ავტორი:

"7 ოქტომბერს თანამოაზრეებმა დავნიშნეთ საკონსულტაციო შეხვედრა... გავიდა 9 თვე და არ გვინახავს ერთი გადაკეტილი ქუჩა, ერთი მასშტაბური აქცია" - რას წერს ნიკა მელია?

"7 ოქტომბერს თანამოაზრეებმა დავნიშნეთ საკონსულტაციო შეხვედრა... გავიდა 9 თვე და არ გვინახავს ერთი გადაკეტილი ქუჩა, ერთი მასშტაბური აქცია" - რას წერს ნიკა მელია?

7 ოქტომბერს, თანამოაზრეებმა, ადამიანებმა, ვისაც ქვეყნის უკეთესი მომავალი გვინდა, ვისაც გვინდა ცვლილება და „ქართული ოცნების“ მმართველობის სისტემის დემონტაჟი, დავნიშნეთ საკონსულტაციო შეხვედრა, რომ განვიხილოთ როგორ ვაგრძელებთ ბრძოლას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის“ ახალი მენეჯმენტი საკონსულტაციო შეხვედრის დღეს, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავს, რაც „ქართული ოცნების“ ხელწერაა.

"პარტიის მენეჯმენტი, რომელსაც გამარჯვება მივულოცე, მიუხედავად ბინძური მეთოდებით, ფარული ჩანაწერებითა და სხვა გამოვლინებებით, „ოცნების“ სტილში ჩატარებული კამპანიისა, ვუსურვე ღირსებითა და სიმართლით მართვა - ვიცოდი ძალიან დასჭირდებოდათ, ღირსებისა და სიმართლის დეფიციტი ექნებოდათ....

ამ მენეჯმენტმა მოსვლიდან 5 დღეში დაივიწყა თავისი დაპირება, დაპირება რომელზეც ბევრი ემოციური, ერთგული მხარდამჭერი წამოაგო, უთხრა, რომ მიშას თავისუფლება, რეჟიმის შეცვლის გარეშეა შესაძლებელი.

გავიდა 9 თვე და არ გვინახავს ერთი გადაკეტილი ქუჩა, არ გვინახავს ერთი მასშტაბური აქცია. ბოლო უმასშტაბო აქცია კი „ვივამედთან“ 3 თვის წინ ვიხილეთ.

და ახლა, როდესაც ადამიანებმა, რომელთაც ქვეყანაზე, ცვლილებასა და უკეთეს ხვალინდელ დღეზე შეგვტკივა გული - გადავწყვიტეთ შეკრება, დაინიშნა ბათუმში „აქცია“. საკრებულოს წევრებს მისდით შეტყობინებები, მიშას თავისუფლებისათვის მსვლელობააო... სწორედ ასე იქცევიან ერთობის შენარჩუნებისა და დისკუსიის ყველა მცდელობისას.

დიახ, საკონსულტაციო შეხვედრის დღეს, ზაფხულის არდადეგებიდან დაბრუნებული, დასვენებული და გარუჯული „ახალი მენეჯმენტი“ მართავს აქციას, მიშას თავისუფლების მოთხოვნით... ყოველივე ეს, მხოლოდ ერთ რამეს მახსენებს, „ოცნების“ ხელწერას, ხელისუფლების კონტრაქციას ბუნებრივ პრეტენზიებზე, არ აგარევინებთო, გვეუბნებიან, „ოცნებიდან“ „გრეჩიხა“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“ ჩრდილოვანი მმართველები...

სიმართლე ფულზე ძლიერია, ღირსება კი ან გაქვს, ან არა... ერთობაზე საუბრობდე და გახლეჩის მეტს არაფერს აკეთებდე, „ოცნების“ საოცნებო თამაშია... ძალა მართალი და პრინციპული ადამიანების ერთობაშია“, - წერს ნიკა მელია.