ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში "გამარჯვების დღის“ 30 წლის იუბილე აღნიშნეს. მათ "აღლუმიც" ჩაატარეს და უსაფრთხოებისა და იმ მიზეზით, რომ შემთხვევით მტრის ხელში არ აღმოჩნდეს მათი "სახმედრო ტექნიკის თანამედროვე ტექნოლოგიები“, დრონებით გადაღება აკრძალეს.

ადგილობრივები ამ ფაქტს ნეგატიურად გამოეხმარუნენ: "რა საჭიროა ასეთი ქაოსის მოწყობა გზაზე. რეპეტიციის ჩატარება ღამითაც შეიძლებოდა. ხალხს არ შეუძლია სამსახურებში, სკოლებსა და ბაზარში წასვლა. ვის მოსდის ასეთი "გენიალური“ აზრები თავში? დაასახელეთ ამ სიგიჟის ავტორი. სრული არაკომპეტენტურობაა!“ - აპროტესტებდნენ სოხუმელები.

უშუალოდ "გამარჯვების ზეიმის“ დღეს არანაკლებ საინტერესო ამბები მოხდა. ჯერ ერთი, რომ ვითომ პრეზიდენტს ბევრი განერიდა. მაგალითად, საექსპერტო ფონდ "აამთას“. განცხადებაში ვკითხულობთ: "საჭიროდ არ ვთვლით მონაწილეობა მივიღოთ იმ ოფიციალურ ღონისძიებებზე, სადაც პრეზიდენტიც იქნება, რომელიც არა მხოლოდ არ არის ომის მონაწილე, არამედ თავის გარემოსთან ერთად, ანტიეროვნულ პოლიტიკას ატარებს.“

აღლუმს "პრეზიდენტის“ გამო, ასევე რამდენიმე პოლიტიკოსიც გაემიჯნა, მათ შორის ნატალია სმირი.
"თუ უშუალოდ ჩემს დამოკიდებულებაზე ვისაუბრებ, საკმაოდ ხშირად ვამბობ, რომ პრეზიდენტი არ იყო მზად, რომ სამშობლო დაეცვა. მე შეშფოთებული ვარ, რომ თავდაცვის სამინისტრომ, მინისტრმა ვლადიმირ ანუამ "გამარჯვების“ 30 წლის იუბილეზე პრეზიდენტი ასლან ბჟანია მედლით დააჯილდოვა. მინდა ასლან გეორგევიჩს ვკითხო: რა დამსახურების გამო დაჯილდოვდა?
ამას ჩვენი ფასეულობების გადაფასებასთან მივყავართ, ჩვენი ბიჭების დაღუპვა ასლან ბჟანიას დაჯილდოვებით უფასურდება. ომი როდესაც დაიწყო, ის ქვეყნიდან წავიდა. აი, ეს ყალბი პატრიოტიზმი მაშფოთებს. თუ შენ გიყვარს სამშობლო, შენ იქ უნდა ყოფილიყავი", - აცხადებს ნატალია სმირი.