ავტორი:

"ეს ფილმი ჩაწყობით დაფინანსდა პრემიერ გახარიასგან" - აურზაური ნანა ჯანელიძის ფილმის ირგვლივ: რა მოხდა ჩვენებაზე და რას წერს თეა წულუკიანი?

"ეს ფილმი ჩაწყობით დაფინანსდა პრემიერ გახარიასგან" - აურზაური ნანა ჯანელიძის ფილმის ირგვლივ: რა მოხდა ჩვენებაზე და რას წერს თეა წულუკიანი?

რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმის "იარე, ლიზას" ირგვლივ აჟიოტაჟი არ წყდება. ფილმმა საზოგადოების გარკვეული ნაწილის გულისწყრომა გამოიწვია. გუშინ კინოთეატრ "ამირანში" ფილმი შუა ჩვენებისას, პროტესტის ნიშნად, დატოვეს მაყურებლებმა. ისინი ხმამაღალი შეძახილებით გამოთქვამდნენ აღშფოთებას ფილმის შინაარსის გამო.

მაყურებელთა ნაწილის პოზიციით, ფილმში გადმოცემული ფაქტები რეალობას არ ასახავს. მათივე შეფასებით, სცენარში, რომელიც ჟურნალისტ ლია ტოკლიკიშვილს ეკუთვნის, ქართველები დამნაშავეებად, ხოლო აფხაზები უცოდველებად არიან წარმოჩენილი. განსაკუთრებული გაღიზიანება ფილმის მთავარი გმირის მიერ ენგურს იქით ხმამაღლა დაძახილმა "ბოდიშმა" გამოიწვია. ქართველი ჟურნალისტი ბოდიშს უხდის აფხაზებს.

რამდენიმე დღის წინ ფილმის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, "იარე, ლიზა" რუსული პროპაგანდის განუყოფელი ნაწილია" და კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის მითითებით არის გადაღებული.

"სამწუხაროდ, ეს ფილმი, რომელიც წულუკიანის ბრძანებით დაფინანსდა, რუსული პროპაგანდის განუყოფელი ნაწილია, ისევე როგორც ფარცხალაძის ტროლფაბრიკები. ჩვენ გვაგუებენ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაკარგვას, ამისთვისაც მოკლეს ლაზიკის პროექტი და ქუთაისის პარლამენტს ბოქლომი დაადეს იმიტომ, რომ ორივე დიდი პროექტი აფხაზეთთან გვაახლოებდა" - დაწერა სააკაშვილმა.

  • კულტურის სამინისტრომ სააკაშვილს შესაბამისი პოსტით დღეს უპასუხა:

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დროს სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე აქტიურად და მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმის - „იარე ლიზა“ - გადაღება კულტურის ახლანდელმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „ბრძანა“.ამ სიცრუის ტირაჟირებას სათავე დაუდო სისხლის სამართლის დამნაშავის, ამჟამად პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა მისთვის დამახასიათებელმა პოლიტიკურმა ტყუილმა.უპირველესად, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ფილმები მინისტრის ბრძანებებით არ ფინანსდება. როგორც ჩანს, სისხლის სამართლის დამნაშავეს თავისი მმართველობის ხანაში ერევა ამჟამინდელი მთავრობის მინისტრის მმართველობის სტილი. ასევე, შევახსენებთ ყველა დაინტერესებულ პირს, რომ თეა წულუკიანი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა 2021 წლის მარტში. კინოხელოვანთა ერთი ჯგუფი, მათ შორის - რეჟისორი ნანა ჯანელიძე, მას დღემდე აკრიტიკებს ეროვნული კინოცენტრის რეფორმის გამო, რომელიც ამ ორგანიზაციის გამჭვირვალობასა და სამართლიანი კონკურსების მოდელის შემუშავებას ისახავს მიზნად. ფილმის - „იარე ლიზა“ - გადაღება სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაპირველად 2019 წელს დაფინანსდა (300 000 ლარი), მოგვიანებით კი კინოცენტრის ხელმძღვანელის - გაგა ჩხეიძის გადაწყვეტილებით კინოცენტრმა ფილმის გადაღებისთვის უკონკურსოდ გამოყო კიდევ 240 690 ლარი. 2020 წელს, იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, უშუალო ჩარევით ფილმისთვის დამატებით, ისევ უკონკურსოდ, გამოიყო 1 200 000 ლარი. სულ ფილმის გადასაღებად იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასა და კინოცენტრის ხელმძღვანელის, გაგა ჩხეიძის, ხელშეწყობით გამოიყო 1 740 690 ლარი." - ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

რაც შეეხება თავად მინისტრ წულუკიანს, როგორც ის წერს, ფილმი ჯერ არ უნახავს, და საკუთარს აზრს მოგვიანებით, მას შემდეგ გამოთქვამს, როცა ფილმს ნახავს.

ფილმის დაფინანსებასთან დაკავშირებით მინისტრი აღნიშნავს, რომ ფილმი ნანა ჯანელიძეს, "ჩაწყობით" და უკონკურსოდ დაუფინანსეს მაშინ, როდესაც პრემიერი გიორგი გახარია იყო.

"ამ ფილმის ავტორი ქალბატონი დღეს ჩემგან "იცავს" ქართულ კინოს. ეს ფილმი არ მინახავს და ვნახავ აუცილებლად, ვინაიდან მინისტრი ამ ქვეყნის შვილია და მასაც აქვს უფლება, ჰქონდეს აზრი და ამ აზრის გამოთქმის თავისუფლება (ქალბატონო ნანა!). მით უმეტეს, რომ ბევრი წელი დავახარჯეთ ბევრმა ადამიანმა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლოს ეთქვა სიმართლე - რუსეთი ოკუპაციას აგრძელებს, ანწუხელიძე, სოფრომაძე და სხვები ოკუპანტმა მოკლა და ქართველების ეთნიკური წმენდა ჩაატარა, და რომ აფხაზეთი საქართველოა!!! ამ დროს, მე იუსტიციაში ვმუშაობდი, თქვენ კი ამ ფილმს იღებდით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ფილმი საპირისპიროს არ ამბობს იმისა, რაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა ჩვენზე, ქართველებზე და ჩვენს სიმართლეზე...მაგრამ ვნახავ და მექნება ჩემი აზრი. ჩემი აზრი თუ არ მოგეწონებათ, მერე მიმართავთ პრემიერ-მინისტრს ღია წერილით და მოვთხოვთ მორიგჯერ, რომ გამაჩეროს (ასე გესმით თავისუფლება და შექსპირის სონეტები, არავიძემ რომ კარგად იცოდა)... და ვერ მიიღებთ სასურველ პასუხს.ის კი ვიცი, და ამის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდანაც ვისაუბრე წინა კვირაში, რომ ფილმი ჩაწყობით (!), უკონკურსოდ (!) დაიფინანსა რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ პრემიერ გახარიასგან. და ახლა ჩაწყობებზე აწყობილი კინოცენტრის რეფორმას უპირისპირდება. გასაგებია." - წერს წულუკიანი.

ცნობისთვის, ფილმზე "იარე, ლიზა" რეჟისორი ნანა ჯანელიძე და ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ. მთავარი გმირი ჟურნალისტი ქალია, რომელიც 25 წლის წინ, რეპორტიორად მუშაობდა აფხაზეთის ომში. ფილმში გამოყენებულია ქართულ-აფხაზური ომის მონაწილეების და მოწმეების, ქართველი და აფხაზი მწერლების, სასულიერო პირების მონათხრობი და დღიურები. ფილმზე ქართველი და უკრაინელი ანიმატორები მუშაობდნენ. „იარე, ლიზა“ საქართველოსა და ბულგარეთის კოპროდუქციაა. ფილმი გადაღებულია ეროვნული კინოცენტრის და კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

ასევე იხილეთ: