ავტორი:

"მხეცურიც კი არ შეიძლება ეწოდოს, რადგან მხეცების შეურაცხყოფა იქნება" - სარაკეტო თავდასხმა სოფელ გროზოში ყველა ოჯახის ტრაგედიად იქცა, დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა

"მხეცურიც კი არ შეიძლება ეწოდოს, რადგან მხეცების შეურაცხყოფა იქნება" - სარაკეტო თავდასხმა სოფელ გროზოში ყველა ოჯახის ტრაგედიად იქცა, დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა

უკრაინის სოფელ გროზოში რუსების სარაკეტო იერიშის შედეგად, ყველა ოჯახი დაზარალდა. ამის შესახებ BBC წერს. ოკუპანტების თავდასხმას ბოლო ინფორმაციით, 51 ადამიანი ემსხვერპლა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ, სოფლის ყველა ოჯახს ჰყავს გარდაცვლილი, ან დაშავებული. თავდაცვის უწყება ყველაფერში რუსეთს ადანაშაულებს. სამინისტროს განცხადებით, ამ ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეები არ ყოფილა. რუსეთს თავდასხმაზე პირდაპირი კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტი "რია" იტყობინება, რომ რუსმა სამხედროებმა 20 საჰაერო და საარტილერიო დარტყმა განახორციელეს უკრაინულ სამიზნეებზე კუპიანსკის რაიონში, ეს ის ოლქია, სადაც სოფელი გროზო მდებარეობს. სააგენტოს არ დაუკონკრეტებია როდის განხორციელდა დარტყმები და არც სოფელი გროზო უხსენებია.

  • სარაკეტო თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც სოფელში მცხოვრები ადამიანები ომში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის დაკრძალვას ესწრებოდნენ. მსხვერპლთა შორის არიან დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის ქვრივი, მათი ვაჟი, რომელიც ასევე ჯარისკაცი იყო და მისი ცოლი.

ადამიანები დაკრძალვის შემდეგ საჭმელად სოფლის კაფეში ისხდნენ. რაკეტა სწორედ ამ შენობას და მიმდებარედ, სასურსათო მაღაზიას მოხვდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არის რვა წლის ბიჭიც.

როგორც უკრაინელი უსაფრთხოების ანალიტიკოსი და ჟურნალისტი, მარია ავდეევა ამბობს, სავარაუდოდ, რუსებმა იცოდნენ, რომ სოფლის მოსახლეობა ჯარისკაცის დაკრძალვაზე იყო შეკრებილი.

"შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვინმემ მიაწოდა მათ ინფორმაცია ამ ადამიანების შეკრების ადგილისა და დროის შესახებ. რუსი პროპაგანდისტები ახლა ავრცელებენ დეზინფორმაცია, რომ თითქოს აქ სამხედრო შეკრება იყო, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ეს დაკრძალვის სამოქალაქო ცერემონია იყო“, - ამბობს ექსპერტი.

ხარკოვის რეგიონის ხელმძღვანელმა, ოლეჰ სინიეჰუბოვმა თავდასხმა რეგიონის ერთ-ერთ "სისხლიან დანაშაულად“ შეაფასა. მომხდარის შესახებ კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ:

"ამ ქმედებას მხეცურიც კი არ შეიძლება ეწოდოს, რადგან ეს მხეცების შეურაცხყოფა იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე