ელისაბედ ჩერქეზიშვილი ქართული კინოსა და თეატრის ერთერთი გამორჩეული სახე, მაკარის დედა ფილმიდან "ქეთო და კოტე" და "ხანუმა", რომელიც სხვადასხვა თეატრალურ სივრცეში უთამაშია. ვისაც მსახიობის წიგნი "ჩემი მოგონებანი" წაუკითხავს, მასზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას დატოვებდა, ვინაიდან მსახიობი თავისი ტრაგიკული ბედის შესახებ დაუფარავად ჰყვება.
მათ შორის იმასაც, თუ როგორ გაათხოვეს იძულებით 15 წლის ასაკში და როგორ დაუნდობლად ექცეოდა მასზე გაცილებით უფროსი ქმარი. არასრულწლოვან ლიზას ქმრის მიმართ გრძნობა არ ჰქონდა და გაუსაძლის პირობებში ცხოვრებას სამი წლის შემდეგ მშობლების სახლში დაბრუნებით დააღწია თავი. შემდეგ ჭეშმარიტი სიყვარული ეწვია, იყო შეხმატკბილებული თანაცხოვრება, სცენაზე როლები, იწვევდნენ ფილმებშიც, თუმცა, ბედნიერება მისთვის მაინც მიუწვდომელი აღმოჩნდა...
შემოდგომა იდგა, სოფელ ტირძნისში, ნათესავის ქორწილში მიპატიჟებულმა 14 წლის ელისაბედ ჩერქეზიშვილმა, ჩითის წითელი კაბასა და "ბაშმაკებში"გამოწყობილმა, ლეკური ჩამოუარა და ყველა სტუმრის ყურადღება მიიქცია. მათ შორის იყო გიგა მაჩაბელი, რომელმაც პატარა მოცეკვავე შენიშნა და მის ოჯახს მაჭანკლები მიუგზავნა.
გოგონა უარზე იყო, ნერვიულობისგან სამი დღე სიცხიანი ლოგინში იწვა, დედას, დეიდას, ბიძას სთხოვდა, არ გაეთხოვებინათ იმ კაცზე, რომელიც სრულიად არ მოსწონდა, მაგრამ საპასუხოდ ისმენდა: "მისთხოვდი, თავადიშვილია, კნეინა გახდებიო".
ერთადერთი მამამისს ეჭირა შვილის მხარე, თუმცა მისი გადარწმუნება ცოლმა და ნათესავებმა შეძლეს. კაცს ქალიშვილისთვის უთქვამს, შვილო, ბედნიერი იყავი, ქორწილს მე ვერ დავესწრებიო და რამდენიმე დღით საკუთარ სახლს გაეცალა. ლიზას თხოვნა-მუდარამ რომ არ გაჭრა, 35 წლის გიგა მაჩაბელი "ერთი თავი შაქრითა და ფოჩიანი დახატული კანფეტებით" ჩერქეზიშვილების ერთადერთი ქალიშვილის დასანიშნად გაეშურა. ჯვრისწერაზე ლიზას გათხოვებაზე უარის თქმა უნდოდა, მაგრამ ძალომ გადაულაპარაკა, არ გაბედო, ასე იტყვიან, უნამუსოა, ეკლესიიდან გამოექცათო. ლიზაც ბედს დაემორჩილა.
კნიაზის "სასახლე"არ გამოიყურებოდა ისე, როგორც აღწერდნენ: სამი ფიცრის მიგრეხილმოგრეხილი ოთახი, მოაჯირჩამტვრეული აივანი, კიბის ათი საფეხურიდან ხუ თიღა შემორჩენილიყო, ოთახებში იდგა ორი ტახტი, სამი სკამი, ერთი კიდობანი და კედელზე თოფი ეკიდა.
მაზლები და რძლები თბილად შეხვდნენ, მაგრამ მალე მეუღლემ ცოლს მათთან დალაპარაკებაც კი აუკრძალა და სახლში გამოკეტა: "მაგათ არ აყვე, თორემ დაგიბნელებ დღესაო", თანაც დაამატებდა: "ჩტოჟე". ამ სიტყვას ხშირად ხმარობდა, არ ვიცი, რაში სჭირდებოდა, წერდა ელისაბედ ჩერქეზიშვილი.
გამოჯანმრთელდნენ თუ არა, კნიაზმა სიდედრი სახლიდან გააგდო. მალე ელისაბედი ხელმეორედ დაორსულდა, თუმცა ამ ფაქტს სიხარულით არ შეხვედრია, ნატრობდა, მშობიარობას გადაჰყოლოდა, თავის მოკვლაზეც არაერთხელ უფიქრია. ბოლო წვეთი მორიგი ეჭვიანობის სცენა აღმოჩნდა:
"ერთ საღამოს მაზლის ცოლმა ჩაიზე დამპატიჟა. მაზლები კაკლის ქვეშ ნარდს თამაშობდნენ... შემოდგომის წყნარი და მზიანი დარი დაჩაგრულ გულს ცოტაოდნად მიხალისებდა. რძლებმა მთხოვეს მუსიკის დაკვრა. უხალისოდ ვუკრავდი. კნიაზი უცბად წამოხტა, თავიდან ქუდი მოიხადა, ჩამოჰკიდა კაკალზე, სადაც მისი ძმები ნარდს თამაშობდნენ, ესროლა რევოლვერი თავის ქუდს, გახვრიტა იგი, დაიხურა და გასწია სახლისაკენ. ჩვენ ყველანი შიშმა აგვიტანა. დამიყვირა ჩემი ძმა ვანო გყვარობსო, ჩვეულებრივი მუქარით ულვაშებზე გადისვა ხელი, ცხენი შეკაზმა და გააქროლა. საით ღმერთმა უწყის'' - იხსენებდა ლიზა.
ამასობაში ლიზას მამა უკვე აღარ იყო ცოცხალი, ქალმა დედამისი დაარწმუნა, რომ ქმარს აუცილებლად უნდა გაშორებოდა და სახლში დაბრუნდა. გიგა მაჩაბელი მაინც არ ასვენებდა, ჯერ ცხენზე ამხედრებული რევოლვერის ჰაერში გასროლით შეეჭრებოდა კარმ-იდამოში, შემდეგ შორიდან უთვლიდა, მაინც მოგკლავო.
კოშკაში, აზნაურ ჩერქეზიშვილების სახლს სამი ცხენოსანი რომ ესტუმრა, ლიზას უკვე საკმაოდ წამოზრდოდა მუცელი. მათ შორის ერთერთი გამომძიებელი ნიკო ხიზანიშვილი იყო, რომელმაც გამასპინძლების შემდეგ ლიზას მუსაიფი გაუბა. როცა გაიგო, სოფელში ჟურნალ-გაზეთები და წიგნები არ აღწევდა, გაგზავნას დაჰპირდა.
კაცი, რომლითაც მაშინვე მოიხიბლა, დანაპირებს ასრულებდა. მალე წერილების მოწერაც დაიწყო და ერთი დღის სტუმარი ლიზასთვის ძვირფას ადამიანად იქცა.
ლიზას გოგონა შეეძინა, რომელსაც ნუცა დაარქვა. იმ ხანად ხშირად დადიოდა სოფელ მერეთში ფურცელაძეებთან, რომელთა ძალისხმევით თანასოფლელებისთვის წარმოდგენები იმართებოდა. პატარ-პატარა როლები ლიზასაც ათამაშეს და მისი დებიუტი სცენაზე 1885 წელს შედგა.
ერთი განსწავლული და ქველმოქმედი ქალი, ქეთევან ჟურული, ლიზას ურჩევდა, ამ საქმეს სერიოზულად მოჰკიდებოდა, მაგრამ მას ნიკოს სიყვარული აბრკოლებდა, არ ეგონა, თუ კაცი მის გადაწყვეტილებას მოიწონებდა. გამომძიებელი გაგებით მოეკიდა საყვარელი ქალის მისწრაფებას სცენისადმი და სამწლიანი მიმოწერის ბოლოს კაცმა ქალს ხელი სთხოვა.
ჯვრისწერას გეგმავდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ამასობაში გიგა მაჩაბელი ხელმეორედ დაოჯახებულიყო, მან ყოფილ ცოლს გაყრაზე უარი უთხრა. პირველი ქმრისგან შეძენილი ბავშვით ლიზა თბილისში გადმობარგდა და თეატრში დასაქმდა. დედაქალაქში დაიწყო მუშაობა ნიკომაც და მათ ერთ ჭერქვეშ დაიწყეს ცხოვრება.
ლიზას თეატრში გამოჩენას ნათესავების მხრიდან გაკიცხვა მოჰყვა, ''აშარი ქალი და თავის მომჭრელი'', ''ცირკის ქალი''დაარქვეს და ბევრი აღარც კი ესალმებოდა. ლიზასთვის კი ის იყო მთავარი, რომ მეორე ნახევარი თანაუგრძნობდა, მეგობრებიც ჰყავდა და საყვარელ საქმეს აკეთებდა.
ჯერ ვახუშტი გაჩნდა, ორი წლის შემდეგ შალვა. ლიზამ სამივე შვილს მისცა განათლება, რასაც თავად მოკლებული იყო. ლიზამ და ნიკომ ჯვარისწერა მხოლოდ 15 წლის შემდეგ შეძლეს, როცა არყით დამთვრალი გიგა მაჩაბელი მდინარეში დაიხრჩო.
წყვილი ბედნიერად ცხოვრობდა, ნიკო ცოლს ''გაზაფხულის პეპელას''ეძახდა, საქმიანობაში ყველანაირად უწყობდა ხელს, ერთადერთი თხოვნა ჰქონდა, შინ გვიან არ დაბრუნებულიყო და მსახიობიც ცდილობდა, წარმოდგენის შემდეგ შინ არასოდეს დაეგვიანა.
1906 წლის ნოემბერის გაზეთი ნიკო ხიზანიშვილის დაჭრის შესახებ იუწყება. სამ ადგილას რევოლვერით დაჭრილი გამომძიებელი გადარჩა, თუმცა თავდასხმა დეკემბერშიც გამეორდა და ამჯერად ყველაფერი გაცილებით მძიმედ იყო - ხიზანიშვილი, მწერლობაში ურბნელისა და პლებსის ფსევდონიმებით ცნობილი, იმავე საღამოს გარდაიცვალა.
დაკრძალვიდან სამ დღეში ლიზამ ანონიმური წერილი მიიღო: ''შენ არ იკვლიო ხიზანიშვილის მკვლელები, თორემ შენც თან მიგაყოლებთ''. და ქვრივმა გაჩუმება ამჯობინა.
ლიზას უბედურება ამით არ დამთავრებულა. ჯერ უფროსი ვაჟი ვახუშტი დაკარგა, შემდეგ უმცროსი შალვა გაუხდა მძიმედ ავად. ნუცა რევოლუციონერი იყო და დააპატიმრეს. ლიზას დედამ შვილიშვილის დაპატიმრება ვერ აიტანა, იმ დროს ლიზა თეატრში იყო და შინ რომ დაბრუნდა, დედამისი გარდაცვლილი დახვდა.
თბილისში წარმოდგენების სეზონები რომ მთავრდებოდა, მსახიობები ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ მართავდნენ სანახაობებს. იმ პერიოდში ლუკმაპურის საშოვნელი ფულისთვის ეს ერთადერთი საშუალება იყო და წლების განმავლობაში ლიზაც ასე იქცეოდა.
ამიტომ მას კარგად იცნობდნენ როგორც თბილისში, ისე სხვა ქალაქებშიც. როცა მარჯანიშვილის თეატრში მისი სცენაზე მოღვაწეობის 60 წლის იუბილე აღნიშნეს, იმავე მიზეზით სხვადასხვა ადგილას დაიგეგმა საღამოებიც, სადაც მსახიობსაც ეპატიჟებოდნენ.
80 წელს გადაცილებული ლიზა გამგზავრებაზე უარს არ ამბობდა. იმ საღამოს ბოლნისში უნდა ეთამაშა ''ხანუმა''. სადგურზე წავიდა, მერხზე ჩამოჯდა და ასე, ყოველგვარი წვალების გარეშე, გარდაიცვალა.
მარჯანიშვილის თეატრიდან რომ გამოასვენეს, ქუჩაში ზღვა ხალხთან ერთად, ოჯახის წევრებიდან მხოლოდ ნუცა მიაცილებდა დედის სასახლეს დიდუბის პანთეონში, სადაც მსახიობი მეუღლის გვერდით დაკრძალეს...
ანა კალანდაძე, ჟურნალ "გზის" არქივიდან
ფოტოები: ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი