RT არხის მთავარმა რედაქტორმა, ერთ-ერთმა მთავარმა რუსმა პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა გასულ კვირას სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ დასავლეთის დასასჯელად რუსეთის ტერიტორიაზე, ციმბირში ბირთვული იარაღის აფეთქება კარგი იდეაა, რადგან ეს, როგორც თავად ამბობს, მწყობრიდან გამოიყვანს ყველანაირ რადიოელექტრონიკასა და თანამგზავრებს. მან ამ წინადადებით პრეზიდენტ პუტინს მიმართა...
"აი, ადამიანი, ინჟინერია, რადიოელექტრიკი, მეუბნება: იცი, ჯერ კიდევ საბჭოთა დროში ვიცოდით, თუ ასობით კილომეტრში, ჩვენსავე ტერიტორიაზე, სადღაც ციმბირში თერმობირთვულ აფეთქებას მოაწყობ, მაგალითისთვის, ბირთვულ აფეთქებას, მაშინ მიწაზე არაფერი მოხდება, არაფერი საშიში, არც ბირთვული ზამთარი დადგება, რომლისაც ყველას ეშინია და არც საშინელი რადიაცია გავრცელდება, რაც ან ყველას მოკლავს, ან ვისაც ვერ მოკლავს, 10 წელში ონკოლოგიური დაავადებისგან დაიღუპება... რაც მოხდება, ეს არის ყველანაირი რადიოელექტრონიკის მწყობრიდან გამოსვლა... ჩვენ დავბრუნდებით სადღაც 1993 წელში, სადენიან ტელეფონებთან... მე რომ მკითხოთ, გადასარევად ვცხოვრობდით, გამიხარდება კიდეც", - თქვა სიმონიანმა.
BBC-ის სტატიაში ფიზიკოსები აღნიშნავენ, რომ სინამდვილეში, სიმონიანის შემოთავაზების შედეგები ბევრად უფრო საშინელი იქნება, ვიდრე უბრალოდ კომუნიკაციის გარეშე დარჩენა, მათ შორის ციმბირის მოსახლეობისთვის.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კონფლიქტის ყველა მხარე საუბრობს მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე.
მარგარიტა სიმონიანი ოფიციალურად არ იკავებს რუსეთის ხელისუფლებაში თანამდებობას და შორს არის ბირთვული დარტყმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისგან, მაგრამ მისმა სიტყვებმა ამჯერად სერიოზული რეზონანსი გამოიწვია.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ RT-ის მთავარი რედაქტორი არ მუშაობს რუსეთის ხელისუფლებაში და არ ასახავს კრემლის ოფიციალურ პოზიციას.
სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ალტაის ტერიტორიიდან მარია პრუსაკოვამ (რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია) პროპაგანდისტის წინადადება პირად შეურაცხყოფად მიიჩნია. ”მე მტკიცედ გირჩევთ, ისეთი საკითხები, რაც არ გესმით განიხილოთ სამზარეულოში და არა საჯარო სივრცეში”, - თქვა მან სიმონიანისთვის ვიდეომიმართვაში.
მოსკოვის საქალაქო სათათბიროს ერთ-ერთი დეპუტატის, ნიკოლაი კოროლევის თანაშემწემ სოციალურ ქსელებში განაცხადა, რომ იგი დაუკავშირდა სამართალდამცავ ორგანოებს სიმონიანის სიტყვების გადამოწმების თხოვნით. ”ასეთი განცხადებები არის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის დარღვევა, რომ აღარაფერი ვთქვათ, ამ განცხადებების სისულელესა და აბსურდულობაზე”, - წერს ის, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ არ აქვს მოლოდინი, რომ ქალს ვინმე იურიდიულ პასუხისმგებლობას დააკისრებს.
რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხოების პროგრამის ფიზიკოსმა ინჟინერმა ანდრეი ოჟაროვსკიმ RTV-სთან განაცხადა, რომ ციმბირის თავზე თერმობირთვული აფეთქება არ გაანადგურებს ელექტრონიკას ამერიკასა და ევროპაში, მაგრამ ეს მძიმე ეკოლოგიურს შედეგებს (თუმცა არა კატასტროფული) უზარმაზარ ტერიტორიაზე მოიტანს.
როგორც ოჟაროვსკი განმარტავს, პირველ რიგში დაზარალდება მხოლოდ დაუცველი აღჭურვილობა - ეს არის ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკა, მანქანის სტარტერები, მობილური ტელეფონები, კომპიუტერები...
ნოვოსიბირსკის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ვალერი ხრისტოფოროვი გამოცემა NGS - სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სიმონიანის წინადადება შეეხება კოლოსალური ძალის აფეთქებას, რადგან საუბარია ორი ბომბის ერთდროულად აფეთქებაზე. უფრო მეტიც, მაშინაც კი, თუ ასეთი აფეთქება მოხდება მაღალ სიმაღლეზე, რადიაციული დაბინძურების თავიდან აცილება მაინც შეუძლებელი იქნება.
"რადიოაქტიური ნაკადი გადავა ატმოსფეროში დედამიწის გარშემო და საბოლოოდ ჩამოვა წვიმასთან ერთად “, - თქვა ფიზიკოსმა გამოცემასთან
მეცნიერები მიიჩნევა, რომ მილიონობით ადამიანი შეიძლება მოკვდეს. ”ეს ყველაფერი დამოკიდებულია სიმძლავრეზე - მცირე სიმძლავრით ეს იქნება მხოლოდ ადგილობრივი ეკოლოგიური კატასტროფა, თუმცა რიგი ინფექციები შეიძლება გავრცელდეს მთელ დედამიწაზე... რადიაცია კი ნალექის სახით დაბრუნდეს სხვა რეგიონსა თუ ქვეყანაში “, - აღნიშნავენ ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერები.