დავით კლდიაშვილმა წერა პატარა ასაკშივე დაიწყო. მისი შემოქმედების ძირითადი თემა სოფლის ცხოვრება იყო. ის იმერეთის გაღატაკებული აზნაურების ცხოვრებას ასახავდა. კლდიაშვილის კრიტიკულმა რეალიზმმა დრამატურგიაშიც იჩინა თავი.
გაინტერესებთ, საიდან იღებდა შთაგონებას და როგორ ქმნიდა ლეგენდარულ გმირებს? - გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს დავით კლდიაშვილის ცხოვრებიდან:
ფაქტი#1
შეძლებული, ღარიბი და გაღატაკებული აზნაურებისა და თავადების ცნობილი ტიპაჟები, რომელთაც კლდიაშვილის შემოქმედებიდან კარგად ვიცნობთ, უმეტეს შემთხვევაში, დავითს თავისი სიმამრის, პავლეს ოჯახში ჰყავდა ნანახი. პავლე მაჭავარიანი მან 1882 წელს, სოფელ კაცხში გაიცნო, დაუახლოვდა და გარკვეული დროის შემდეგ, პავლეს ქალიშვილი მარიამი ცოლადაც შეირთო. დავითის სიმამრი საკმაოდ ხელგაშლილად ცხოვრობდა და მის სახლში, სტუმარი არასოდეს ილეოდა. იმერეთის სხვადასხვა სოფლიდან და კუთხიდან საქეიფოდ ჩამოდიოდნენ აზნაურები, რადგან ამ ოჯახში მისვლა სანაქებოდ მიაჩნდათ. ამგვარად, სიმამრის სახლი მდიდარ მასალას აძლევდა დავითს, იმ წრის გასაცნობად და მათი ენის სტილის შესასწავლად, როგორითაც საუბრობენ კლდიაშვილის წიგნების გმირები. –„ იქ ჩემთვის ნამდვილი აკადემია იყო!“, - არაერთხელ უთქვამს მას. ბეკინა და პლატონი, როსტომ მანველიძე, არისტო, კირილე – სინთეტიკური ნაზავებია იმ ხალხისა, რომლებიც დავითს სიმამრის ოჯახში უნახავს, ან გაუგონია.

ფაქტი#2
დავით კლდიაშვილი აქტიურად მონაწილეობდა პირველ რევოლუციაში 1905-1907 წლებში. იგი რევოლუციონერებს თანაუგრძნობდა, თუმცა რუსეთის არმიის სამსახურში იდგა და რევოლუციონერთა წინააღმდეგ ბრძოლა ევალებოდა. მიუხედავად ამისა, მან ბევრჯერ იხსნა ხალხი გარდაუვალი საფრთხისგან. დავითთან ჩამოდიოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან რჩევა-დარიგების მისაღებად.
ფაქტი#3
1872 წელს, 9 წლის დავითი მშობლებმა სასწავლებლად კიევის სამხედრო სასწავლებელში გააგზავნეს. სამი წელი მას მშობლები არ უნახავს. სამშობლოში რომ დაბრუნდა, ქართული თითქმის დავიწყებული ჰქონდა. დედამისმა არ იცოდა რუსული, მან ქართული, ამიტომ, თარჯიმნად თავისი თანატოლი ბიძაშვილი წაიყვანა და სოფელში, დედასთან დაბრუნდა.
ფაქტი#4
დავით კლდიაშვილი ბათუმში ცხოვრებისას აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში. მწერალი მოგონებაში წერს, რომ ბათუმში 1882 წლისთვის სულ 4000 მცხოვრები იყო. ქალაქს რამდენიმე ვიწრო და მოუკირწყლავი ქუჩა ჰქონდა. იმ დროისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას ერთი წლის გახსნილი ჰქონდა ქართული სკოლა, რომელსაც ბათუმის ქართველობა დიდ დახმარებას უწევდა, განსაკუთრებით კი პოლიცმეისტერ დურმიშხან ჟურულის ოჯახი. „„მიმიყვანეს ჟურულის ოჯახში და გააცნეს ჩემი თავი. ქეთევანმა რამდენიმე ხნის შემდეგ საქმეში ჩამაბა. იმართებოდა წარმოდგენა სკოლის სასარგებლოდ; იდგმებოდა გიორგი ერისთავის „გაყრა“, მე დამაკისრეს გაბრიელის როლი... ჩამაჯენდა სავარძელში ქეთევანი და მათქმევინებდა როლს. ერთი ათჯერ, თხუთმეტჯერ უნდა გამემეორნა ჩემი მონოლოგი; გაწვალებული ვიყავი ასეთი სწავლით, მაგრამ არანაკლები გაწვალებული იყო ჩემი მასწავლებელი, რომელიც შემომძახებდა ხანდახან მოთმინებადაკარგული: “არ შეიძლება ასე, ყმაწვილო, უნდა ისწავლოთ ქართული, ქართველი ხართ!” მეც ძალიან მოწადინებული ვიყავი მესწავლა ჩემი ენა, მაგრამ წარმატებაში ნელი ნაბიჯით შევდიოდი”. - იხსენებდა კლდიაშვილი.
ფაქტი#5
კლდიაშვილი 1914 წლიდან შეწყვეტილ სამწერლო მოღვაწეობას 1925 წლისთვის დაუბრუნდა. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ დრამატურგიაში. გულისმომკვლელი და სევდიანი სინამდვილე გამოხატა პიესებში „ირინეს ბედნიერება“ , „დარისპანის გასაჭირი“ და „უბედურება“, რომლებიც მისი შემოქმედების მთავარ პათოსს — უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი აზნაურის ტრაგიკულ სულისკვეთებას გადმოსცემენ. „ქამუშაძის გაჭირვების“ პრემიერა 1995 წლის 5 აპრილს შედგა. ეს ცნობილი სპექტაკლი დღემდე იდგმება ქართულ თეატრში. 1930 წლის ზაფხულში კლდიაშვილს სამწერლო მოღვაწეობის 40 წლისთავი გადაუხადეს და რესპუბლიკის სახალხო მწერლის წოდება მიანიჭეს. მწერალს არ სურდა იუბილეზე დასწრება. მის გადაწყვეტილებაში, იუბილეზე გამოცხადებულიყო, დიდი წვლილი მიუძღვით მის სანახავად სიმონეთში ჩასულ მწერლებს: შალვა დადიანს, სანდრო შანშიაშვილს, შალვა აფხაიძესა და სხვა სტუმრებს.
…ხალხით გადაჭედილ ოპერის თეატრში ჭაღარა დავითი სავარძელში იჯდა. იუბილეს გახსნისთანავე მის შემოქმედებაზე ითქვა, რომ მწერალი დაუნდობლად ამათრახებდა და დასცინოდა ხელმოკლე აზნაურთა ყოფას. დავითს ეს სიტყვები არ ესიამოვნა და სავარძელში შეწრიალდა. ბოლოს, მილოცვები რომ დასრულდა და ჯერი იუბილარზე მიდგა, დავითს ბევრი არ ულაპარაკია – მადლობა გადაუხადა ყველა დამსწრეს და ბოლოს თქვა: “ჩემს სიცოცხლეში არავისთვის დამიცინია. მე მებრალებოდა ადამიანი, რომელიც ცხოვრებამ გააუბედურა და სასაცილო მდგომარეობაში ჩააყენა… რასაც ვწერდი, მხოლოდ ადამიანის სიყვარული მაწერინებდა”
გამომცემლობა „პალიტრა L” დავით კლდიაშვილის შემოქმედებას ახალი ტომეულის სახით გამოსცემს. დღეიდან, გამორჩეული ქართველი კლასიკოსი მწერლის, დავით კლდიაშვილის განახლებული სამტომეულის მეორე ტომის შეძენას შეძლებთ! მეორე ტომში შესულია ავტორის პიესები და "ქამუშაძის გაჭირვება".

გამოსვლიდან ერთი კვირის განმავლობაში წიგნის სპეციალური ფასი 15 ლარი იქნება.
წიგნის შეძენა შეგიძლიათ "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში ან პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში. ასევე,შესაძლებლობა გაქვთ, გახდეთ სერიის გამომწერი, ამისთვის დაგვიკავშირდით 032 2 47 00 45 ან ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://www.palitral.ge/subscriptions
R