ავტორი:

ნანგრევებიდან აღმდგარი სახლი სვანეთში: როგორ შესძინეს გასვიანებმა ახალი სიცოცხლე წინაპრების ნასახლარს - "ღამის გასათევი გვენატრებოდა იქ"

ნანგრევებიდან აღმდგარი სახლი სვანეთში: როგორ შესძინეს გასვიანებმა ახალი სიცოცხლე წინაპრების ნასახლარს - "ღამის გასათევი გვენატრებოდა იქ"

"სოფელ ხალდეში ოთხი გვარი ცხოვრობდა: გასვიანები, ჩეგიანები, ჩოფლიანები, ჯოხაძეები და აი, ამ ოთხმა გვარმა სვანეთს თეთრი ქუდი დაადგა!.. ხალდეს მოსახლეობა კაჟის თოფებით დაუპირისპირდა ქვემეხებით შეიარაღებულ მეფის რუსეთის ჯარს... ხალდელებს სასამართლოზე დიდი ქართველი მგოსანი აკაკი წერეთელი იცავდა. მან ყველაფერი გააკეთა, მეფის რუსეთის თვითნებობა და ძალმომრეობა რომ ემხილა, მაგრამ რას გახდებოდა?! ყველას ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს. სამწუხაროდ, გადასახლებიდან მხოლოდ ორი კაცი დაბრუნდა, დანარჩენები, 26 კაცი, ციმბირის მიწაში ჩაწვნენ... ხალდელების მაგალითი ამაგრებდა იმ სვანებს, რომელთაც სამჯერ დაამარცხეს მეთერთმეტე წითელი არმიის ნაწილები სვანეთში. 1925 წლამდე სვანეთი ვერ გაასაბჭოვეს! " - ამბობს საზოგადო მოღვაწე, პოეტი, პუბლიცისტი ერეკლე საღლიანი...

რამდენჯერმე ნანგრევებად ქცეული სოფელი კვლავ ცოცხლდება. წელს დასრულდა სამსართულიანი სახლის მშენებლობა და თუ რა შეუძლებელი შეძლო გასვიანების ოჯახმა, ამის შესახებ ლალი გასვიანი გვიამბობს...

- მამაჩემის დიდი ბაბუა გახლდათ გურმაჩ გასვიანი, რომელიც ხალდეს აჯანყების ერთ-ერთი მოთავე იყო... ჩვენი წინაპრები 1952 წელს აფხაზეთში გადაასახლეს. ცნობილია, ამ წლებში ხალდედან სვანების გადასახლება სტალინის ბრძანებით მოხდა. ბებიამ და ბაბუამ ოჯახის შექმნიდან ხალდეში მხოლოდ სამი წელი იცხოვრეს, შემდეგ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონში... მე აფხაზეთში 1987 წელს დავიბადე. 1992 წელს აფხაზეთის ომის გამო ყველას წამოსვლა მოგვიხდა და თბილისში გავიზარდე... როგორც მოგახსენეთ, ჩვენი ოჯახისთვის ხალდე სულ არსებობდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ გმირების სოფლიდან, გმირის - გურმაჩ გასვიანის შთამომავალი ვიყავი. სვანეთი ძალიან მიყვარდა, თუმცა ნანახიც არ მქონდა. პირველად 2005 წელს ვეწვიე, მესტიაში სტუდენტი სტუმრად ვიმყოფებოდი. მაშინ მივხვდი, რასაც ნიშნავს სისხლის ყივილი, ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება ის ემოციები...

- ხალდეში დაბრუნება ოჯახმა როდის გადაწყვიტეთ?

- ხალდე ჩემს ძმას იმდენად უყვარდა, მისთვის სანუკვარი იყო. მხოლოდ ერთხელ იყო ნამყოფი და შემდეგ სულ ახსოვდა. მისი ნატვრა იყო ხალდეში ჩვენი თუნდაც პატარა ქოხი გვქონოდა, მაგრამ ამაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო. ოჯახში უმძიმესი სიტუაცია იყო, ძმა უკურნებელ სენს ებრძოდა... ძმა ისე გარდაიცვალა, ფაქტობრივად სიკვდილისთვის მოემზადა. დაგვიბარა ხალდეში რაღაც გაგვეკეთებინა, რაც მის აუსრულებელ ოცნებად დარჩა... ხალდეში ჩემი ძმის გარდაცვალების შემდეგ რომ ჩავედი, განცვიფრებული დავრჩი. მოგეხსენებათ, რასაც ნიშნავს, მთის შვილებისთვის მთების ნახვა... მთებში არასოდეს მიცხოვრია, საერთოდ მთიან რეგიონში არ ვყოფილვარ, მაგრამ იქ გული სულ სხვანაირად ძგერდა. მაშინ მივხვდი, ჩემი ძმის ემოციებს, რატომ იყო იმდენად აღფრთოვანებული და შეყვარებული ხალდეზე...

პირველი წლები მხოლოდ ექსკურსიებივით იყო. ჩავიდოდით, დავტკბებოდით იქაური სილამაზით და მოვდიოდით. დაახლოებით სამი წელი ასე რომ ვიარეთ, შემდეგ გავიგეთ, რომ სახელმწიფოსგან დაწყებული იყო პროგრამა, საკუთარი მიწა-წყლების დარეგისტრირების შესახებ... ერთმა ახლად გაცნობილმა ადამიანმა დამაკვალიანა, ხალდეში ჩვენი ნასახლარი როგორ გვეპოვა და დაგვებრუნებინა. ნასახლარის პოვნა ცალკე პრობლემა იყო, რადგან სოფელი იმდენად დანგრეული იყო, აღარავინ იცოდა რა ვისი იყო...

- რომელ წელს დაიწყეთ ნასახლარის ძებნა?

- 2017 წელს დავიწყეთ... საჭირო იყო საბუთები, მაგრამ სვანეთში არქივები დაიწვა და ყველაფერს ესეც ართულებდა. ბებიამ, რომელიც მაშინ უკვე 85 წლის იყო, გადაწყვიტა, მე წამოგვყვებით, ჩვენს ნასახლარს მოვძებნით და მივხედოთო... ბებო ხალდეში წავიყვანეთ, მაგრამ ადგილზე მისულებს რთული სურათი დაგვხვდა. ბებოს რაც ახსოვდა, იქიდან დარჩენილი აღარაფერი იყო. 85 წლის, ქალბატონმა გაგვაოცა იმდენი იარა. შოკში ვიყავი, ბებო აქ რამე არ დაგემართოს-მეთქი, მაგრამ თავად საოცარი სიმშვიდით, მტკიცედ ეძებდა... მისი შემართებით ნასახლარი ვიპოვეთ, გავიფორმეთ და დავიკანონეთ. ასეთი ძლიერი სვანის ქალბატონი იყო, რომელიც სამწუხაროდ პანდემიის პერიოდში გარდაგვეცვალა... ნასახლარის დაკანონების შემდეგ ჩვენი ოცნება დაიწყო, იქნებ როგორმე პატარა ქოხი მაინც აგვეშენებინა. მამა მშენებელია, მთელი ცხოვრება მშენებლობას მიუძღვნა, თბილისში თავის სახლიც თავის ხელით აქვს აშენებული. ეს საქმეს შედარებით აადვილებდა, მაგრამ სოფელში გზა არ არის, ამიტომაც მასალების ტრანსპორტირება ხალდემდე დაახლოებით სამმაგი ჯდება. მოხდა ისე, რომ გაგვიმართლა და ევროკავშირის პროექტი წამოგვეწია. ეს იყო ზემო სვანეთისა და რაჭის ბიზნეს განვითარების შესახებ ევროკავშირის საგრანტო კონკურსი. საგრანტო კონკურსის შესახებ "ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფ - "ლაგის" ფეისბუქ გვერდის საშუალებით შევიტყვე და მაშინვე ჩავებღაუჭე. ვიფიქრე, რომ ეს უკვე ნიშანი იყო, რაღაც რომ უნდა გამოგვსვლოდა...

- ხალდეს ბიზნესგეგმა რეალური იყო?

- დიახ, ხალდეში ბიზნესგეგმა ცოტა არ იყოს წარმოუდგენლად ჟღერდა, მაგრამ სოფელში დღის განმავლობაში ძალიან ბევრი უცხოელი ტურისტი გადის. მესტიიდან უშგულში ფეხით რომ მიდიან, ერთერთი საბანაკო დღე ხალდეში უწევთ. რადგან ხალდეში არაფერი იყო, ტურისტები გზას აგრძელებდნენ და მეზობელ სოფელში რჩებოდნენ... მოკლედ, ტურიზმის თემაზე ბიზნესგეგმა ავაწყვეთ, ჩვენი ემოციები ამ პროექტში ჩავაქსოვეთ და 2020 წელს კონკურსში გავიმარჯვეთ. რაღაც ნაწილი პროექტის ღირებულების გვერგო, მაგრამ საბოლოოდ რა თანხებიც ჩვენი ოჯახიდან გავიდა, იმის ძალიან მცირედი აღმოჩნდა. მაინც უდიდესი დახმარება იყო, რადგან იმ გრანტის გარეშე წარმოუდგენელი იყო დაგვეწყო და გავმკლავებოდით ამ ყველაფერს...

- როდის დაიწყეთ სახლის მშენებლობა?

- მშენებლობა 2021 წლიდან დავიწყეთ, წელს დავასრულეთ... ხალდეში გზა მაისიდან იხსნება და ოქტომბერში რომ გათოვლდება, ისევ იკეტება. დაახლოებით ოთხი თვე გვქონდა წელიწადში სრულად სამუშაოდ... ამ სამ წელიწადში ავაშენეთ სახლი, რომლის საძირკველიც კი ამოსაღები იყო და ყველაფერი თავიდან გასაკეთებელი. სამი სართულია, მესამე სართული მანსარდული ტიპისაა. დღემდე მიკვირს, რამ შეგვაძლებინა, მაგრამ მამაჩემის, ბიძაჩემის ოჯახები, მამიდა გავერთიანდით. ბაბუას დანატოვრის აღსადგენად ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანეთ... მამას ერთი ძმა დაღუპული ჰყავს, ერთი ძმა ჰყავს დარჩენილი და ერთი და ემიგრანტია. მამამ, ბიძამ და მამიდამ მიიღეს წამყვანი როლი ფინანსურად, ახალგაზრდები - მე, ჩემი და, ჩემი ორი ბიძაშვილი ყველაფრის ორგანიზებაში ვიყავით ჩართული... ახალგაზრდებს ძალიან დიდი მოტივაცია გვქონდა, რომ შევძლებდით და ბოლომდე მივიყვანდით, როცა უფროსები ზოგჯერ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი...

- მეზობლები გყავთ?

- დიახ... ხალდეში თორნიკე გასვიანმა აღადგინა თავის სახლი. ჯოხაძეები იყო ერთადერთი ოჯახი, რომლებიც მეორე გადასახლების შემდეგაც კი სახლს პირვანდელ სახეს უნარჩუნებდნენ... ამჯერად ხალდეში ოთხი სახლია, სადაც ზაფხულობით ჩავდივართ. ოთხიდან სამი გასვიანების ოჯახია, ერთი ჯოხაძეების.

- თქვენი სახლი საოჯახო სასტუმროც იქნება?

- დიახ, წელს უკვე სასტარტო რეჟიმი გვქონდა, რამდენიმე ტურისტი გვყავდა... მომავალ წელს უფრო მეტი გეგმები გვაქვს. სამწუხაროდ მხოლოდ ოთხი თვეა სეზონი, წლის დანარჩენ დროს სოფელი მიუწვდომელია. არადა იმდენად თვალწარმტაცია, უშგულელებმა გვითხრეს, ჩვენი სოფელი ხომ ულამაზესია, მაგრამ ხალდე იმდენად საოცარია, სანახავად გადმოვდივართო... ხალდე ის ადგილია, სადაც სიჩუმის ხმას გაიგებ. უნდა დატკბე და ამ სიჩუმით ისიამოვნო! ხეობიდან მდინარის ხმა ისმის, ზღაპრული გარემოა.

- ტურისტები ამ სოფლის დიდ წარსულს, ისტორიას ეცნობიან?

- სოფელში ბანერია, სადაც სამ ენაზეა ამონარიდი სოფლის შესახებ... ჩვენ სახლთან ერთად პროექტი გვქონდა კოშკის შესახებ შეტანილი. გვსურდა ხალდეში პირველი კოშკი აგვეშენებინა... ისტორიული წყაროების მიხედვით, ცნობილია, რომ ხალდეში ადრე 11 კოშკი ყოფილა. ამჟამად კვალიც აღარსად ეტყობა სადაც იდგა, რადგან სოფელი მეორედ გაშენებულია და მეორე გაშენებაც დანგრეულია.

- თქვენს შვილებს რამდენად უყვართ სვანეთი, ხალდე...

- ჩემი მეუღლე მთიულია, მაგრამ დედამთილი სვანია და ასე რომ ბავშვები მამის მხრიდანაც ნახევრად სვანები არიან. ჯერ პატარები არიან, შარშან მყავდა პირველად სვანეთში, უსაზღვროდ შეუყვარდათ. წელს ხალდეში პირველი საზაფხულო არდადეგები ჰქონდათ, მთელი ივლისის თვე იქ გაატარეს. ვინაიდან სოფელში ძალიან ბევრი ტურისტები გადიოდნენ, ინგლისურში ერთგვარი პრაქტიკაც ჰქონდათ. უცხოელებთან მუდმივი კომუნიკაცია, ზოგჯერ თარჯიმნობაც უწევდათ. ერთი სული აქვთ ისევ როდის წავლენ, არაჩვეულებრივი დრო გაატარეს...

- მშობლები ახლაც იქ არიან...

- ჯერ კიდევ ხალდეში რჩებიან ოქტომბრამდე... ასე აღმოვჩნდით ოცნებიდან რეალობაში და ხალდეში არათუ ღამის გასათევი პატარა ქოხი, დღეს დიდი სახლი გვაქვს. გვენატრებოდა, იქ რომ ავიდოდით, ღამის გასათევად უკან წამოსასვლელი არ გავმხდარიყავით... ტურისტებს ძალიან უკვირთ ამ სოფელში რომ ამოდიან და სახლი სველი წერტილებით, ყველანაირი კომფორტით ხვდებათ... ახლა კოშკზე არის ჩვენი ფიქრები შეჩერებული, რადგან ჩემი ძმა ყველაზე მეტად ოცნებობდა, ხალდეში კოშკი აგვეშენებინა. თან მამაჩემი რომ მშენებელია, პირდაპირი მესიჯი იყო ჩემი ძმისგან, რომ მამას ხელით უნდა აშენებულიყო... რა თქმა უნდა ურთულესია, აშენება კი არა, რეაბილიტაციაც ყველა წესის დაცვით უნდა მოხდეს. იმ მასალით უნდა აშენდეს, რისი ნანგრევებიც იქნება დარჩენილი.