ავტორი:

"როგორ წარმოგიდგენიათ ამ ხელმოცარული ოპოზიციის, ვაშაძის, ხაბეიშვილის ან მათგან გაყრილი მელიასი ვინმეს ეშინოდეს" - ალუდა ღუდუშაური

"როგორ წარმოგიდგენიათ ამ ხელმოცარული ოპოზიციის, ვაშაძის, ხაბეიშვილის ან მათგან გაყრილი მელიასი ვინმეს ეშინოდეს" - ალუდა ღუდუშაური

თუ კარავს თქვენივე სახლის ეზოში ან "კემპინგზე" გაშლით, არავინ არაფერს გეტყვით - არ მგონია, რომ ვიღაცას რაღაცის ეშინია, როგორ წარმოგიდგენიათ ამ ხელმოცარული ოპოზიციის, ვაშაძის, ხაბეიშვილის ან მათგან გაყრილი მელიასი ვინმეს ეშინოდეს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა კანონში დაგეგმილ ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება და ახალი ამკრძალავი ნორმები ამოქმედდება.

ღუდუშაური აცხადებს, რომ ცვლილებების მიზანი ქვეყნის ინტერესების დაცვაა.

"ამის საფუძველია ის, რომ მოწესრიგდეს, მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის და მოქალაქეთა ინტერესების დაცვა. ასე რომ, არ მგონია, რომ ვიღაცას რაღაცის ეშინია. როგორ წარმოგიდგენიათ ამ ხელმოცარული, პოლიტიკურად ნულს ქვემოთ მყოფი ოპოზიციის, ვაშაძის და ხაბეიშვილის ან ნებისმიერი მათი გაერთიანების, ან მათგან გაყრილი მელიასი ვინმეს ეშინოდეს. ამით ხდება დარეგულირება და მოწესრიგება, რადგან ყველაზე მთავარია ქვეყნის ინტერესები, გვექნება საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინება. არ მგონია, რომელიმე წამყვან დემოკრატიულ ქვეყანაში შეიძლებოდეს ის, რაც არის აქ დაშვებული. კარვის გაშლა რეგულირდება კანონით, რა ვითარებაში, რა ადგილზე შეიძლება, ან რა დროს არ უნდა შეიძლებოდეს კარვის ან სხვა მარტივი კონსტრუქციის დადგმა ამა თუ იმ ტერიტორიაზე, აქ არის მთელი რიგი საკითხები, რამდენად უნდა იყოს დაცილებული, რას არ უნდა ხერგავდეს და ა.შ. იქნება მსჯელობა, ყველაფერს აქვს თავის წესი და მსჯელობის დროს იქნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა მოყვანილი, კარვის გაშლა ან არგაშლა თქვენი ნებაა, რა თქმა უნდა, ამას თუ თქვენივე სახლის ეზოში გააკეთებთ არავინ (არაფერს) გეტყვით ან კემპინგზე თუ წახვალთ. არ მგონია თეთრი სახლის ეზოში ვიღაცამ მიგატანინოთ კარავი და გაშალოთ და წამოგორდეთ იქ", - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით განსახილველად მზად არის „შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება. კანონპროექტის განმარტებით ბარათში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების განხორციელების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადებაა დასახელებული.