ავტორი:

"ბევრჯერ წავედი და ჩამოვედი უკან. ვერ ვძლებ თბილისის გარეშე. ლონდონიდან, პარიზიდან, მილანიდან გამოვიქეცი..." - ლექსო ტურიაშვილი

"ბევრჯერ წავედი და ჩამოვედი უკან. ვერ ვძლებ თბილისის გარეშე. ლონდონიდან, პარიზიდან, მილანიდან გამოვიქეცი..." - ლექსო ტურიაშვილი

მუსიკის სიყვარული მამისაგან, ცნობილი და ქართველებისათვის გამორჩეული კომპოზიტორისგან - დავით ტურიაშვილისაგან გამოჰყვა. ოცნება ნელ-ნელა რეალობად ექცა და დღეს წარმატებული მუსიკოსია. როგორც ყველა, თავიდან ისიც ძალიან ბევრს მეცადინეობდა, მერე კონსერვატორიაში ჩააბარა.

"გარდა იმისა, რომ კლასიკურ მუსიკით ვიყავი გატაცებული, როკენ-როლითაც ვიყავი დაკავებული, მერე დრამერობა დავიწყე და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაყოფილი ვიყავი ექსპერიმენტული, თანამედროვე მუსიკასა და კლასიკურს შორის, საბოლოოდ თანამედროვე ავირჩიე“, -გვეუბნება საუბრისას ლექსო ტურიაშვილი. თეატრის მუსიკაში შეიძლება ითქვას, რომ უკვე გამორჩეული და განსაკუთრებული კვალი დატოვა, თუმცა დღეს ეს უკვე ნაკლებად იზიდავს. ახლა უფრო კინოსკენაა გადართული და შესანიშნავ მუსიკასაც წერს. დღეს მას, საზღვარგარეთ ფეხზე უდგებიან და სიტყვაძუნწი მუსიკოსებიც კი დიდ ხანს აქებენ და ტაშს უკრავენ მის შემოქმედებას. უკრავს ისეთ დიდ სცენებზე, როგორიცაა ჩელსის თეატრი ლონდონში და მილანის ცნობილი ჯაზ-კლუბი. თავისი ნიჭისა და არაორდინალობის გამო, ძალიან ქარიზმატულ და გასაოცარ ამინდს ქმნის მუსიკის სამყაროში. ივლისში, ტაშკენტის დრამატულ თეატრში მიიწვიეს და რეჟისორ კახა გოგიძესთან ერთად გააკეთა სპექტაკლი "მარადისობის კანონი“, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სპექტაკლს ხუთი ქვეყნის კულტურის მინისტრი ესწრებოდა - შუა აზიის ქვეყნების წარმომადგენლები. ლექსოს მუსიკამ, ყველა აღტაცებაში მოიყვანა.

- პირველ რიგში გილოცავ მორიგ წარმატებას აქვე მადლობა, რომ დრო დაგვითმე... მუსიკაში რა ხდება დღეს ახალი?

- ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ძალიან ბევრი რამე ხდება, ჩვენთან კი - არაფერი. შეუძლებელია შენ გააკეთო კარგი პროდუქტი და გაყიდო იქ, სადაც ძალიან ცოტა ხალხია. ეს არის მთავარი. მაგალითად, ლონდონში შეიკრიბება ოთხი ადამიანი და გააკეთებს ჯგუფს, თბილისში იგივე რაოდენობის ადამიანი იკრიბება და აკეთებენ დიმპიტაურს. სამწუხაროდ, დღევანდელ ბაზარზე, მხოლოდ ეს მუსიკაა მოთხოვნადი. არადა, იმდენად კარგი რამეები ხდება დღეს ქართულ მუსიკაში, ადამიანები ისეთ საოცრებებს ქმნიან, ვერ წარმოდგენით. თუმცა მათ დღეს, ზემოხსენებული მიზეზების გამო, ძალიან ცოტა თუ იცნობს. თავად დავდიოდი ვორქ-შოპებზე როგორც მუსიკოსი, როგორც დიჯეი, როგორც პროდიუსერი და სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ქართველი სადაც ჩადის, როგორც წესი, ყველა ეკითხება რჩევას, იმიტომ, რომ არის განათლებული, მცოდნე და რაც მთავარია, ყველაზე ნიჭიერია ყოველთვის. ამას გეუბნებით იმას, რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი კიევში, ბერლინში, ამსტერდამში და ყველგან, სადაც კი ფეხი დამიდგამს.

- რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს ადამიანები ჩვენს ქვეყანაში იყვნენ უფრო მეტად დაფასებულები?

- პირველ რიგში უნდა შექმნან კარგი პროდუქტი, უნდა შექმნან კარგი სიმღერა. მუსიკას და ზოგადად ხელოვნების ნებისმიერ დარგს, ასაკი არა აქვს... ან ხარ ფორმაში ან - არ ხარ, ან აკეთებ, ან - არა. იბრაჰიმ ფერერმა გრემი რომ აიღო, ძალიან ცნობილ იმ კუბელების პროექტში, 72 წლის იყო. ერთი პიანისტის ინტერვიუ მაქვს მოსმენილი. ართრიტი ჰქონდა, მედიკამენტებს სვამდა,მაგრამ კონცერტებზე მაინც უკრავდა და იცით, რატომ? ის იმ მუსიკით ცოცხლობდა იმ წუთებში.

იმისათვის, რომ დღეს შენი მუსიკით იცხოვრო, უნდა გახვიდე საზღვრებს გარეთ. რაც არ უნდა გააკეთო, პატარა ბაზარზე ვერ გამდიდრდები, ყოველთვის იქნება ის პრობლემა, რომ მუსიკოსს არა აქვს ფული და ასე შემდეგ.

- თავად თუ გიფიქრია, სულ წასვლზე?

- ბევრჯერ წავედი და ჩამოვედი უკან. ვერ ვძლებ თბილისის გარეშე. ლონდონიდან გამოვიქეცი, პარიზიდან გამოვიქეცი, მილანიდან გამოვიქეცი, და მეტი საიდან გამოვიქცე. არ შემიძლია მე თბილისის გარეშე. არ ვიცი, ეტყობა ძალიან მიყვარს (იცინის).

- შეუძლებელია, მუსიკაზე ვისაუბროთ და მამა არ გავიხსენოთ...

- ცნობილია, რომ მამას სპეციალურად დაწერილი აქვს საფორტეპიანო პიესა ბავშვებისათვის. და ის პერიოდია, როცა საახალწლო კონცერტს ამზადებდა ბავშვებისათვის ფილარმონიაში. მახსოვს, როგორ ნერვიულობდა. შემდეგ უკვე როდესაც ცუდად გახდა, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, ექიმს სთხოვა, ჩემი შვილი შემოუშვითო... ძლივს ლაპარაკობდა უკვე ისე იყო... დეტალური კონსტრუქცია, ინფორმაცია მომცა სად, რა, როგორ უნდა გამეკეთებინა. ვისთვის უნდა დამერეკა, ვინ უნდა "შემეწუხებინა“. ეს შოუ უნდა გამოვიდესო და ზუსტად 3 საათში გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ფიქრობდა იმაზე, მუსიკა როგორ გაეკეთებინა. ამ გადასახედიდან, მისი კარგად მესმის... ყველაზე ძვირფასი თავისი მუსიკა დამიტოვა, რომელსაც მე ჩემებურად ვუყურებ და ვუფრთხილდები.

- ლექსო, განსაკუთრებული სიყვარული მუსიკისადმი, იწვევს თუ არა ჩაკეტილობას?

- ზოგთან იწვევს, ზოგთან - არა. თუმცა მე პირადად, არ ვთვლი, რომ ჩაკეტილობა ცუდია, ან პირიქით... შეიძლება უცებ მოვიდეს ამ ჩაკეტილობის დროს ძალიან დიდი ემოცია, რაღაც ისეთი მუსიკის მელოდია, რომ შემდეგ შენი ცხოვრების სავიზიტო ბარათიც კი გახდეს.

- ცხოვრება მუსიკის გარეშე...

- წარმოუდგენელია... ისე, ჩემთვის არაერთხელ უთქვამთ, რომ მუსიკოსი თუ არა, ვიქნებოდი კარგი ადვოკატი... ბიოლოგიისადმი ჩემი გადამეტებული სიყვარულის გამო, თავად ვფიქრობ, რომ ვიქნებოდი კარგი ექიმი, მაგრამ ამ ყველაფერს ჯვარი აქვს უკვე დასმული. ერთადერთი რაც მაინტერესებს ცხოვრებაში, ეს არის მუსიკა და ეს არის კინო. მთელი ჩემი ცხოვრება ყოველთვის ვაკეთებდი იმას, რაც მინდოდა და რასაც ვთვლიდი სწორად და არა იმას, რაც საჭირო იყო, ან ვინმე მირჩევდა ასე შემდეგ.

- საუბარში მითხარი, დრამატული თეატრი აღარ მაინტერესებსო...

- არის ორი რეჟისორი, სახელსა და გვარს აღარ დავასახელებ, ძალიან რომ მიყვარს, თუ მათ მთხოვეს, უარს არ ვიტყვი. ზოგადად ქართული თეატრი აღარ მაინტერესებს. გადახედეთ მსოფლიო თეატრებს და მიხდებით სად არის ქართული თეატრი? აი, კინოს რაც შეეხება, აუცილებლად გავაკეთებ ყოველთვის და ვაკეთებ ჩემსას, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია. ერთხელ ერთმა ირანელმა რეჟისორმა, რომელმაც მოიგო უდიდესი ფესტივალი, ასეთი რამ თქვა: ტექნიკურად კინოს გადაღება შეიძლება ერთ თვიან კარგ ვორქ-შოპზე ისწავლო, ოღონდ იმისათვის, რომ კარგი კინო გადაიღო, უნდა იცხოვრო ისე, რომ სათქმელი გქონდესო...

- რომელ მუსიკოსებთან ითანამშრომლებდი?

- ყველა იმ მუსიკოსთან, რომელიც დათანხმდებოდა ჩემი იდეების 60%-ს. საქართველოში ძნელია იპოვო თანამოაზრე, იმიტომ რომ ყველას უნდა ან მზამზარეული, ან ეზარება შრომა, ან თავისი საქმე აქვს.

- როგორია ლექსო ტურიაშვილის უახლოესი გეგმები?

- უახლოეს პერიოდში ვაპირებ თეატრალური დასის შექმნას. ოღონდ ეს იქნება, არა დრამატული სათეატრო დასი, არამედ ეს იქნება მუსიკალურ-ქორეოგრაფიული დასი, რომელიც გააკეთებს მუსიკალურ სპექტაკლებს, მათ შორის კაბარეს შოუს. ამის გარდა, კიდევ სამი პროექტია დაგეგმილი, ერთ-ერთი გასპარ ნოეს ფილმის "ექსტაზის“ გადმოტანა თეატრალურ სცენაზე. ჩემი საავტორო მუსიკის "არიელის" გაკეთება სცენაზე და ფილმი, რომ არის "შავი გედი“, იმის თეატრალური ვერსიის შექმნა, რომელიც იქნება დამყარებული კლასიკური მუსიკის თანამედროვე გარემიქსებულ ვერსიაზე. ზოგადად, ჩემთვის თეატრი შენობა არ არის, ჩემთვის თეატრი ადამიანებია პირველ რიგში.

  • ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი