაინც რატომ წერენ ავტობიოგრაფიულ ნაშრომებს, რისი თქმა სურთ მკითხველისთვის? პასუხებს კითხვებზე ავტორი სხვადასხვა დროსა და ისტორიულ გარემოში შეთხზულ ტექსტებში ხეტიალით ეძებდა და იმავდროულად თვითონაც ებმებოდა „ქსელში“, რომელიც საკუთარი გამოცდილების გაზიარებისკენაც უბიძგებდა. ამის შესახებ ავტორი წიგნის წინასიტყვაობაშიც აღნიშნავს:
„წერის პროცესი ორ წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა, ბევრ რამეს გზადაგზა ვარკვევდი, ვაზუსტებდი, ვრწმუნდებოდი. უზარმაზარი დოკუმენტური მასალის გარდა თეორიული კვლევების უსასრულო ხლართებიდანაც მიწევდა მუშაობა. საბედნიეროდ, ვრცელი ლიტერატურა არსებობს ამ მიმართულებით, „ავტობიოგრაფიული“ და „ავტობიოგრაფიაზე“ დაწერილი ტექსტები და მეტატექსტები საოცარ მრავალხმიანობას ქმნიან, ხშირად შეუთანხმებელს, და პირველ რიგში მათი წაკითხვა და საკუთარი გამოცდილების გათვალისწინება იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი, თუმცა გარკვეულ პერიოდებში ჩნდებოდა ეჭვი, რომ ვერასდროს გამოვაღწევდი ამ ქსელიდან, სადაც აუარება წინააღმდეგობა იყო და თანაც ბევრი უცხო ადამიანის პირად ამბებთან ერთად შენი ამბავიც ცდილობდა სადღაც გამოქვაბულიდან გამოღწევას, გამოხედვას და ამას ყველაფერს ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიისა და ლიტერატურათმცოდნეობის ნისლი ეფარებოდა“, - წერს ავტორი.
საბოლოოდ, გამოქვაბულიდან გამოაღწია მწერლის ამბავმაც, რომელიც მონუსხავს მკითხველს გულახდილობით და, რაც მთავარია, უბიძგებს მას თავადაც სცადოს საკუთარ არსებობაში გარკვევა და საკუთარი თავის წაკითხვა.
წიგნში მკითხველი გაეცნობა ავტორის საინტერესო ხედვებს ავტობიოგრაფიული ნაშრომის წერის თაობაზე, რომელიც მწერლის ცოდნაზე, კვლევებსა და გამოცდილებაზეა დაფუძნებული.
„მე -ტექსტებში“ აღწერილი ამბები ავტორების ხედვა და მოსაზრებებია თავიანთი ცხოვრების შესახებ. ისინი სუბიექტურად ხედავენ, როგორ ვითარდებოდა მათ გარშემო მოვლენები, რამდენად სამართლიანი თუ არასამართლიანი იყვნენ მათ მიმართ სხვები, თავიანთი თვალით გვიყვებიან საკუთარი ცხოვრების შესახებ, თუმცა იყო თუ არა ყველაფერი რეალურად ასე? ეს ხომ მხოლოდ მათი სუბიექტური აღქმაა?
მალხაზ ხარბედიას წიგნი ავტობიოგრაფიული ნაშრომების შექმნის მიზნების, ისტორიების თხრობის სტილის, სუბიექტურობის ფაქტორისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ ბევრ პასუხს გვაპოვნინებს და რაც მთავარია, ავტორის აღმოჩენის საშუალებასაც მოგვცემს.
გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ მალხაზ ხარბედიას „შეთხზული „მე“ წიგნის სერიის „იკითხე ქართული XXI-ის“ ფარგლებში გამოსცა. სერია თანამედროვე ავტორების მნიშვნელოვან ნამუშევრებს მოიცავს.
მალხაზ ხარბედია ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, „ღვინის კლუბის“ დამაარსებელი და მისი პრეზიდენტია. ის წლების განმავლობაში იყო ჟურნალების „ცხელი შოკოლადისა“ და „არილის“ მთავარი რედაქტორი. ასევე, მალხაზ ხარბედიას ბიოგრაფიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გაზეთ „მარანი-Weekend-ის“ მთავარ რედაქტორობასაც. ის ასევე არის Wine & Spirit Education Trust-ის მე-3 დონის სერტიფიცირებული ღვინის პროფესიონალი.
მისი ავტორობით გამოცემულია ესეები ლიტერატურულ გასტრონომიაზე, ვენახზე, ღვინოსა და ტურიზმზე და სხვა.
R