ავტორი:

"იომ ქიფურის ომიდან 50 წლისთავზე ხდება ისრაელზე თავდასხმა, ამჯერად მოუმზადებლები დახვდნენ იერიშს... ეს ყველაფერი დიდი დაპირისპირების წინაპირობაა" - მსოფლიო ახალი ომის საფრთხის წინაშე?

"იომ ქიფურის ომიდან 50 წლისთავზე ხდება ისრაელზე თავდასხმა, ამჯერად მოუმზადებლები დახვდნენ იერიშს... ეს ყველაფერი დიდი დაპირისპირების წინაპირობაა" - მსოფლიო ახალი ომის საფრთხის წინაშე?

დღეს, გამთენიისას ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით "ჰამასმა“ რაკეტები გაუშვა და განაცხადა, რომ ახალი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით "ალ-აქსას ქარიშხალი" დაიწყეს.

ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მათ შორის თელ-ავივში, ბენ გურიონის აეროპორტი დაკეტილია, საჰაერო თავდასხმის სირენები ისმის ისრაელის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, ქვეყნის აეროპორტებში პანიკაა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ჰამასმა ომი გამოუცხადა ქვეყანას. ამის საპასუხოდ, ჰამასის სარდლობამ ისრაელი დაადანაშაულა ესკალაციასა და „ალ-აქსას მეჩეთის შეურაცხყოფაში.“

  • "ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს" - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადბს, რომლის კომენტარსაც ისრაელის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო თავდასხმით და ღაზას სექტორის საზღვართან მდებარე ქალაქებში შეჭრით "მძიმე შეცდომა" დაუშვა.

გიორგი კობერიძე, GIPA-ს პროფესორი ისრაელში განვითარებულ მოვლენებზე:

"გამთენიას ღაზას სექტორში ბაზირებულმა ტერორისტული ორგანიზაცია “ჰამასის” წევრებმა ისრაელის ქალაქებზე რამდენიმე მიმართულებიანი, სინქრონიზებული თავდასხმა დაიწყეს. რაკეტები იქნა გაშვებული როგორც იერუსალიმის, ისე აშდოდის და სხვა დიდი, თუ პატარა დასახლებების მიმართულებით. მუშაობს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები. ჰამასის სამხედროებმა ზღვიდანაც კი სცადეს ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევა. მძიმე სიტუაციაა დასახლება სდეროტის მიმართულებით. ქალაქში ჰამასის სამხედროები გამოჩნდნენ, რომლებიც ცდილობენ მძევლების აყვანასა და სამხედრო-პოლიციური ტექნიკის განადგურებას. როგორც ჩანს, პატარ-პატარა ჯგუფებით „ჰამასის“ დაჯგუფების წევრები ქალაქებში შეღწევასა და გაფანტვას ცდილობენ.

აშკარაა, რომ ღაზას სექტორის მიმართულებით ახალი, ამჯერად დიდმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყება. აღსანიშნავია ისიც, რომ ისრაელს ახსოვს წლობით გაგრძელებული პირველი და მეორე ინტიფადა, რა დროსაც ებრაული ქალაქების მოსახლეობა პერიოდული თავდასხმის მსხვერპლი იყო. ახლა შესაძლოა სწორედ ამ ყველაფრის დასაწყისს ვადევნებდეთ თვალს. ამასთან, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისრაელს მის ისტორიაში ყველაზე მემარჯვენე და რელიგიური მთავრობა ჰყავს. ეს კი მათი მხრიდან საბრძოლო მოქმედებებისადმი მზაობას ზრდის. ჯერ არ არის ცნობილი, რა სიტუაცია იქნება დასავლეთ სანაპიროს მიმართულებით, იერუსალიმის ირგვლივ, იქ მყოფი პალესტინელები შეუერთდებიან თუ არა ჰამასს თავდასხმებში, არ არის ცნობილი. ღაზას სექტორის მომიჯნავედ 21 წერტილიდან კოორდინირებულად უტევს ჰამასი ისრაელის ტერიტორიას. ტერორისტულმა ძალებმა მოახერხეს და რამდენიმე ებრაული სამხედრო ინფრასტრუქტურა დაიკავეს.

ვარაუდობენ რომ არიან გატაცებულები და ტყვეები. ქალაქები ინტენსიური დაბომბვის ქვეშაა. არის დიდი რაოდენობით დაჭრილი და დაშავებული. ღაზას სექტორის მოსაზღვრე ქალაქებში ჰამასის წევრები თავს ესხმიან როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო სამიზნეებს. ისრაელი 13:00 საათზე სამთავრობო-სამხედრო საბჭოს შეკრებას გეგმავს. არაა გამორიცხული გამოცხადდეს მობილიზაცია. უკვე გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ასეთი მასშტაბური იერიშის და, რაც მთავარია, კოორდინირების უკან შეიძლება ირანი იდგეს.

შეგახსენებთ, რომ იომ ქიფურის ომიდან ზუსტად 50 წლისთავზე ხდება ისრაელზე დღევანდელი თავდასხმა. მაშინაც, 1973 წლის ოქტომბერში ისრაელს რამდენიმე მხრიდან დაესხნენ თავს. რადგან იომ ქიფურის დღესასწაულზე ხალხი სახლში იყო და წინა ომებიდან გამომდინარე, თავდაჯერებაც მაღალი გახლდათ, ისრაელი მოუმზადებლად დახვდა ამ იერიშს. ახლაც ეს სიტუაციაა, ჯერჯერობით. ისრაელისათვის ნათელია, რომ პირველი ომი, რომელსაც ისრაელი წააგებს იქნება ბოლო ომი, რომელსაც ისრაელი იომებს, რადგან მის წინაშე ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგა და დგას. სავარაუდოა, რომ მალე ისრაელი კონტრღონისძიებებს გაატარებს. მაგრამ ამ ეტაპზე ინიციატივა კვლავ ჰამასის ხელშია. ებრაული საგუშაგოების ნაწილი აღებული და აფეთქებულია. პალესტინელები ოვაციებით ხვდებიან "ჰამასის" წევრებს. ეს ყველაფერი დიდი დაპირისპირების წინაპირობაა“, - ამბობს გიორგი კობერიძე.

"რონდელის ფონდის“ მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი:

რაც ამ მომენტისთვის ცნობილია ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის საკითხზე:

- “ჰამასის” თავდასხმა უპრეცედენტოა თავისიმასშტაბით და ცხადია, რომ იგი ამას მარტო ვერ დააორგანიზებდა;

- თავდასხმა საკმაოდ მოულოდნელი იყო ისრაელისთვის (დაზვერვის ჩავარდნას გავს);

- ისრაელზე განხორციელდა როგორც სახმელეთო, ისე - საჰაერო შეტევა (ფოტოზე “ჰამასის” თავდასხმის შედეგად დამწვარი ისრაელის ტანკია დაფიქსირებული);

- თავდასხმას მოჰყვა დიდი მსხვერპლი (ათობით ან შესაძლოა ასობით) როგორც ისრაელის სამხედროებში, ისე - მშვიდობიან მოსახლეობაში;

- “ჰამასმა” ხელში ჩაიგდო ისრაელის მინიმუმ 1 სამხედრო ბაზა, ასევე თვითმფრინავები და ბრონირებული ტექნიკა;- ისრაელმა ღაზას სექტორის სიახლოვეს მდებარე ზოგიერთ დასახლებაზე დაკარგა კონტროლი;

- დაახლოებით 35 ისრაელის ჯარისკაცი აიყვანეს ტყვედ;

- ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტაა გაშვებული;

- საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორის დაბომბვა დაიწყო;

- მოსალოდნელია, ისრაელის პასუხი ძალიან მკაცრი იქნება და დაუსჯელს არ დატოვებს “ჰამასის” თავდასხმას;

- ამ ეტაპზე მთავარი კითხვაა, რა მასშტაბის იქნება ეს პასუხი და მთლიანად კონფლიქტი (ანუ გასცდება თუ არა იგი ისრაელ-პალესტინას).განახლებულ ინფორმაციას მომავალშიც შემოგთავაზებთ.

წაიკითეთ ასევე: