ავტორი:

"... ვერაფერს გამოვრიცხავთ" - შეიქმნება თუ არა გახარია-სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ალიანსი?!

"... ვერაფერს გამოვრიცხავთ" - შეიქმნება თუ არა გახარია-სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ალიანსი?!
  • ფოტო არქივიდან

გასულ კვირას გამოქვეყნდა Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელიც ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩატარდა. როგორც კვლევით ირკვევა, მოსახლეობის უმრავლესობას, 67%-ს, პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები) ურჩევნია. კითხვაზე, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად გსურთ, რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნება" დარჩეს უმრავლესობაში, თუ გირჩევნიათ, რომ ახალი პარტია(ები) იხილოთ პარლამენტის მმართველის როლში, პასუხები ასე გადანაწილდა: ახალი პარტია(ები) პარლამენტის მმართველის როლში - 67%; "ქართული ოცნება" დარჩეს" უმრავლესობაში - 33%, თუმცა ამავე კვლევის მონაცემებით, 5-%-იანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა მხოლოდ 3 პოლიტიკურ ძალას აქვს. კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, - ალოკაციით ანუ შეწონვის მეთოდით პასუხები ასე ნაწილდება: "ქართული ოცნება" 37%, "გამარჯვების პლატფორმა" ("ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის ალიანსი") - 22%, "საქართველოსთვის" - 10%. 4%-იანი მხარდაჭერა აქვთ შემდეგ პარტიებს: "გირჩი - მეტი თავისუფლება, "დროა", ლეიბორისტული პარტია, "ლელო", "ხალხისთვის" (ანა დოლიძე) და "გირჩი" (იაგო ხვიჩია). ალოკაციის გარეშე პირველი სამეულის რეიტინგი ასეთია: "ქართული ოცნება" - 25%, "გამარჯვების პლატფორმა" - 15%, "საქართველოსთვის" - 6,8%. დანარჩენი პარტიებიდან 4%-ს ვერავინ აგროვებს, ხოლო იმ გამოკითხულების რაოდენობა, ვინც უარს ამბობს პასუხზე ან არჩევანი გადაწყვეტილი არა აქვს, 31,8%-ს შეადგენს.

დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ზემოთ ნახსენებ გამოკითხვაში გახარიას პარტიის მხარდაჭერამ. რით შეიძლება ეს აიხსნას, განსაკუთრებით მაშინ, როცა კარგა ხანია გიორგი გახარია პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად არ ჩანს? - ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრობს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე:

- გახარია წარმატებული და საინტერესო კარიერის პოლიტიკოსი აღმოჩნდა, როგორც შს მინისტრობის, ასევე პრემიერ-მინისტრობის პერიოდის გათვალისწინებით. ის წინააღმდეგობრივი ფიგურაა, მისი ქმედებები კი ორდინარული. იშვიათად მახსენდება იმგვარი ნაბიჯი, რაც მან გადადგა - გადადგომას ვგულისხმობ, მიუხედავად იმისა, სწორი იყო თუ არა მაშინ ნიკა მელიას დაპატიმრება, გახარიას გადადგომა ძალიან მოულოდნელი და საინტერესო ნაბიჯი იყო, რაც, ჩემი აზრით, ელექტორატზე დღემდე მუშაობს. გარდა ამისა, გიორგი გახარია არის სახელისუფლებო პარტიის ანასხლეტი. მისი მხარდამჭერების ნაწილი დღემდე სახელმწიფო სტრუქტურებში თუ რეგიონულ მმართველობაშია. მას ამითაც აქვს გავლენა.

გახარია ჯერჯერობით არ უშვებს შეცდომებს, სატელევიზიო ეთერებში ყოველდღიურად არ ყელყელაობს, შესაბამისად, მუდმივად რჩება ინტერესი, თუ სად არის და რას გეგმავს. იშვიათად აკეთებს განცხადებებს, თუმცა საკმაოდ ორდინარულს. მიმართვის ფორმაც განსხვავებული აქვს. მოკლედ, მას ბევრი პლუსი აქვს, რაც საბოლოოდ ამ რეიტინგში გარდაიქმნება. მან ასევე სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ეკრანი მისი გუნდის წევრებს დაუთმო. ხალხი, რომელიც მმართველ უმრავლესობაში არაფრით გამორჩეული დეპუტატები იყვნენ, დღეს მეტ-ნაკლებად ყველამ გაიცნო, ისინი პარტიულ სახეებად იქცნენ. ამ ხალხისგან შექმნა გახარიამ პოლიტიკური გუნდი, რომელიც სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს არაფრით ჩამოუვარდება.

- ერთ-ერთი ვერსიით, თითქოს გახარია ცდილობს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ალიანსის მიღწევას. რეალურად თუ მიგაჩნიათ მსგავსი სცენარი და მომავალ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი რამდენად მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება იქცეს?

- ჩემი აზრით, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ის უკვე არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, მიუხედავად იმისა, რას და როგორ აკეთებს "ქართული ოცნება". საკმაოდ სარისკო ნაბიჯები გადადგა, როდესაც ჯერ ხელისუფლების კრიტიკა დაიწყო, შემდეგ ამ თავისი ევროპული ვოიაჟით შექმნა მნიშვნელოვანი დღის წესრიგი, ახლახან კი ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიიღო ის ცნობილი გადაწყვეტილება. მე არ ვამბობ. რა სწორია და რა არასწორი, მე ვამბობ, რომ პრეზიდენტი ნელ-ნელა გამოვიდა "ქართული ოცნების" ჩრდილიდან და იქცა დამოუკიდებელ მოთამაშედ. ის ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ხელისუფლებაში ოპოზიციურ შტოდ. გარდა ამისა, ვფიქრობ, "ქართული ოცნების" მიერ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება პოლიტიკურად ძალიან არასწორი ნაბიჯია, მე არ ვეხები ამჟამად სამართლებრივ მხარეს. თავდაპირველად, როგორც ჩანს, ფიქრობდნენ, რომ იმპიჩმენტის თემით სალომე ზურაბიშვილის ბოლო დროს გაზრდილ რეიტინგს ისევ დააგდებდნენ, მაგრამ მოხდა საპირისპირო რამ. დარწმუნებული ვარ, დღეს ზურაბიშვილის რეიტინგი გაცილებით მაღალია, ვიდრე იმპიჩმენტის თემის გააქტიურებამდე.

რაც მთავარია, სალომე ზურაბიშვილს დღეს აქვს ჩვენი პარტნიორების უპირობო მხარდაჭერა. ჯამურად ამ ყველაფერმა მოგვცა მოცემულობა, რომ სალომე ზურაბიშვილი როგორც საშინაო, ის საგარეო პოლიტიკაში გახდა ფაქტორი. წარმოიდგინეთ, სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა ქვეყანაში ჩავიდა როგორც კერძო პირი (მას არ ჰქონდა მთავრობისგან რწმუნება) და დიდი პატივით ხვდებოდნენ ევროსაბჭოს, გერმანიის, საფრანგეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტები. ეს კი ნიშნავს, რომ მას აქვს ჩვენი პარტნიორების უპირობო მხარდაჭერა. ბუნებრივია, ამ ყველაფრის გათვალისწინებით გახარიასა და სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც - ალბათ, "ნაციონალური მოძრაობის" გამოკლებით - სურდეთ მისი მხარდაჭერის მოპოვება საარჩევნოდ. ამიტომაც ვერაფერს გამოვრიცხავთ. წაიკითხეთ სრულად