5 მიზეზი, რატომ უნდა ესტუმროთ ღვინის ფესტივალს

5 მიზეზი, რატომ უნდა ესტუმროთ ღვინის ფესტივალს

7 ოქტომბერს, სიონის ქუჩაზე, ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართება. ღვინობისთვის ტრადიციად ქცეული ფესტივალი უკვე მეხუთედ უმასპინძლებს ქართული ღვინისა და კულტურის მოყვარულებს. ეს დღე ტრადიციულად უამრავ სტუმარს აერთიანებს და დაუვიწყარ მოგონებებს ქმნის.

ფესტივალზე მისასვლელად ქართველებსა თუ უცხოელებს არაერთი მიზეზი აქვთ. ახლა კი რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ:

სომელიეს მასტერკლასი

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს შორისაა შეხვედრა სომელიესთან. მასტერკლასი 15:00 საათზე, ღვინის მუზეუმში გაიმართება. WSET 3-ის კურსდამთავრებული, (წამყვანი გლობალური ორგანიზაცია, რომელიც ღვინის მოყვარულებს და პროფესიონალებს ამზადებს), ღვინის ბლოგერი თეონა თოხაძე ჩაატარებს მასტერკლასს სახელწოდებით: „დეგუსტაციის ხელოვნება და ყნოსვის ტრენინგი“. დაინტერესებულ პირებს ფესტივალი შესაძლებლობას აძლევს, შეხვდნენ პროფესიონალს და მეტი შეიტყონ ღვინის შესახებ. მასტერკლასი დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდება და სომელიე ისაუბრებს იმ სტანდარტებსა და კრიტერიუმებზე, რომლის მეშვეობითაც მაქსიმალურად ობიექტურად ვაფასებთ ღვინოს. თეორიული ნაწილის დასასრულს, სტუმრები „ყნოსვას გაავარჯიშებენ“. მასტერკლასზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა არომატი, რომელიც დაყნოსვისას სწორად უნდა გამოიცნონ მონაწილეებმა.

ღვინის მუზეუმი

ფესტივალის დღეს ღვინის მუზეუმში შესვლა 14:00-15:00 და 17:00-18:00 საათებში უფასო იქნება. მუზეუმის სტუმრები გაეცნობიან ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის განვითარების ისტორიას, დაათვალიერებენ ღვინოსთან დაკავშირებულ სამუზეუმო ექსპონატებს.

ღვინის დეგუსტაცია

ფესტივალზე მისულ სტუმრებს ღვინის მცირე, საშუალო და დიდი მარნები საკუთარ ნაწარმს წარუდგენენ. ღონისძებაზე წარმოდგენილი იქნება ათეულობით კომპანია, რომლებიც საკუთარი განსაკუთრებული ნაწარმის დეგუსტაციის შესაძლებლობას მისცემენ სტუმრებს. დეგუსტაციის პარალელურად, ღვინის შეძენაც შესაძლებელი იქნება.

ღვინის ბაზაზე დამზადებული თავის მოვლის საშუალებები

ღვინისა და სხვა ტრადიციული ქართული პროდუქტების პარალელურად, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ღვინის ბაზაზე დამზადებული თავის მოვლის საშუალებები. „ზარბაზანი“ ქართული ბრენდია, რომელიც რამდენიმე ხაზის პროდუქციას აწარმოებს. ესენია: ხვანჭკარა, ოჯალეში, საფერავი და რქაწითელი. პროდუქტებს შორისაა: შამპუნები, სამასაჟე ზეთები, თმის ნიღბები და კონდიციონერები, საპნები, ზეთები რუჯის მისაღებად და, მზისგან დამცავი ლოსიონები და სხვა.

ბროწეულის ღვინო

ღვინის ტრადიციული სახეობების პარალელურად, ფესტივალზე ბროწეულის ღვინის დაგემოვნებაც შესაძლებელი იქნება. ბროწეულის ღვინო კომპანია „გეალკომ“ 2022 წელს შექმნა და მას შემდეგ უამრავი ადამიანის საყვარელი პროდუქტი გახდა. ეს გახლავთ სადესერტო ღვინო, რომელიც მრავალი კომბინაციის დატესტვისა და ფოკუსჯგუფებში დეგუსტაციის მერე გამოჩნდა ბაზარზე. ის დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისგან, რომელსაც შერწყმული აქვს ბროწეულის არომატი. ღვინოს აქვს მუქი ლალისფერი-წითელი შეფერილობა და ინტენსიური ბროწეულის მარცვლების არომატი.

ქართული ღვინის ფესტივალი სიონის ქუჩაზე, 12:00 საათზე, დაიწყება.

#ღვინისფესტივალი

#ღვინო

#ქართულიღვინისფესტივალი