ავტორი:

"რაც იქნება, იქნება და ყველაფერი კარგად იქნება" - სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტზე

"რაც იქნება, იქნება და ყველაფერი კარგად იქნება" - სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტზე

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "TV პირველს" საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის საკითხის წარდგინების ზეპირ მოსმენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ასე უპასუხა: "რაც იქნება, იქნება და ყველაფერი კარგად იქნება.".

ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მის ინტერესებს იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაიცავენ.

"ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში - თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით დღეს, 3 ოქტომბერს განიხილავს.

სასამართლო პროცესზე როგორც წარდგინების ავტორებს, ისე საქართველოს პრეზიდენტს ელოდება. არსებული ინფორმაციით, სხდომას "ქართული ოცნებიდან" - პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაესწრება, ხოლო ჩავა თუ არა პრეზიდენტი ბათუმში, ამ დროისთვის უცნობია.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2023 წლის 22 სექტემბრის №3/2/1797 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო №1797 კონსტიტუციური წარდგინება („საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე“).

კონსტიტუციური წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.

კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით გაიმართება 2023 წლის 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით", - წერია ინფორმაციაში.

მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.

ასევე იხილეთ: