ავტორი:

აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი განირა ფაშაევა გარდაიცვალა: რას წერს მიზეზებზე მედია?

აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი განირა ფაშაევა გარდაიცვალა: რას წერს მიზეზებზე მედია?

ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედ ალი სოციალურ ქსელში აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი ქალის განირა ფაშაევას გარდაცვალებაზე წერს და აზერბაიჯანულ საზოგადოებას სამძიმარს უცხადებს. სტატუსში ვკითხულობთ, რომ პოლიტიკოსმა ძალიან ბევრი სამაგალითო საქმე გააკეთა ორი ქვეყნის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრობისთვის.

"ძალიან მძიმე ამბავი გავიგე დღეს. აზერბაიჯანში ერთ დროს ცნობილი ჟურნალისტი მერე პოლიტიკოსი და დეპუტატი ქალბატონი განირა ფაშაევა გარდაიცვალა.

ძალიან თბილი, კეთილი და ადამიანთმოყვარე. მან ორი ქვეყნის მეგობრობისთვის ძალიან ბევრი სამაგალითო საქმე გააკეთა. ვუსამძიმრებ მთელ აზერბაიჯანელ საზოგადოებას...“ - წერს ჟურნალისტი.

48 წლის აზერბაიჯანელ პოლიტიკოსს, მილი მეჟლისის წევრ განირა ფაშაევას დღეს, ბაქოში, ღირსების ხეივანში დაკრძალავენ. მედიაში წერენ, რომ დეპუტატის დაკრძალვასთან დაკავშირებული ყველა საკითხი აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტის მეჰრიბან ალიევას კონტროლს ექვემდებარება.

"ქალი გუშინ ბაქოს ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა" - იუწყება ადგილობრივი მედია.

ცოტა ხნის წინ, სამედიცინო ტერიტორიული ერთეულების მართვის ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა ზამირა ადილოვამ განაცხადა, რომ კომაში ჩავარდნილ პარლამენტარს უცნობი წარმოშობის ჰიპოტონური მდგომარეობა დაუდგინდა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ განირა ფაშაევა კომაში ჩავარდა და ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მანამდე მედიკამენტებს იღებდა, რამაც სავარაუდოდ, მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია.