ავტორი:

სტიქია აჭარაში: ადიდებულმა მდინარემ კალაპოტთან მდებარე კოტეჯებს საფრთხე შეუქმნა - რა კადრები ვრცელდება ადგილიდან და რას ამბობს ხელვაჩაურის მერი

სტიქია აჭარაში: ადიდებულმა მდინარემ კალაპოტთან მდებარე კოტეჯებს საფრთხე შეუქმნა - რა კადრები ვრცელდება ადგილიდან და რას ამბობს ხელვაჩაურის მერი

აჭარაში, სოფელ ორთაბათუმში უხვი ნალექის შედეგად, მდინარე ყოროლისწყალი ადიდდა. შემთხვევის ადგილიდან ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ საფრთხე ემუქრება მდინარის კალაპოტში აშენებულ კოტეჯებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მდინარის კალაპოტში სულ 60-მდე კოტეჯი დგას, რომლებიც ამჟამად ცარიელია.

ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე ambebi.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ სტიქიის ზონაშია და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ზაზა დიასამიძე: მე სოფელში ვარ გასული, ახლოს ვარ სტიქიის ადგილთან. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, მდინარე ყროლისთავის და მისი შენაკადების ადიდება მოხდა. ახლა ადგილზე ვიმყოფებით, ყველა სამსახური მობილიზებულია. საჭიროების შემთხვევაში ყველას აღმოვუჩენთ დახმარებას, თუმცა ამ ეტაპისთვის დახმარების ფარგლებში მოსახლეობას არ მოუმართავს. ადიდებულმა მდინარემ რა ზარალი მიაყენა ინფრასტრუქტურას, ამას ვსწავლობთ. რაც შეეხება კოტეჯებს, დაწყებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი წარმოება და შესაბამისად დასკვნის საფუძველზე გადაწყდება ამ კოტეჯების ბედი.

ორი კვირის წინ, „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ვკითხულობთ, რომ ორთაბათუმში, მდინარე ყოროლისწყალთან ახლოს და ნაწილობრივ კალაპოტშიც, კოტეჯებს აშენებენ. მიწის ნაკვეთი კი აქ ქონების ეროვნულმა სააგენტომ უპირობო აუქციონის წესით 2021 წელს გაყიდა. ადგილობრივების ინფორმაციით პერიოდულად, როცა მდინარე დიდდება, ამ ადგილს წყალი ფარავს.