ავტორი:

"ცეცხლი პალესტინელებმა წვეულებაზე მყოფ ხალხსაც კი გაუხსნეს" - ბოლო ცნობები ისრაელიდან: როგორია დაღუპულთ რაოდენობა ორივე მხარეს

"ცეცხლი პალესტინელებმა წვეულებაზე მყოფ ხალხსაც კი გაუხსნეს" - ბოლო ცნობები ისრაელიდან: როგორია დაღუპულთ რაოდენობა ორივე მხარეს

ღაზას სექტორში განხორციელებული საჰაერო შეტევის შედეგად გარდაცვლილ პალესტინელთა რიცხვი 198-მდე გაიზარდა, დაშავებულია 1000-ზე მეტი.

ისრაელის ადგილობრივი სამაშველო სამსახურები კი ადგილობრივ მედიას ატყობინებენ, რომ ღაზადან ნასროლი რაკეტების აფეთქების შედეგად, 40 ადამიანია დაღუპული.

  • BBC-ის რეპორტიორი ღაზას სექტორში, რუშდი აბუალუფი იტყობინება, რომ აფეთქებები კვლავ გრძელდება და დასძენს, რომ ღაზაში ხალხი ისრაელის ხელისუფლებისგან მნიშვნელოვან ესკალაციას ელის.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სრული მხარდაჭერა გამოთქვა.

ისრაელის ადგილობრივი მედიასაშუალებები აგრეთვე ავრცელებენ ინფორმაციას, რომ პალესტინელმა სამხედროებმა ქალაქ ოფაკიმში, ღია წვეულებაზე მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გარბის ხალხი სროლის ფონზე.

  • წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა კონფლიქტში ჩართულ მხარეებს მოუწოდა, პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებებს და უზრუნველყონ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჯანდაცვის მუშაკების დაცვა. კომიტეტის წევრმა, ფაბრიციო კარბონიმ ადრეული ცნობები და სურათები აღწერა, როგორც "სრულიად შემზარავი" და თქვა, რომ "თუ თავდასხმები გაგრძელდება, მაშინ ორივე მხარის მშვიდობიანი მოსახლეობა უსაშველოდ დაზარალდება".

  • ბოლო ინფორმაციით, ჰამასმა ათობით მძევალი აიყვანა, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირები. ზოგიერთი მათგანი ღაზას სექტორის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქშია ჩარჩენილი, ზოგი კი ღაზაში დააბრუნეს.

ისრაელის არმიამ ახლახანს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისმა საზღვაო ძალებმა ათობით პალესტინელი მილიტარისტი მოკლეს, რომლებიც წყლით ცდილობდნენ ქვეყანაში შესვლას.

პარალელურად, ჰამასის პოლიტიკური ბიუროს უფროსის მოადგილე, სალეჰ ალ-არური ამტკიცებს, რომ მათ ისრაელის არმიის "უფროსი ოფიცრები" დაიჭირეს. მან "ალ ჯაზირას" არაბულ არხს განუცხადა, რომ "ის, რაც ჩვენს ხელშია, ისრაელში ყველა პატიმარს გაათავისუფლებს", რაც აშკარად მიანიშნებს ისრაელის ციხეებში მყოფ პალესტინელებზე.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა