ავტორი:

5-გოლიანი დუელი და "ნაპოლის" დასანანი მარცხი - რა შეფასება მიიღო "კვარამ" და რაზე ვერ შეთანხმდნენ ანჩელოტი და გარსია მატჩის შემდეგ?

5-გოლიანი დუელი და "ნაპოლის" დასანანი მარცხი - რა შეფასება მიიღო "კვარამ"  და რაზე ვერ შეთანხმდნენ ანჩელოტი და გარსია მატჩის შემდეგ?

ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "რეალთან" ანგარიშით - 2:3 დამარცხდა. რუდი გარსიას ხელმძღვანელობით ხვიჩა კვარაცხელიამ პირველად ითამაშა შეუცვლელად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებურს ურიგოდ არ უთამაშია, "ნაპოლი" მარცხს ვერ გადაურჩა. მან საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა - Sofascore-ის, Whoscored-ისა და Flashscore-სგან მან 7.2. ქულა მიიღო, მისი თამაში ლეო ოსტეგორისა და პიოტრ ზელინსკის შემდეგ "ნაპოლიში" საუკეთესოდ მიიჩნიეს. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად კი "რეალის" ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი აღიარეს.

მატჩის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ და რუდი გარსიამ ჟურნალისტებთან ისაუბრეს - იტალიელის თქმით, მათ დამსახურებულად მოიგეს, ფრანგი მწვრთნელის აზრით კი, ფრე უფრო სამართლიანი იქნებოდა.

რუდი გარსია:

"იმედგაცრუებული ვარ ამ შედეგით, რადგან სამართლიანად არ მივიჩნევ. სტატისტიკისა და მომენტების გათვალისწინებით, ფრე უფრო სამართლიანი იქნებოდა. ძალიან კარგად დავიწყეთ, წინ გასვლის შემდეგ კი გოლი ჩვენივე შეცდომით გავუშვით. შეცდომა თამაშის ნაწილია, ეს არ არის პრობლემა. ნაკლებად მომეწონა გუნდი 1:1-ის შემდეგ. მეორე ტაიმში უფრო აგრესიულები ვიყავით, გულშემატკივარიც გვეხმარებოდა და ბიჭებს მეტოქეზე ზეწოლისკენ უბიძგებდა. სამწუხაროა, რომ მესამე გოლი გავუშვით კუთხურიდან, რომელიც დასანიშნი არც იყო. ანჩელოტი ამბობს, რომ პენალტი არ იყო, ჩვენ კი ამ კუთხურზე გვაქვს პრეტენზია... მოკლედ, ეპიზოდებზე სჯობს არ ვილაპარაკოთ".

კარლო ანჩელოტი:

"რთული მატჩი იყო, 90 წუთის განმავლობაში ბრძოლა მოგვიწია. შეგვეძლო პირველი გოლი თავიდან აგვეცილებინა, შემდეგ კარგად გავაგრძელეთ თამაში. მერე იყო საეჭვო პენალტი. მსაჯს ვუთხარი, რომ მართალია ხელს შეეხო, მაგრამ ასეთი პენალტები ზოგადად, არ ინიშნება. ვალვერდემ წარმოუდგენლად დაარტყა, აბსურდი მგონია, რომ ეს მერეტს ჩაუთვალეს ავტოგოლად. ასეთ თამაშს "ნაპოლისგან" ველოდი, რადგან ეს არის კარგად ორგანიზებული გუნდი, რომელმაც კარგ ფეხბურთს თამაშობს და ბევრი კარგი ინდივიდუალისტი ჰყავს... ჩემი აზრით, შედეგი სამართლიანია".

შეგახსენებთ, "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში ორ ტურში 3 ქულა აქვს და მეორე-მესამე ადგილს "ბრაგასთან" იყოფს, ჯგუფის ლიდერო ორო გამარჯვებით "რეალია". "ნაპოლი" 24 ოქტომბერს "უნიონ ბერლინს" სტუმრად დაუპირისპირდება.

იხიელთ ასევე: