ჩრდილოეთ დაკოტას შტატის სენატორი, მისი მეუღლე და მათი ორი უმცროსი შვილი ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. თვითმფრინავი, რომელშიც დაგ ლარსენი და მისი ოჯახი ისხდნენ, აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. კატასტროფა იუტას შტატში მოხდა. პოლიციის ცნობით, დაღუპულია თვითმფრინავის პილოტიც.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ლარსენები არიზონას შტატში ნათესავებს სტუმრობდნენ. ჩრდილოეთ დაკოტას სენატის უმრავლესობის ლიდერმა, დევიდ ჰოგმა კოლეგებისთვის გაგზავნილ წერილში სენატორის გარდაცვალების ამბავი დაადასტურა: "არ ვიცი, ასეთ ტრაგედიაზე მწუხარება რითი გამოვხატო, მაგრამ ვფიქრობ, სენატორის გადარჩენილ გერსა და მის ბებია - პაპაზე ლოცვით უნდა დავიწყო. მჭიდროდ გადაეხვიეთ თქვენს ოჯახის წევრებს", - წერდა ჰოგი.

ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ანგარიშმა X-ზე (ყოფილი Twitter-ი) გამოაქვეყნა, რომ ისინი თვითმფრინავის ჩამოვარდნის საქმეს იძიებენ. კანიონლენდის აეროპორტი კი, სადაც ავიაკატასტროფა მოხდა, ფუნქციონირებას განაგრძობს.
ლარსენი ჩრდილოეთ დაკოტას სენატში 2020 წელს აირჩიეს. ის თავმჯდომარეობდა სენატის პანელს ინდუსტრიისა და ბიზნესის კანონმდებლობის შესახებ და ასევე მსახურობდა ჩრდილოეთ დაკოტას ეროვნულ გვარდიაში.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა