ავტორი:

"ებრაელო მეგობრებო, სოლიდარობას გიცხადებთ! ვგმობთ სასტიკ ძალადობას" - როგორ ეხმაურებიან ქართველი პოლიტიკოსები ისრაელის მოვლენებს?

"ებრაელო მეგობრებო, სოლიდარობას გიცხადებთ! ვგმობთ სასტიკ ძალადობას" - როგორ ეხმაურებიან ქართველი პოლიტიკოსები ისრაელის მოვლენებს?

ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.

მთავრობის მეთაური თანაგრძნობას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

"ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, სიცოცხლის ხელყოფასა და უამრავი ადამიანისთვის სერიოზული დაზიანებების მიყენებას. გულითადად თანავუგრძნობ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს, ხოლო ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ განცხადებაში.

ისრაელში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ტერორსა და არაადამიანობას თანამედროვე სამყაროში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

"ღრმად ვარ შეშფოთებული ისრაელში ვითარების უკანასკნელი ესკალაციითა და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დანაკარგით. საქართველო სრულად სოლიდარულია ისრაელის მიმართ ამ რთულ მომენტში. ტერორსა და არაადამიანობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი თანამედროვე სამყაროში“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე ებრაელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე .

"ჩემო ებრაელო მეგობრებო, სოლიდარობას გიცხადებთ! ვგმობთ იმ სასტიკ ძალადობას, რაც მშვიდობიან მოსახლეობას დაატყდა თავს. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მთელს ისრაელს! მშვიდობა გქონოდეთ!“ - აღნიშნავს კახა კალაძე.