ავტორი:

რა ხდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინებას განიხილავენ? (ფოტოები)

რა ხდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინებას განიხილავენ? (ფოტოები)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს.

თავად პრეზიდენტი სხდომას არ ესწრება. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ.

წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრება "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

სასამართლოს პოზიციას, რომ დღევანდელი სხდომის დახურვის საჭიროება არ არსებობს, ორივე მხარე დაეთანხმა, შესაბამისად, პროცესი საჯაროა.

იმედი მაქვს, სხდომაზე არ დასწრება პრეზიდენტის მხრიდან სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამოხატვა არ იყო, - ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო განხილვაზე სალომე ზურაბიშვილის ინტერესების დამცველებს.

ტურავა დაინტერესდა, იციან თუ არა იურისტებმა საიმპიჩმენტო წარდგინების არა მხოლოდ იურიდიული მხარე, არამედ იმ ვიზიტების დეტალები, რაზეც წარდგინების ტექსტშია საუბარი.

"საქართველოს პრეზიდენტმა არ ისურვა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოცხადება და თქვენ, როგორც მისი წარმომადგენლები მოგავლინათ. კანონიდან გამომდინარე სასამართლო იკვლევს იმ საკითხებს, რაზეც წარდგინების ავტორები დავობენ. ამ შემთხვევაში თქვენთვის ცნობილია იმ ვიზიტების შინაარსი, რაზეც შეიძლება დღევანდელ სხდომაზე შეიძლება შეკითხვები დაისვას? შესაბამისად, ამ შემთხვევაში თქვენ მხოლოდ სამართლებრივ მხარეს წარმოადგენთ იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით, თუ შეხვდით საქართველოს პრეზიდენტს და გარკვეული ხართ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც საფუძვლად უდევს წარდგინების ტექსტს? ამასთან, თქვენ წარმოადგენთ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომელიც, ალბათ, უფრო კარგად იცნობს ვიზიტების დეტალებს, არამედ ხართ კვალიფიციური იურისტები, მაგრამ უფრო სამართლებრივი საკითხები იცით, ვიდრე დეტალები ამ ვიზიტების - თუ შეხვდით ამ დღეების განმავლობაში პრეზიდენტს და შეგიძლიათ სასამართლოს სრულყოფილად მოახსენოთ ის, რაც შეიძლება ჩვენთვის საინტერესო იყოს“, - განაცხადა ტურავამ.

ჩვენ ვართ სრულიად უფლებამოსილნი, ვისაუბროთ პრეზიდენტის სახელით, ამდენად, ბუნებრივია, ჩვენ ასე არ უნდა განვიხილოთ, თითქოს პრეზიდენტმა უპატივცემულობა გამოხატა [სასამართლოს მიმართ], - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის უფლებადამცველმა, მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.

როგორც კოპალეიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია და ის პროცესის სამართლიანობაში დარწმუნებულია.

"რა თქმა უნდა, შევხვდით საქართველოს პრეზიდენტს. რამდენჯერმე გვქონდა შეხვედრა. ყველა დეტალზე ვისაუბრეთ, მათ შორის, თავად ამ შეხვედრების შინაარსზე, მოცულობაზე. ასე რომ, ჩვენ ვართ სრულიად უფლებამოსილნი, ვისაუბროთ პრეზიდენტის სახელით, როგორც მისმა წარმომადგენლებმა. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ პრეზიდენტის ახსნა-განმარტებას ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამდენად, ბუნებრივია, ჩვენ ასე არ უნდა განვიხილოთ, თითქოს პრეზიდენტმა უპატივცემულობა გამოხატა, პირიქით, პრეზიდენტისთვის დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია. ის დარწმუნებულია პროცესის სამართლიანობაში, ამიტომ ბუნებრივია, მას დიდი პატივისცემა აქვს სასამართლოს მიმართ,“ - განაცხადა კოპალეიშვილმა.

შეგახსენებთ, მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც "ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.

  • მარიკო კეკელიძის ფოტოები

ასევე იხილეთ: